Thumbnail

PREVIEW | კარგი მეგობრების დუელი ტურის მთავარ თამაშში - ორივეს პრობლემები აქვს

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე

უეფას ჩემპიონთა ლიგის მე-3 ტურში ყველაზე დიდ ინტერესს B ჯგუფში, მადრიდის რეალისა და მილანის ინტერის დაპირისპირება იწვევს. 21-ე საუკუნეში ამ გუნდების გზები პირველად გადაიკვეთა, მაგრამ მე-20 საუკუნეში რეალისა და ინტერის დუელები ყოველთვის გამორჩეული იყო.

მიმდინარე სეზონი ორივე გუნდისთვის არასტაბილურად დაიწყო - განსაკუთრებით ჩემპიონთა ლიგაშიმ სადაც ორი ტურის შემდეგ, ორივე გუნდის მოგებათ გრაფაში 0 წერია. რეალმა შინ შახტართან წააგო (2:3), ხოლო შემდეგ გლადბახთან 0:2 მარცხდებოდა და ბოლო 5 წუთში 1 ქულა გადაარჩინა (2:2).

ინტერი იმავე გლადბახთან საკუთარ მოედანზე წაგებას ასევე ბოლო წუთზე გადაურჩა (2:2), მე-2 ტურში კი შახტარს სტუმრად დაუზავდა (0:0). შესაბამისად, ამ თამაშში დამარცხებული გუნდი ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფში მოხვედრის შანსს ძალიან შეიმცირებს.

"სამეფო გუნდი" და "ნერაძური" ვერც შიდა ასპარეზზე ბრწყინავენ, თუმცა აქ რეალის მდგომარეობა უკეთესია. ზიზუს გუნდმა ლა ლიგაში ბოლო ორი თამაში დამაჯერებლად მოიგო. თანაც, ‘ელ კლასიკო’, შემდეგ უესკას 4:1 აჯობა და 392-დღიანი პაუზის შემდეგ ედენ აზარმა გოლიც გაიტანა. მოკლედ, ზიდანის გუნდი ბოლო დღეებში გამოფხიზლდა, ინტერში კი საკმაოდ რთული ვითარებაა - ბოლო 5 შეხვედრიდან ერთადერთხელ მოიგო. შაბათს, ანტონიო კონტეს გუნდი შინ პარმასთან ორბურთიანი სხვაობით აგებდა და საბოლოოდ ქულა მაინც მოიპოვა. თუმცა, სერია A-ში არადამაჯერებელი სტარტი აქვს - 11 ქულა 6 მატჩში. კონტეს პრობლემები აქვს ფეხბურთელებთანაც, მაგალითად, კრისტიან ერიკსენთან, რომელიც ძალიან უკმაყოფილოა და ამას არც მალავს. დანიელი სავარაუდოდ, გუნდს ზამთარში დატოვებს.

ანტონიო კონტე V ზინედინ ზიდანი - ეს ცალკე ინტრიგაა. დიდი ხნის ნაცნობები და კარგი მეგობრები. კონტე და ზიდანი 1996-2001 წლებში იუვენტუსში თანაგუნდელები იყვნენ და რა თქმა უნდა, ერთმანეთს ძალიან კარგად იცნობენ. ერთად თამაშის პერიოდში ორივე მათგანს ისეთი მწვრთნელები ავარჯიშებდნენ, როგორებიც მარჩელო ლიპი და კარლო ანჩელოტი არიან და ალბათ, მათგან ორივემ ბევრი ისწავლა. სამწვრთნელო ასპარეზზე ზიდანისა და კონტეს გზები პირველად იკვეთება. თუ არ ჩავთვლით 2013/14 წლების სეზონს, როდესაც კონტე იუვეს თავკაცობდა, ხოლო ზიდანი რეალში ანჩელოტის თანაშემწე იყო.

ზიდანი და კონტე იუვენტუსში 5 წელი ერთად თამაშობდნენ

გუნდებს არა მარტო სათამაშო ფორმის, არამედ საკადრო პრობლემებიც აქვთ. ინტერში სტეფანო სენსისა და მატიას ვესინოს თამაში გამორიცხულია. რაც მთავარია, ვერ ითამაშებს რომელუ ლუკაკუ, რომელიც იტალიელთათვის შეუცვლელი ფიგურაა. ბელგიელს კუნთი აწუხებს და ლაზარეთშია. კორონავირუსი დაამარცხა მილან შკრინიარმა და სლოვაკი გუნდს შეუერთდა, მაგრამ რამდენად არის სათამაშოდ მზად, ეს გასარკვევია. ალექსის სანჩესს ტრავმა ჰქონდა, მაგრამ ჩილელმა მატჩისწინა დღეს გუნდთან ერთად ივარჯიშა.

