Thumbnail

მხოლოდ მეორედ კარიერაში! ჯოკოვიჩი აუტსაიდერთან დამარცხდა

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი

სენსაციები ავსტრიაში - ვენაში მიმდინარე ATP-ტურნირს ტოპ-ფავორიტი ნოვაკ ჯოკოვიჩი და მოქმედი გამარჯვებული დომინიკ ტიმი მეოთხედფინალში გამოეთიშნენ!

ჯოკოვიჩი, ყველასათვის მოულოდნელად, იტალიელ ლორენცო სონეგოსთან დამარცხდა, თანაც, აი, ასეთი ანგარიშით: 2:6, 1:6. იცით, როდის ჰქონდა წაგებული ნოლეს ისეთ ჩოგბურთელთან, რომელიც TOP 40-ში არ იყო? 2018 წელს, საფრანგეთის ღია პირველობაზე. მაშინ მან იტალიელ მარკო ჩეკინატოსთან განიცადა მარცხი. რეიტინგის TOP 40-ის მიღმა მყოფ მოთამაშესთან ჯოკოვიჩს სხვა დროს არ წაუგია. აღსანიშნავია, რომ სერბი პარიზის მასტერსს გამოტოვებს და სეზონის ფინალისთვის მოემზადება, რომელიც ლონდონში 15 ნოემბერს იწყებს და 22 ნოემბრამდე გასტანს.

8 საუკეთესო ჩოგბურთელის ტურნირზე აშშ-ის ღია პირველობის გამარჯვებული დომინიკ ტიმიც იასპარეზებს, რომელიც ვენაში რუს ანდრეი რუბლიოვთან 6:7 (5:7), 2:6 დამარცხდა. აღსანიშნავია, რომ მეორე სეტში ტიმი ტრავმამ შეაწუხა.

შეგახსენებთ, რომ ნოვაკ ჯოკოვიჩმა ამ ტურნირის მეოთხედფინალში გასვლით, სეზონის ბოლომდე რეიტინგში პირველობა გაინაღდა. შეუძლებელია, რომ ჯოკოვიჩს ამ სეზონში ვინმემ გადაასწროს. ეს იმას ნიშნავს, რომ 33 წლის სერბი კარიერაში მეექვსედ დაამთავრებს წელს პირველი ჩოგნის სტატუსით და პიტ სამპრასის რეკორდს გაიმეორებს.

კომენტარები

ბოლო ამბები