Thumbnail
  • უეფაში ევროპის ჩემპიონატის ფორმატის შეცვლაზე კორონავირუსის გამო ფიქრობენ
  • ამ მოულოდნელ ინფორმაციას ფრანგული Le Parisien ავრცელებს

უეფაში სერიოზულად განიხილავენ ვარიანტს, რომ ევრო 2020-ის მატჩები სრულად რუსეთის ქალაქებში ჩატარდეს. ამ მოულოდნელ ინფორმაციას ფრანგული Le Parisien ავრცელებს.

უეფა ტურნირის თავდაპირველ ფორმატში ცვლილებების შეტანას მსოფლიოს მოდებული კორონავირუსის გამო გეგმავს. აქამდე ცნობილი იყო, რომ მომდევნო ევროპის ჩემპიონატის თამაშები ამსტერდამში (ნიდერლანდები), ბაქოში (აზერბაიჯანი), ბილბაოში (ესპანეთი), ბუქარესტში (რუმინეთი), ბუდაპეშტში (უნგრეთი), კოპენჰაგენში (დანია), დუბლინში (ირლანდია), გლაზგოში (შოტლანდია), ლონდონში (ინგლისი), მიუნხენში (გერმანია), რომსა (იტალია) და სანკტ-პეტერბურგში (რუსეთი) უნდა ჩატარებულიყო, თუმცა, პანდემიამ ყველაფერი არია.

აღნიშნულის გათვალისწინებით, უეფაში თვლიან, რომ რუსეთი იდეალური ვარიანტია, რადგანაც ქვეყანამ 2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონატს უმასპინძლა და ინფრასტრუქტურა დიდი ფორუმების სამასპინძლოდ სრულ მზადყოფნაშია.

ცხადია, ოფიციალურ განცხადებამდე ჯერ შორია, თუმცა, ფაქტობრივად გადაწყვეტილია, რომ ხსენებულ 12 ქვეყანას გამოაკლდება აზერბაიჯანი. ამ შემთხვევაში საქმეში შეიარაღებული კონფლიქტიც ფიგურირებს. მოგეხსენებათ, აზერბაიჯანი და სომხეთი მთიან ყარაბახში ომში არიან ჩართულნი, ეს კი, ნაკრებების ბაქოში ჩასვლას უსაფრთხოს არ ხდის.

ევრო 2020 გაისად 11 ივნისიდან 11 ივლისის ჩათვლით ჩატარდება და იქ თამაშის შანსი საქართველოს ნაკრებსაც აქვს, რომელსაც 12 ნოემბერს პლეი ოფის ფინალური მატჩი ელის ჩრდილოეთ მაკედონიასთან.

აღნიშნული წყვილის გამარჯვებული C ჯგუფში მოხვდება, სადაც მეტოქეებად ნიდერლანდები, უკრაინა და ავსტრია ეყოლება. ამ ჯგუფის თამაშები წესით ბუქარესტსა და ამსტერდამში უნდა ჩატარდეს, თუმცა, შესაძლოა, უეფას გადაწყვეტილებამ ყველაფერი თავდაყირა დააყენოს.

კომენტარები

ბოლო ამბები