კრისტიან ერიქსენმა ინტერში დამკვიდრება ვერ მოახერხა

რეალი კი შეხვედრას მარჯვენა მცველის გარეშე ხვდება. ალვარო ოდრიოსოლა და დანი კარვახალი ტრავმირებულნი არიან, ისევე როგორც ნაჩო, მცირე დაზიანება აქვს ალვარო ვასკესსაც, რომელიც ამ პოზიციაზე თამაშობდა ბოლო დროს. მარჯვება მცველად თამაში ედერ მილიტაოსაც შეუძლია, მაგრამ გაირკვა, რომ ბრაზილიელს კორონავირუსი აქვს და ვერ ითამაშებს. ტესტის დანარჩენი პასუხები უარყოფითი გამოდგა. შექმნილ ვითარებაში ზიდანს მარჯვენა ფლანგზე ფერლან მენდის გამწესება მოუწევს. კარგი ამბავია ის, რომ დაბრუნდა ედენ აზარი, რომელმაც როგორც იქნა ლაზარეთი დატოვა და უესკასთან ბოლო შეხვედრაში ულამაზესი გოლიც გაიტანა.

რეალს ჩემპიონთა ლიგაზე ბოლო 4 თამაში არ მოუგია

როგორც უკვე გითხარით, რეალი V ინტერი მე-20 საუკუნეში გამორჩეული დაპირისპირება იყო. ბოლოს ისინი 1998-1999 წლების ჯგუფურ ეტაპზე შეხვდნენ, სადაც ორივე გუნდმა შინ მოიგო (რეალმა 2:0 და ინტერმა 3:1). 60-იან და 80-იან წლებში ამ გუნდების თამაში ნამდვილი კლასიკა გახლდათ. 1964 წელს ისინი ჩემპიონთა თასის ფინალშიც შეხვდნენ ერთმანეთს და ინტერმა 3:1 მოიგო. გარდა ამისა, ორჯერ ნახევარფინალში (1966 და 1981 წლებში) ერთხელ კი მეოთხედფინალში დაუპირისპირდნენ (1967 წელს) - ორჯერ რეალი გავიდა შემდეგ ეტაპზე, ერთხელ ინტერი. ეს მხოლოდ ჩემპიონთა თასზე, ხოლო ევროპა ლიგაზე 1985 და 1986 წლებში ზედიზედ ორჯერ უეფას თასის ნახევარფინალში შეხვდნენ, სადაც რეალმა ორჯერვე დრამატულად მოიგო (1985 წელს, 0:2, 3:0 და 1986 წელს 1:3, 5:1 დამატებით დროში). და ბოლოს, 1983 წელს თასების თასზე მეოთხედფინალში ორმატჩიანი დაპირისპირება ისევ მადრიდელებმა მოიგეს (1:1, 2:1).

საინტერესო ფაქტები

⚽ რეალს ინტერის წინააღმდეგ უეფას ტურნირებში შინ 7 მატჩიდან 6 მოგებული აქვს. მადრიდული გრანდი მილანურ გრანდს 1998 წლის სექტემბრის შემდეგ პირველად უმასპინძლებს, მაშინ კი 2:0 დაამარცხა. ეს იყო ინტერის პირველი თამაში ჩემპიონთა ლიგაზე (ჩემპიონთა თასის გამოკლებით).

⚽ უეფას ტურნირებზე ამ გუნდებს შორის ბოლო 10 მატჩიდან ყოველთვის მასპინძლები იგებდნენ, მხოლოდ ერთხელ დაფიქსირდა ფრე. ბოლოს ამ გუნდებს შორის სტუმარმა 1967 წელს მოიგო (2:0 რეალმა, მილანში).

⚽ კონკრეტულად ჩემპიონთა თასზე/ლიგაზე, რეალს მხოლოდ ლიონთან აქვს გამარჯვებების უფრო დაბალი პროცენტული მაჩვენებელი (30%), ვიდრე ინტერთან (33%), იმ მეტოქეებთან, რომელთაც მინიმუმ 5-ჯერ მაინც შეხვდა - "ნერაძურისთან" 3 მოგება 9 თამაშში.

ბოლოს ამ გუნდების მატჩის ბედი რობერტო ბაჯოს დუბლმა გადაწყვიტა

⚽ რეალმა იტალიური კლუბების წინააღმდეგ ჩემპიონთა ლიგაზე ბოლო 9 მატჩიდან 8 მოიგო. გამონაკლისია მხოლოდ იუვენტუსთან საშინაო წაგება 2018 წლის აპრილში (1:3).

⚽ უეფას ტურნირებში ინტერმა ესპანეთში 20 გასვლითი მატჩიდან 15 წააგო (3 მოგება, 2 ფრე). ჩემპიონთა ლიგაზე კი 10-დან 8 წააგო (1 მოგება, 1 ფრე).

