- არცთუ წარმატებული სტარტის გამო, იუვეს თავკაცს სატირული პრიზი გადასცეს
- 41 წლის მწვრთნელს არ ეშინია, თუკი პოსტს შობის დღესასწაულამდე დაატოვებს
ტურინის იუვენტუსს, რომელიც სეზონის წინ ანდრეა პირლომ ჩაიბარა, ყველაზე ცუდი სტარტი გამოუვიდა მას შემდეგ, რაც კლუბის პრეზიდენტის პოსტს ანდრეა ანიელი იკავებს - 2010 წლიდან.
"ბებერმა ქალბატონმა" ყველა ტურნირში ჩატარებულ პირველ ექვს მატჩში (არ იგულისხმება 3:0 ნაპოლისთან, რომელშიც მეტოქეს ტექნიკური წაგება ჩაეთვალა) ორჯერ გამარჯვება იზეიმა, სამჯერ ფრედ ითამაშა და ერთხელ წააგო. აქამდე ყველაზე ცუდი სტარტი იუვენტუსს 2010 წელს, ლუიჯი დელნერის მწვრთნელობის დროს ჰქონდა. მაშინ ტურინელებმა 4 მატჩი მოიგეს, თითო კი დათმეს და ფრედ ითამაშეს.
ერთ-ერთმა ტელეარხმა ანდრეა პირლოს, არადამაკმაყოფილებელი სტარტის გამო, სატირული ჯილდო - "ოქროს ტაპირი" მიაკუთვნა. 41 წლის სპეციალისტმა არცთუ საამაყო "პრიზზე" კომენტარიც გააკეთა:
"დახვეწის პროცესში ვართ და არ მაშინებს, თუკი პანეტონეს ვერ შევჭამ. დარწმუნებული ვარ", - უთხრა საჭესთან მყოფმა პირლომ კორესპონდენტს მას შემდეგ, რაც სატირული ჯილდო გადასცეს. პანეტონე ტრადიციული იტალიური საშობაო ნამცხვარია, პირლო კი თავის სიტყვებში გულისხმობდა, რომ შობის წინ გათავისუფლების არ ეშინია.
"ოქროს ტაპირს" მეტწილად არადამაკმაყოფილებელი შედეგების, მოედანსა თუ მის მიღმა უცნაური ქცევისა და კურიოზული შემთხვევების გამო ანიჭებენ. სხვათა შორის, მანამდე ეს "სასაცილო ჯილდო" მიღებული აქვთ: მილანის დირექტორ პაოლო მალდინის, ამავე გუნდის მეკარე ჯანლუიჯი დონარუმას, იუვენტუსის გოლკიპერს ჯანლუიჯი ბუფონსა და რომას ყოფილ ნახევარმცველს დანიელე დე როსის.
იუვენტუსი იტალიის ჩემპიონატის სატურნირო ცხრილში 9 ქულით მე-5 ადგილზეა, ჩემპიონთა ლიგის G ჯგუფში ჩატარებული ორი მატჩის შემდეგ კი, 3 ქულით მეორეზეა და ბარსელონას ჩამორჩება (6). სერია A-ში პირლოს გუნდს მომდევნო მატჩი 1-ელ ნოემბერს, სტუმრად სპეციასთან უწევს, სამი დღის შემდეგ კი ჩემპიონთა ლიგაში ფერენცვაროშს ესტუმრება.
კომენტარები