Thumbnail
  • ვაჟთა ნაკრებს კვოტა მაქსიმალურად აქვს ათვისებული
  • განაცხადში გაორებულია 81 და 90 კგ-მდე წონები

ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის ვებ-გვერდზე საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა გამოქვეყნდა, რომელიც 19-21 ნოემბერს ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაში დაგეგმილ ევროპის ჩემპიონატზე იასპარეზებს.

ირკვევა, რომ ვაჟთა ტურნირში მონაწილეობას ლუხუმ ჩხვიმიანი (60 კგ.), ვაჟა მარგველაშვილი (66), ლუკა მაისურაძე, ტატო გრიგალაშვილი (ორივე – 81), ბექა ღვინიაშვილი, ლაშა ბექაური (ორივე – 90), ვარლამ ლიპარტელიანი (100), გურამ თუშიშვილი (+100) და ლევან მატიაშვილი (+100) მიიღებენ.

აღსანიშნავია, რომ ვაჟთა ნაკრებს კუთვნილი კვოტა მაქსიმალურად აქვს ათვისებული. თავდაპირველ შემადგენლობაში 73 კგ-მდე წონითი კატეგორიის წარმომადგენელი ალეკო მამიაშვილიც ფიგურირებდა, თუმცა, ის განაცხადიდან ამოიღეს და ამდენად, აღნიშნულ წონაში საქართველოს წარმომადგენელი არ ეყოლება. სამაგიეროდ, გაორებულია 81 და 90 კგ-მდე წონითი კატეგორიები.

განაცხადი აქვს გაკეთებული საქართველოს ქალთა ნაკრებსაც, თუმცა, იქ შეკრებაზე კორონავირუსის შემთხვევები დაფიქსირდა და ფაქტობრივად გადაწყვეტილია, რომ გუნდი ევროპის ჩემპიონატზე ვერ წავა. ისე კი, სიაში შემდეგი 5 ძიუდოისტია: ტატიანა ლევიცკა-შუკვანი, მარიამ ჯანაშვილი (ორივე – 52 კგ.), ეთერ ლიპარტელიანი (57 კგ.), მარიამ ჭანტურია (70 კგ.) და სოფიო სომხიშვილი (+78).

შეგახსენებთ, რომ შარშან ევროპის ჩემპიონატის სტატუსი ევროპის მე-2 თამაშებს ჰქონდა ბელარუსის დედაქალაქ მინსკში, სადაც ჩემპიონები ლუხუმ ჩხვიმიანი და გურამ თუშიშვილი გახდნენ, ვარლამ ლიპარტელიანი მე-2 ადგილზე გავიდა, ამირან პაპინაშვილმა, ბაგრატ ნინიაშვილმა, ვაჟა მარგველაშვილმა და ლუკა მაისურაძემ კი ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს.

კომენტარები

ბოლო ამბები