Thumbnail
  • თბილისში მსოფლიოს 43-ე საჭადრაკო ოლიმპიადის პრეზენტაცია გაიმართა
  • ოლიმპიადა 23 სექტემბერს დაიწყება და 6 ოქტომბრის ჩათვლით გაგრძელდება
  • საქართველოში 189 ქვეყნიდან 4 000-მდე სტუმარი ჩამოვა

სასტუმრო ბალტიმორის კონგრეს-ჰოლში მსოფლიოს 43-ე საჭადრაკო ოლიმპიადის, ბათუმი 2018-ის პრეზენტაცია გაიმართა. 

23 სექტემბრიდან 6 ოქტომბრის ჩათვლით, ბათუმი საჭადრაკო მსოფლიოს ყურადღების ცენტრში მოექცევა. ოლიმპიადის ფარგლებში, საქართველოში მსოფლიოს 189 ქვეყნიდან 4 000-მდე სტუმარი ჩამოვა.  

ღონისძიებას საპატიო სტუმრის სტატუსით დაესწრო საჭადრაკო ოლიმპიადის კეთილი ნების ელჩი, მსოფლიოს ჩემპიონი სწრაფ ჭადრაკში ვიშვანათან ანანდი. საგანგებოდ პრეზენტაციისთვის თბილისს ეწვია ფიდეს პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი გეორგიოს მაკროპულოსი. 

ღონისძიებას ესწრებოდნენ სამთავრობო სტრუქტურებისა და საქართველოში აკრედიტირებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, სახელოვანი მოჭადრაკეები, ვეტერანი სპორტსმენები, კულტურისა და ბიზნესსფეროს წარმომადგენლები.

მსოფლიოს 43-ე საჭადრაკო ოლიმპიადა საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ წარადგინა და სტუმრებს სიტყვით მიმართა:

„ჩემთვის დიდი პატივია მოგესალმოთ დღევანდელ დღეს შეკრებილ მსოფლიო საჭადრაკო საზოგადოებას. რა თქმა უნდა, განსაკუთრებით მახარებს ის ფაქტი, რომ საქართველო წელს კიდევ ერთხელ მოექცევა მთელი მსოფლიოს ყურადღების ცენტრში.  

ეს გახლავთ ჩვენი ქვეყნის და საქართველოს უმდიდრესი საჭადრაკო ტრადიციების, ქართველი მოჭადრაკეების უდიდესი გამარჯვებების დაფასება და დიდი პატივისცემა, რასაც განსაკუთრებულად მივესალმებით და მადლობას ვუხდით FIDE-ს (ჭადრაკის საერთაშორისო ფედერაცია) და ზოგადად, მსოფლიო საჭადრაკო სამყაროს, საქართველოს მიმართ გამოხატული ასეთი მაღალი ნდობისთვის. 

აღსანიშნავია საქართველოს მთავრობის განსაკუთრებული მხარდაჭერა სპორტის და კერძოდ ჭადრაკის მიმართ. ჩვენ ყველანი ვერთიანდებით და ძალისხმევას არ ვიშურებთ იმისთვის, რომ საქართველომ უმაღლეს დონეზე უმასპინძლოს მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადას და ჩვენი ქვეყანა კიდევ ერთხელ წარმოჩინდეს მთელი მსოფლიო წინაშე საუკეთესო კუთხით".

კომენტარები

ბოლო ამბები