⚽ მადრიდის რეალმა ჩემპიონთა ლიგაზე საწყისი ორი მატჩიდან გამარჯვების მოპოვება ზედიზედ მეორედ ვერ შეძლო, მაშინ, როდესაც მანამდე ზედიზედ 23 სეზონი ახერხებდა სასტარტო ორი თამაშიდან მინიმუმ ერთის მოგებას.

⚽ ამ სეზონში ინტერმა ორივე მატჩი ფრედ დაასრულა ჩემპიონთა ლიგაზე. ბოლოს, როდესაც ლომბარდიელებს ეს შედეგი ჰქონდათ, ჟოზე მოურინოს ხელმძღვანელობით ჩემპიონთა ლიგა მოიგეს (2009/10).

⚽ რეალს ჩემპიონთა ლიგაზე 4-მატჩიანი მოუგებელი სერია აქვს (1 ფრე, 3 წაგება), რაც 2006 წლის სექტემბრის შემდეგ ყველაზე ცუდი შედეგია. მაშინ "სამეფო გუნდს" 5 თამაში არ ჰქონდა ზედიზედ მოგებული.

⚽ გლადბახთან კარიმ ბენზემამ თავი გამოიჩინა და ფრანგს ჩემპიონთა ლიგაზე ზედიზედ 16 სეზონი გააქვს. იგივე შედეგით მხოლოდ რაიან გიგზი და ლიონელ მესი გამოირჩევიან.

⚽ ინტერის ნახევარმცველმა არტურო ვიდალმა ჩემპიონთა ლიგაზე რეალს ორ სხვა და სხვა გუნდში თამაშის დროს გაუტანა (იუვენტუსში და ბაიერნში). არცერთ მოთამაშეს რეალის კარში გოლი სამი სხვა და სხვა გუნდის მაისურით არ გაუტანია (ჩემპიონთა ლიგაზე).

⚽ რეალის ბოლო 4 მატჩში 2.5-ზე მეტი გოლიც გავიდა და ორივე გუნდმაც გაიტანა. უშუალოდ ჩემპიონთა ლიგაზე კი, მადრიდელთა უკანასკნელ 6 შეხვედრაში ორივე გუნდი იტანს და 2.5-ზე მეტი გოლიც გადის.

⚽ ინტერს ბოლო 5 მატჩში მხოლოდ 1 მოგება აქვს. ამ თამაშებში 3-ჯერ 2.5-ზე მეტი გოლი გავიდა და ასევე 3-ჯერ ორივემ გაიტანა. ჩემპიოთა ლიგაზე მილანელებს ბოლო 3 თამაში არ მოუგიათ, უკანასკნელ 6 შეხვედრიდან კი 4-ჯერ 2.5-ზე მეტი გოლი გავიდა და 4-ჯერ ორივე გუნდმა გაიტანა.

⚽ რეალი და ინტერი ერთმანეთს მე-16-ედ შეხვდებიან. იტალიელები მცირე უპირატესობას ფლობენ - 7 მოგება, 2 ფრე, 6 წაგება. კონკრეტულად ჩემპიონთა ლიგაზე 9 მატჩიდან 5 მოგება ინტერს, 1 ფრე და 3 წაგება.

⚽ მადრიდში 7-დან 6-ჯერ რეალმა მოიგო, მაგრამ მილანში არასდროს მოუგია. 'სან სიროზე' 7 მატჩიდან 5-ჯერ იტალიელებმა იმარჯვეს და 2-ჯერ ფრე დაფიქსირდა.

⚽ ამ გუნდების ბოლო 6 ურთიერთშეხვედრაში ფრე არ დაფიქსირებულა. ერთხელ გავიდა 2.5-ზე მეტი გოლი და ერთხელ გაიტანა ორივე გუნდმა.

სავარაუდო შემადგენლობები

რეალი (4-3-3): კურტუა - მენდი, ვარანი, რამოსი, მარსელო - ვალვერდე, კაზემირო, კროოსი - ასენსიო, ბენზემა, აზარი
ტრავმა ან კოვიდინფიცირებულები: ედეგორი, კარვახალი, ოდრიოსოლა, მარიანო დიასი, ნაჩო, მილიტაო

ინტერი (3-4-1-2): ჰანდანოვიჩი - დ’ამბროზიო, დე ვრეი, კოლაროვი - ჰაკიმი, ბროზოვიჩი, ვიდალი, იანგი - ბარელა - ლაუტარო მარტინესი, პერიშიჩი
ტრავმა: ვესინო, სენსი, ლუკაკუ

კომენტარები

ბოლო ამბები