Thumbnail
  • ხვიჩა კვარაცხელიას მორიგი შთამბეჭდავი თამაში რუსეთის პრემიერლიგაში
  • 19 წლის ფეხბურთელი ჯენტლმენური საქციელითა და საგოლე პასით გამოირჩა
  • ქართველი ნახევარმცველი რუბინი-არსენალის მატჩის საუკეთესო მოთამაშე გახდა

რუსეთის პრემიერლიგაში მორიგი შთამბეჭდავი მატჩი ჩაატარა ხვიჩა კვარაცხელიამ. ყაზანის რუბინის 19 წლის ნახევარმცველმა ტულის არსენალთან გამართულ მე-13 ტურის შეხვედრაში, რომელიც მისმა გუნდმა ანგარიშით 3:1 მოიგო, საგოლე გადაცემა მიითვალა, თუმცა მანამდე "ისეთი რამ გააკეთა, რასაც თანამედროვე ფეხბურთში, არამხოლოდ რუსეთში, არამედ მსოფლიოში, არცთუ ხშირად ნახავთ" - ეს მატჩის კომენტატორის სიტყვებია.

"შესვენებამდე მოხდა ეპიზოდი, რომელიც უფრო მნიშვნელოვანი იყო, ვიდრე ამ თამაშში მანამდე გასული გოლები, - წერს რუსული მედია. - ყაზანური კლუბის შეტევის ლიდერი ხვიჩა კვარაცხელია ჯენტლმენისთვის შესაფერისი ქმედებით გამოირჩა, რომელმაც შესაძლოა, გავლენა მატჩის მიმდინარეობაზეც იქონია. 35-ე წუთზე კვარამ ბურთი მოიპოვა და კონტრშეტევა წამოიწყო. მან მოატყუა რასკაზოვი და კადირი, შეიჭრა საჯარიმოში და დაეცა. ისე ჩანდა, რომ ქართველის დაცემის მიზეზი რასკაზოვის ვარდნა გახდა, რომელიც ბურთს არ შეხებია. 

მაგრამ არბიტრმა პენალტი არ დანიშნა და ეს იმის გამო, რომ ხვიჩა მაშინვე წამოხტა და მსაჯს ანიშნა, რომ მის წინააღმდეგ წესების დარღვევა არ ყოფილა. მან უარყოფის ჟესტი რამდენჯერმე გაიმეორა. შესაძლოა, ყაზანელებს ორბურთიანი უპირატესობა რომ არ ჰქონოდათ, ქართველი ასე არ მოქცეულიყო, მაგრამ ამის მიუხედავად, 19 წლის ფეხბურთელის ქმედება პატივისცემას იმსახურებს".

ხვიჩა კვარაცხელიამ მოედანზე 86-ე წუთამდე დაჰყო და გარდა შეტევაში აქტიურობისა, საკმაოდ ნაყოფიერად ირჯებოდა დაცვაშიც. ის რუბინი-არსენალის მატჩის საუკეთესო ფეხბურთელადაც დაასახელეს, არსენალის რიგებში კი შეუცვლელად ითამაშა გია გრიგალავამ.

ყაზანის რუბინმა ამ გამარჯვების შემდეგ 21 ქულა დააგროვა და სატურნირო ცხრილში მე-5 პოზიციამდე აღზევდა. მომდევნო მატჩს ხვიჩას გუნდი 8 ნოემბერს, სტუმრად ხიმკისთან გამართავს.

კომენტარები

ბოლო ამბები