Thumbnail

NCAA-ს მომავალი სეზონის წინ, ბიგ ისთის კონფერენციაში დიდი ყურადღებაა მიპყრობილი ქართველი კალათბურთელის სანდრო მამუკელაშვილის მიმართ, რომელიც სეტონ ჰოლის აშკარა ლიდერად მოიაზრება. სანდროს სტატია ("სეტონ ჰოლის მზარდი ვარსკვლავი მზადაა მაილს პაუელის წასვლის შემდეგ პირველ პლანზე გამოვიდეს") ამჯერად New York Post-მა მიუძღვნა და მასზე კომენტარი სეტონ ჰოლის მთავარ მწვრთნელ კევინ უილარდსაც სთხოვა.

“არსებული ხმების მიუხედავად, სეტონ ჰოლის გასული სეზონის მიწურულის საუკეთესო კალათბურთელი არსად წასულა. ის NBA-ს დრაფტისთვისაც არ ემზადება. არა, მაილს პაუელი გუნდში კიდევ ერთი წლით არ დარჩენილა.

ვიზეა საუბარი? სანდრო მამუკელაშვილზე. 211 სმ. სიმაღლის ფორვარდი, რომელიც მზადაა აღებული ტემპი განავითაროს და პირატების აშკარა ლიდერი გახდეს.

“ახლა სწორედ ამაზე ვმუშაობ”, - განაცხადა მამუკელაშვილმა ბიგ ისთის დივიზიონის მედია-დღეს, როდესაც ის პრესეზონის პირველ სიმბოლურ ხუთეულში დაასახელეს.

სანდრომ გასულ სეზონში მძიმე ტრავმის გამო 10 მატჩი გამოტოვა, თუმცა, იანვრის ბოლოს დაბრუნდა და დიდი როლი ითამაშა იმაში, რომ გუნდმა დივიზიონში პირველობა გაინაწილა. იმ დროს მამუკელაშვილი სეტონ ჰოლის აშკარად საუკეთესო მოთამაშე გახლდათ და უკანასკნელ 8 მატჩში საშუალოდ 15.1 ქულა და 7.7 მოხსნა ჰქონდა. NBA-ს წარმომადგენლებთან გარკვეული კონტაქტის შემდეგ, ის სკოლას დაუბრუნდა და ეცდება რობინის როლი ბეტმენისაზე გაცვალოს.

“მეც ვფიქრობ, რომ გასული სეზონის მიწურულს ის სანდრო ვიხილეთ, რომლამდე მისვლაც მას საბოლოო ჯამში აქვს დასახული. ახალ სეზონში ვაპირებთ მისი მონაწილეობით რაც შეიძლება მეტი შეტევა დავგეგმოთ. ეს მასაც ძალიან უნდა და როგორც ვატყობ, უკვე მზადაც არის. მგონია, რომ NBA-ს დრაფტთან დაკავშირებულმა პროცესმა მასზე დადებითი გავლენა იქონია, ის უფრო გაიზარდა. სანდრომ NBA-ს კლუბებისგან დადებითი გამოხმაურებები მიიღო, რამაც მას თავდაჯერება შემატა. მამუკელაშვილი მიხვდა, რომ თავის მიზნებთან გაცილებით ახლოსაა. აგვისტოში, როდესაც ვარჯიშებს დავუბრუნდით, სანდრო კიდევ უფრო მოძლიერებული მეჩვენა”, - ამბობს სეტონ ჰოლის დამრიგებელი კევინ უილარდი.

კითხვაც კი არ უნდა იმას, რომ მამუკელაშვილი ტალანტია. მას არც სიმაღლე აკლია, არც ათლეტურობა და არც უნარები. შეუძლია სროლა, ბურთის ტარება და პასის გაცემაც. თუმცა, ის არასდროს ყოფილა იმ პოზიციაში, როდესაც ფაქტობრივად ყველა მატჩში შედეგი მის თამაშზე იქნება დამოკიდებული. როგორც სჩანს, სანდრო სწორედ ამ შესაძლებლობას ელის”.

შეგახსენებთ, რომ მამუკელაშვილი სეტონ ჰოლს 2017 წელს ფლორიდული მონტვერდეს აკადემიიდან შეუერთდა და მას შემდეგ საგრძნობი პროგრესი აქვს. სანდრო პირველ სეზონში საშუალოდ 2.6 ქულას აკეთებდა, მეორეში – 8.9-ს, ახლა კი, თამაშში 11.9 ქულა ჰქონდა. გასულ სეზონში ქართველი კალათბურთელი ბიგ ისთის კონფერენციის მესამე სიმბოლურ ხუთეულში აირჩიეს. მოგვიანებით სანდრო NBA-ს დრაფტზეც დადგა, რამდენიმე კლუბთან გასაუბრებაც ჰქონდა, მაგრამ საბოლოოდ გადაწყვიტა, რომ კოლეჯთა ლიგაში თამაში დაასრულოს და დრაფტზე 2021 წელს დადგეს.

კომენტარები

ბოლო ამბები