Thumbnail

ქართული სენსაცია ჩემპიონთა ლიგაში - ლანჩხუთმა ჭყონიას დუბლით მოიგო

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • ოკჟეტპესი (ყაზახეთი) 1:2 ლანჩხუთი (საქართველო)
  • ქართული კლუბი ქალთა ჩემპიონთა ლიგის მე-2 საკვალიფიკაციო რაუნდში გავიდა

ქალთა საფეხბურთო კლუბმა ლანჩხუთმა მცირე სენსაცია მოახდინა და ჩემპიონთა ლიგის 2020-21 წლების პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ყაზახურ ოკჟეტპესს დამატებით დროში 2:1 სძლია.

კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული ახალი რეგულაციების თანახმად, აღნიშნულ ეტაპზე გამარჯვებული ერთმატჩიან დუელში ირკვეოდა. შეხვედრა შიმკენტში გაიმართა და ფავორიტად ყაზახი ფეხბურთელები ითვლებოდნენ, თუმცა, გიორგი ჩხაიძის შეგირდებმა თამაშის სათავისოდ დასრულება მოახერხეს.

აღსანიშნავია, რომ მატჩში ანგარიში ყაზახმა ბიბიგულ ნურუშაევამ უკვე მე-5 წუთზე გახსნა და პირველ ტაიმში მასპინძლების უპირატესობა თვალსაჩინო იყო, შესვენების შემდეგ კი, უკეთ სტუმრები ათამაშდნენ.

ქართველი ფეხბურთელები შიმკენტის სტადიონზე მატჩისწინა ვარჯიშისას

ამან შედეგი 62-ე წუთზე გამოიღო, როდესაც ხატია ჭყონიამ ირინა ხაბურძანიას პასით გაიტანა. თამაშის ძირითადი დრო ფრედ დასრულდა, დამატებით დროში კი აღნიშნულმა დუეტმა თავი კიდევ ერთხელ გამოიჩინა: 95-ე წუთზე ჭყონია ხაბურძანიას კუთხურს გამოეხმაურა და გამარჯვების მომტანი გოლი შეაგდო – 1:2. ცნობისთვის, ეს ის ჭყონიაა, რომელმაც საქართველოს ქალთა ლიგის მატჩში ზარზმას 15 გოლი გაუტანა, ახლა კი, ლანჩხუთელებს ევროპულ ასპარეზზეც წარმატება მოუტანა.

ამ გამარჯვებით ქალთა საფეხბურთო კლუბი ლანჩხუთი ქართული ფეხბურთის ისტორიაში გახდა პირველი გუნდი, რომელმაც უეფას საკლუბო ტურნირის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის საგზური მოიპოვა. ამ რაუნდის წილისყრაც 6 ნოემბერს ჩატარდება, თამაშები კი 18-19 ნოემბერსაა დაგეგმილი. ეს ეტაპიც ერთრაუნდიანი იქნება და ტურნირში უკვე ევროპული გრანდებიც ჩაებმებიან: ლიონი, ვოლფსბურგი, ბარსელონა, პსჟ, ბაიერნი, მანჩესტერ სიტი, ჩელსი, ატლეტიკო, ფიორენტინა, აიაქსი, იუვენტუსი, პსვ და სხვები.

ვთქვათ ისიც, რომ ლანჩხუთი საქართველოს ჩემპიონი 2019 წელს გახდა. ლანჩხუთელებმა 18 შეხვედრაში 51 ქულა დააგროვეს და უშუალო კონკურენტ თბილისის ნიკეს ურთიერთშეხვედრების ხარჯზე აჯობეს. 2020 წლის ქალთა ლიგის გათამაშება კი, ლანჩხუთმა 34 ქულით მეორე ადგილზე დაასრულა.

კომენტარები

ბოლო ამბები