Thumbnail
  • 45 წლის ანდერსონ სილვას კარიერის დასრულებისკენ მოუწოდეს
  • ვეტერანი ბრაზილიელის გამხნევება კონორ მაკგრეგორმა სცადა

ლას ვეგასში UFC Fight Night 181-ის ეგიდით ჩატარებული შერეული ორთაბრძოლების ტურნირის მთავარ ბრძოლაში ლიგის ლეგენდარული ჩემპიონი ანდერსონ სილვა იურაი ჰოლს გაეჯიბრა და ტექნიკური ნოკაუტით წააგო. მე-4 რაუნდის მიმდინარეობისას 36 წლის იამაიკელმა მებრძოლმა დარტყმების სერია განახორციელა, რის შემდეგაც 45 წლის ბრაზილიელი ძირს აღმოჩნდა და მსაჯმაც ორთაბრძოლის ნაადრევად შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო.

აღნიშნულ შერკინებას UFC-ში დიდი გამოხმაურება მოჰყვა და მაგალითად, ორგანიზაციის ხელმძღვანელმა დანა უაითმა საერთოდ მისი ჩატარებაც კი შეცდომად მიიჩნია. ამასთან, უაითმა ბრაზილიელ ლეგენდას წარსული დამსახურებებისთვის მადლობა გადაუხადა.

“შეხედეთ სილვას. როდესაც ბრძოლა დასრულდა, მას ფეხზე წამოდგომა და ინტერვიუს მიცემაც არ შეეძლო. იჯდა და კითხვებს ისე პასუხობდა. დიდი შეცდომა დავუშვი, როდესაც მას ჩხუბის უფლება მივეცი. ის სპორტისა და ჩვენი კომპანიის ლეგენდაა და ამიტომაც ის გავაკეთე, რასაც იდეაში არ ვეთანხმებოდი. არადა, მართალი ვიყავი, რაც დღევანდელმა ბრძოლამ დაადასტურა. ანდერსონ სილვამ ამის მერე აღარასდროს უნდა იჩხუბოს”.

ამის საპირისპიროდ, ბრაზილიელს კარიერის გაგრძელებისკენ მოუწოდა UFC-ს ყოფილმა მსოფლიოს ჩემპიონმა კონორ მაკგრეგორმა.

“სამწუხაროა იმის ხილვა, რაც ამ საღამოს ვნახეთ, თუმცა, ხაზგასმით ვამბობ: გზის გაგრძელება აუცილებელია! ნამდვილი მებრძოლები არასდროს ნებდებიან, ამდენად, სილვას გარიყვა არ შეიძლება. უბრალოდ, მას სწორი მეტოქე უნდა შევურჩიოთ და მოძრაობა განვაგრძოთ. სწორი კონკურენცია ყველა დონისა და ასაკისთვის არსებობს. ის უნდა მოსძებნო და იმის კეთება განაგრძო, რაც გიყვარს! ყოველთვის!”.

მიუხედავად კონორის მოწოდებისა, მოსალოდნელია, რომ ანდერსონ სილვა კარიერის დასრულების შესახებ განცხადებას უახლოეს პერიოდში გააკეთებს. ბრაზილიელ ლეგენდას უკანასკნელი შერკინება 2019 წლის მაისში ჰქონდა ჩატარებული, იურაი ჰოლთან ორთაბრძოლას კი აშკარად მოუმზადებელი შეხვდა.

ანდერსონ სილვა V იურაი ჰოლი

კომენტარები

ბოლო ამბები