Thumbnail

კახა ცხადაძე ორდაბასის დატოვებს - მიზეზი კლუბის დირექტორთან უთანხმოებაა

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • ყაზახური მედიის ინფორმაციით, ორდაბასი ქართველ მწვრთნელს დაემშვიდობება
  • ამის მიზეზი მწვრთნელსა და კლუბის ფინანსურ დირექტორს შორის უთანხმოებაა

შიმკენტის ორდაბასი 2020 წლის სეზონის ბოლოს მთავარი მწვრთნელის თანამდებობიდან კახა ცხადაძეს გაათავისუფლებს. ამის შესახებ Prosports.kz იუწყება. 

"კახაბერ ცხადაძეს უკვე არაფერი უშველის - ყაზახეთის ჩემპიონატში მეორე ადგილიც კი. გადაწყვეტილება მიღებულია და ის არ შეიცვლება. მიზეზი ფინანსურ დირექტორთან ბახტიარ ბაისეიტოვთან  უთანხმოებაა, რომელიც ფაქტობრივად, კლუბში მთავარი პირია", - წერს საიტი.

51 წლის ქართველი სპეციალისტის შესაძლო გაშვებაზე ხმებს წინ, ჩემპიონატის ბოლო ტურში ორდაბასის მარცხი უძღოდა - შინ ტობოლთან (0:3). მანამდე შიმკენტელებს თვენახევარი წაგება არ ჰქონდათ - 5 მოგება, 2 ფრე.

ორდაბასიდან ცხადაძის შესაძლო გაშვებაზე ყაზახური მედია პირველად არ წერს

ამ დროისთვის ცხადაძის გაწვრთნილ ორდაბასის ჩემპიონატის სატურნირო ცხრილში მესამე ადგილი უკავია. გუნდი მხოლოდ დამატებითი მაჩვენებლებით ჩამორჩება ასტანას და ერთი ქულით უსწრებს ტობოლს, რომელსაც თამაში რეზერვში აქვს. 

კახა ცხადაძე ორდაბასის 2018 წლის ივნისიდან წვრთნის. ქართველი სპეციალისტის ხელმძღვანელობით გუნდმა გასულ სეზონში მესამე ადგილი დაიკავა და ევროპალიგის საგზური მოიპოვა. ცხადაძეს ყაზახეთში ალმათის ქაირათშიც უმუშავია (2016-17 წლები), მანამდე კი ის საქართველოს ეროვნული ნაკრების თავკაცი იყო (2015-16).

კომენტარები

ბოლო ამბები