Thumbnail
  • ინგლისელი არბიტრი ყურადღების ცენტრში ვესტ ჰემი-სტოკ სიტის მატჩშიც მოექცა
  • ამჯერად მაიკლის გადაწყვეტილებები საკამათო ნაკლებად იყო
  • ოლივერსა და მის ცოლს, რომელსაც იუვენტუსის ფანები მოკვლით ემუქრებიან, პოლიცია იცავს

ინგლისელი არბიტრი მაიკლ ოლივერი, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის ¼-ფინალის სკანდალურ მატჩში ჯანლუიჯი ბუფონი გააძევა და რეალის სასარგებლოდ იუვენტუსის კარში პენალტი დანიშნა, ყურადღების ცენტრში კვლავ მოექცა.

► საუკუნის ქურდობა | ექსპერტები, მედია და ქომაგი რეალი-იუვეს სკანდალურ მატჩზე

სულ ახლახან არბიტრმა ინგლისის პრემიერლიგის 34-ე ტურის შეხვედრა განსაჯა, რომელშიც ვესტ ჰემი და სტოკ სიტი დაზავდნენ - 1:1. საინტერესოა, რომ ოლივერმა ამ შეხვედრაში მასპინძლებს 3 გოლი არ ჩაუთვალა და 90-ე წუთზე ენდი კეროლს რომ არ ეყოჩაღა, ვესტ ჰემი აუტსაიდერთან სულაც დამარცხდებოდა. სტუმრები 79-ე წუთის შემდეგ პიტერ კრაუჩის გოლით იგებდნენ. 

თუმცა, რეალი-იუვენტუსის მატჩისგან განსხვავებით, პრემიერლიგის ამ შეხვედრაში მაიკლ ოლივერის გადაწყვეტილებების სამართლიანობის ეჭვქვეშ დაყენება ძნელია. 

55-ე წუთზე მარკო არნაუტოვიჩმა თამაშგარე მდგომარეობიდან თავით გაიტანა და ეს გვერდითმა მსაჯმა სწორად დააფიქსირა.

ავსტრიელი  66-ე წუთზეც თამაშგარე მდგომარეობაში იმყოფებოდა, როდესაც ედმილსონ ფერნანდეშის შორეული დარტყმის შემდეგ, ბურთი კარისკენ გაატარა.

რა თქმა უნდა, მსაჯმა არც ეს გოლი ჩათვალა და არც კომპენსირებულ დროში, ხავიერ ერნანდესის მიერ გატანილი, რადგან მანამდე ენდი კეროლმა ბურთის მიღებისას აშკარად ხელით ითამაშა. 

ოლივერს და მის ცოლს პოლიცია იცავს

სამართლიანია თუ უსამართლო, ფაქტია, მაიკლ ოლივერი რეალი-იუვენტუსის სკანდალურმა მატჩმა ზედმეტად პოპულარული გახადა და გარკველუწილად, ამან ინგლისელ არბიტრს ცხოვრებაც გაურთულა.

როგორც ირკვევა, მადრიდული თამაშის შემდეგ ოლივერსა და მის ცოლს - ლუსის, რომელიც ასევე საფეხბურთო არბიტრია, იტალიური კლუბის გულმოსული ფანატები ინტერნეტით არამხოლოდ შეურაცხყოფას აყენებენ, ფიზიკური განადგურებითაც ემუქრებიან.

ამჟამად ოჯახის უსაფრთხოებაზე ბრიტანული პოლიცია ზრუნავს. ამავდროულად, მუქარის ფაქტებზე დაწყებულია გამოძიება.

33 წლის მაიკლ ოლივერმა 2017/18 წლების პრემიერლიგის 27 მატჩში იმსაჯა. ჯამში მან ყვითელი ბარათი 96-ჯერ, წითელი კი 3-ჯერ გამოიყენა და დანიშნა 8 პენალტი.

კომენტარები

ბოლო ამბები