- 12 ნოემბერს, ჩრდილოეთ მაკედონიასთან ჩაკვეტაძის თამაში თითქმის გამოირიცხა
- გენტის ნახევარმცველს მუხლზე პრობლემის მოსაგვარებლად ოპერაცია დასჭირდა
- 21 წლის ფეხბურთელს რეაბილიტაციისთვის დაახლოებით ორი კვირა დასჭირდება
ბელგიური გენტის ნახევარმცველი გიორგი ჩაკვეტაძე, დიდი ალბათობით, საქართველოს ნაკრებს ვერ დაეხმარება უმნიშვნელოვანეს მატჩში, რომელსაც ვლადიმირ ვაისის გუნდი 12 ნოემბერს თბილისში, ჩრდილოეთ მაკედონიასთან გამართავს.
ბელგიური მედიის ცნობით, 21 წლის შემტევი ნახევარმცველს მუხლზე ართროსკოპია ჩაუტარდა და კიდევ დაახლოებით ორი კვირა გაუცდება. ეს ნიშნავს, რომ გიორგი სათამაშოდ თბილისში ვეღარ ჩამოვა, მიუხედავად იმისა, რომ ცოტა ხნის წინ საქართველოს ეროვნული ნაკრების სამწვრთნელო შტაბს ამის დიდი იმედი ჰქონდა.
ცნობისთვის, ართროსკოპია ქირურგიული ოპერაციაა, რომელიც გამოიყენება ორთოპედია-ტრავმატოლოგიაში სახსრებში არსებული პრობლემების დიაგნოსტირებისა და მკურნალობისთვის.
"ჩაკვეტაძე ისევ ტრავმირებულია. ისევ გენტის ლაზარეთშია ქართველი გიორგი ჩაკვეტაძე, რომელსაც ართროსკოპია გაუკეთეს, რის შემდეგაც მუხლიდან ნაწიბური ქსოვილი ამოკვეთეს. ამბობენ, რომ ჩაკვეტაძე, რომელიც დიდი ხანია ტრავმებს ებრძვის, რეაბილიტაცია უკვე დაიწყო", - წერს ბელგიური nieuwsblad.be. მოგვიანებით ეს ინფორმაცია გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ვიმ დე დეკერმაც დაადასტურა.
ბოლო მატჩი, რომელშიც გიორგი ჩაკვეტაძე მოედანზე გავიდა, 4 ოქტომბრით თარიღდება. მაშინ გენტმა ჟუპილერლიგაში შინ ბეერსხოტი მიიღო და მეტოქეს ანგარიშით 5:1 მოუგო. ქართველმა ნახევარმცველმა მოედანზე ბოლო ნახევარი საათი დაჰყო.
გიორგიმ ამ სეზონში გენტის ღირსება სულ 4 მატჩში დაიცვა - 3 ჟუპილერ ლიგაში და 1 ჩემპიონთა ლიგაში, მუხლზე პრობლემების გამო კი საქართველოს ეროვნულ ნაკრებს ოქტომბრის მატჩებში ვერ დაეხმარა - ერთა ლიგაში, სომხეთსა (2:2) და ჩრდილოეთ მაკედონიასთან (1:1).
კომენტარები