Thumbnail

ქართულმა გუნდმა Clan 13 ტურნირ Challenger Series-ის ფინალში მე-8 ადგილი დაიკავა

ნინო ბუ პროფილის ფოტო
ნინო ბუ
  • ტურნირის ნახევარფინალში სულ ოთხი ქართული გუნდი გავიდა
  • შესაძლოა, Clan 13-მა ჩემპიონატ PMCO (pubg mobile club opening)-ზე მიწვევა მიიღოს

ქართულმა გუნდმა Clan 13 ვიდეოთამაშ PUBH Mobile-ს ტურნირ Challenger Series-ის ფინალში მე-8 ადგილი დაიკავა. ტურნირის ნახევარფინალში სულ ოთხი ქართული გუნდი გავიდა: Clan 13, 300 Aragveli, Team Onyx და Union Power, თუმცა ფინალში მოხვედრა მხოლოდ Clan 13-მა მოახერხა. 

Challenger Series 3 ეტაპად მიმდინარეობდა და მასში მონაწილეობა 900-ზე მეტმა გუნდმა მიიღო პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან. აღსანიშნავია, რომ აქამდე, ქართული გუნდი ამ ტურნირის ნახევარფინალში და ფინალში არ გასულა.

Clan 13-მა ნახევარფინალი ჯგუფში მეორე ადგილზე დაასრულა. ფინალური მატჩები 31 ოქტომბერსა და 1 ნოემბერს გაიმართა. ფინალურ ეტაპზე სულ 12 თამაში ჩატარდა. პირველ დღეს ქართული გუნდი საპრიზო ადგილს ინარჩუნებდა, თუმცა, მეორე დღეს არ გაუმართლა და საბოლოოდ მე-8 პოზიციას დასჯერდა. გამარჯვება რუსულმა გუნდმა მოიპოვა სახელწოდებით Team Unique.

Clan 13-მა ნახევარფინალი ჯგუფში მეორე ადგილზე დაასრულა

Clan 13-ის შემადგენლობაში ოთო ბასილაძე, გიორგი იმერლიშვილი, გიორგი ნაცვლიშვილი, შოთა მექვაბიძე და რეზო აბესაძე თამაშობდნენ. პოპსპორტი გუნდის ლიდერს, შოთა მექვაბიძეს გაესაუბრა.

''როგორც ლიდერი, ძალიან ამაყი ვარ ამ შედეგით,'' - აღნიშნა შოთა მექვაბიძემ - ''ჯგუფურ ეტაპზე აღებული ტოპ 2 ადგილის და ფინალის საგზურის მოპოვების შემდეგ, ორგანიზატორებით დაწყებული მაყურებლებით და მოწინააღმდეგე გუნდებით დამთავრებული, ყველას აინტერესებდა თუ ვინ ვიყავით, საიდან ვიყავით, არასოდეს არ სმენოდათ ჩვენს შესახებ და ჩვენი შედეგით უამრავ ძალიან ძლიერ და ცნობილ გუნდებს ვაჯობეთ, ამიტომაც თავიდანვე ინტრიგა იყო, თუ ვინ იყვნენ 13-ები საქართველოდან.''

''ფინალური თამაშების შემდეგ, წამყვანებმა მადლობა გადაუხადეს საქართველოს და ქართველ მაყურებლებს, სწორედ ამას მივიჩვნევ ჩვენს გამარჯვებად და სწორედ ამიტომ ვარ ამაყი ჩემი გუნდით. ჩვენ გავაცანით საქართველოს სახელი და ვაჩვენეთ ჩვენი ძალა მთელ რეგიონს. რომ არა ხელისშემშლელი ფაქტორები, რაც გამოწვეულია იმით, რომ ჩვენ ჩვენი რესურსით ვაკეთებთ მაქსიმუმს, მოწინააღმდეგე თიმებისგან განსხვავებით, რომლებსაც ჰყავთ არაერთი სპონსორი და აქვთ ყველანაირი პირობა იმისათვის, რომ დადონ კარგი შედეგი, დარწმუნებული ვარ, ბევრად დიდ წარმატებას მივაღწევდით. მაგრამ ყველაფერი წინაა და კიდევ არაერთხელ გავიტანთ ჩვენი ქვეყნის სახელს საზღვრებს გარეთ.''

Challenger Series-ის ფინალში სულ 16 გუნდი მონაწილეობდა

მიუხედავად იმისა, რომ CIS Challenger Series-ზე ქართული გუნდი საპრიზო ადგილის გარეშე დარჩა, ეს მაინც მნიშვნელოვანი მიღწევაა: Clan 13-მა ტურნირების ორგანიზატორების ყურადღება მიიქცია და, შესაძლოა, ჩემპიონატ PMCO-ზე (pubg mobile club opening) მოწვევაც კი მიიღონ. PMCO ყოველწლიურად, გაზაფხულსა და შემოდგომაზე იმართება და ის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და ფართომასშტაბიანი ტურნირია PUBG Mobile-ში. ტურნირის საკვალიფიკაციო ეტაპზე გუნდები მთელი მსოფლიოდან იღებენ მონაწილეობას, ხოლო ფინალში 16 საუკეთესო გუნდი იბრძვის 1 მილიონი დოლარის საპრიზო ფონდისთვის.

Clan 13-ის ლიდერი განმარტებით, თუ გუნდი მოწვევას მიიღებს, მათ საკვალიფიკაციო ეტაპზე ბრძოლა აღარ მოუწევთ.

კომენტარები

ბოლო ამბები