- როტორში იჯარით გაშვებულ მცველზე ლოკოს ყოფილმა პრეზიდენტმა ისაუბრა
- ნიკოლაი ნაუმოვის აზრით, საბა კვერკველია ლოკომოტივს ძალიან წაადგებოდა
საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველ საბა კვერკველიას მოსკოვის ლოკომოტივი კარგად არ მოექცა, როდესაც ზაფხულში მასზე უარი თქვა და იჯარით როტორში გაუშვა. 28 წლის ქართველი მცველის მდგომარეობა მოსკოვურ კლუბში, რომელთანაც კონტრაქტი 2021 წლის ზაფხულამდე აკავშირებს, მას შემდეგ შეიცვალა, რაც გუნდში ახალი მთავარი მწვრთნელი დაინიშნა - სერბი მარკო ნიკოლიჩი.
საინტერესოა, რომ როტორში იჯარით გადაბარგებულმა კვერკველიამ სეზონის საუკეთესო მატჩი სწორედ სტუმრად მოსკოვის ლოკომოტივთან ჩაატარა. მე-12 ტურის შეხვედრაში ვოლგოგრადელებმა სენსაციური გამარჯვება იზეიმეს (2:1), საბა კი მოედანზე ერთ-ერთი გამორჩეული იყო და ტურის სიმბოლურ ნაკრებშიც მოხვდა.
რუსულ მედიას მოსკოვის ლოკომოტივის ყოფილი პრეზიდენტი ნიკოლაი ნაუმოვი ესაუბრა, რომელიც საბა კვერკველიას საკითხსაც შეეხო და გუნდში მის პოზიციაზე სერბი მწვრთნელის მიერ მოყვანილ თანამემამულე ცენტრალურ მცველზე - სლობოდან რაიკოვიჩზეც ილარაპაკა.
"ბაიერნთან რაიკოვიჩს თამაში არ გაუფუჭებია, მაგრამ ვერ დავინახე, რა საჭირო იყო მისი მოყვანა და იჯარით კვერკველიას გაშვება. იმისთვის, რომ დახმარებოდა როტორს ლოკომოტივის დამარცხებაში? (იცინის). რაიკოვიჩის ტრანსფერის მიზანს ვერ ვხედავ - ის 30 წლისაა და კვერველიაზე დიდია და ვერც იმას ვიტყვით, რომ გათვლა პერსპექტივაზე გაკეთდა.
ვფიქრობ, დღევანდელ ვითარებაში კვერკველია ლოკომოტივს წაადგებოდა. ტყუილად არ მისცეს შანსი. მან კარგად დაიწყო, შემდეგ იყო ტრავმები, საბამ დაკარგა ფორმა და იმედი გაუცრუვდა, რომ აღარ ენდობოდნენ. მაგრამ, პრინციპში, ის ძალიან კარგი მცველია და ჩემპიონთა ლიგაში ცუდად არ გამოვიდოდა. ყოველ შემთხვევაში, მურილოზე უკეთესად ნამდვილად ითამაშებდა და მით უმატეს - რაიკოვიჩზე", - ამბობს ნაუმოვი.
საბა კვერკველია მოსკოვის ლოკომოტივში 2017 წელს გადავიდა და მისი მაისურით თითოჯერ რუსეთის ჩემპიონი, ქვეყნის თასისა (ორჯერ) და სუპერთასის მფლობელი გახდა. მიმდინარე ჩემპიონატში ქართველმა მცველმა როტორის მაისურით 5 მატჩში ითამაშა და ყვითელი ბარათი 3-ჯერ მიიღო. ქართველი მცველი ბოლო ტურში სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა.
კომენტარები