- 1966 წლის მუნდიალის ფინალში ის ლეგენდად იქცა
- ნობი სტაილზი 78 წლის ასაკში გარდაიცვალა
ინგლისი ნობი სტაილზის გარდაცვალებას გლოვობს. 1966 წლის მსოფლიოს ჩემპიონი, მისი ოჯახის ცნობით, პარასკევს, 78 წლის ასაკში, ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა.
სტაილზმა, რომელსაც ინგლისის ნაკრებში 28 მატჩი აქვს ჩატარებული, უემბლის ლეგენდარულ ფინალში (4:2 გერმანიასთან, დამატებით დროში) ძალიან კარგად ითამაშა, საფინალო სასტვენის შემდეგ კი ერთ ხელში მსოფლიო თასით, ხოლო მეორეში კი საკუთარი კბილების პროთეზით ცეკვავდა. იგი ნახევარფინალშიც ერთ-ერთი მთავარი ფიგურა იყო, რადგან ჩამშლელი ნახევარმცველი გახლდათ და პორტუგალიასთან, ეუსებიოს წინააღმდეგ შეუდარებლად ითამაშა. ნობი სტაილზი ყოველთვის ამბობდა, რომ 1966 წლის მუნდიალის მოგება მისი ცხოვრების საუკეთესო მომენტი იყო.
მსოფლიომ იგი უკბილო და უკომპრომისო ჩამშლელ ნახევარმცველად გაიცნო. მანჩესტერ იუნაიტედის შემადგენლობაში მან 11 წელიწადში თითქმის 400 ოფიციალური მატჩის ჩატარება მოასწრო. სტაილზი იუნაიტედის ლეგენდაა - 15 წლის იყო, როცა გუნდში მივიდა და მანჩესტერში ორჯერ იზეიმა ჩემპიონობა (1965, 1967), ხოლო 1968 წელს კი ევროპის ჩემპიონთა თასი მოიგო. ლისაბონის ბენფიკასთან 4:1-ზე მოგებულ მატჩში მისი და ეუსებიოს გზები ისევ გადაიკვეთა და გამარჯვებული ისევ სტაილზი გამოვიდა.
მანჩესტერ იუნაიტედის გარდა თამაშობდა მიდლსბროში (1971-1973) და ინგლისის პირველ ჩემპიონ პრესტონ ნორთ ენდში, რომელსაც მოგვიანებით წვრთნიდა კიდეც. აქტიური სპორტული კარიერა 1975 წელს დაასრულა.
1989 წელს სტაილზი ‘ოლდ ტრაფორდზე’ ბავშვთა მწვრთნელად დაბრუნდა. სწორედ მისი შეგირდები იყვნენ რაიან გიგზი და გარი ნევილი. მან მძიმე სიმსივნური დაავადება გადაიტანა, ბოლო წლებში კი დემენციით იტანჯებოდა. სტაილზი 2016 წელს მსოფლიოს ჩემპიონობის 50 წლისთავის აღსანიშნავ წვეულებაზეც კი ვერ მივიდა. 2016 წლიდან მანჩესტერში ერთ-ერთი ქუჩა მის სახელს ატარებს.
1966 წლის ინგლისის ნაკრების ძირითადი შემადგენლობის წევრებიდან, სტაილზის გარდა, შემდეგი ფეხბურთელები არიან გარდაცვლილები: კაპიტანი ბობი მური, ალან ბოლი, რეი უილსონი, მეკარე გორდონ ბენქსი, მარტინ პეტერსი და ჯეკ ჩარლტონი.
კომენტარები