Thumbnail

‘ეს ხომ ქალებისთვისაა?!’ - მაიკ ტაისონი და როი ჯონსი წუწუნებენ

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი

კარიერის დასრულებიდან 15 წლის შემდეგ, მაიკ ტაისონი რინგზე დასაბრუნებლად მზადებას აგრძელებს.

თუმცა, 28 ნოემბერს, როი ჯონსთან დაგეგმილი ბრძოლა ისეთი ხანგრძლივი არ იქნება, როგორსაც ‘რკინის მაიკია’ მიჩვეული. ტაისონის და ჯონსის ჩხუბი არა 12, არამედ მაქსიმუმ 8-რაუნდიანი იქნება და თანაც, თითო რაუნდი სამის ნაცვლად ორი წუთი გაგრძელდება. ამის გამო მაიკი და როი ძალიან გაბრაზდნენ.

“ოდნავადაც არ ვარ კმაყოფილი, - უთხრა ჯონსმა BBC-ს, - ეს ქალებისთვისაა. რატომ უნდა გვქონდეს მხოლოდ 2-წუთიანი რაუნდები? ეს ორი საუკეთესო მებრძოლის დუელია. ასეთი რაუნდები არც მე მომიტანს რამეს და არც მას.”

'იცით, რას გეტყვით? 2 წუთი ქალები ჩხუბობენ'

54 წლის ტაისონს ამაზე ასეთი პასუხი აქვს: “დარწმუნებული ვარ, ამისათვის მიზეზები არსებობს, მაგრამ იცით, რას გეტყვით? 2 წუთი ქალები ჩხუბობენ!”

მართლაც, ქალთა კრივში 2-წუთიანი რაუნდებია, მამაკაცებს კი 3-წუთიანი რაუნდები აქვთ. თუმცა ტაისონისა და ჯონსის ჩხუბი საჩვენებელი ბრძოლაა, თანაც ასაკში შესული სპორტსმენების და ორგანიზატორებმა წესები ამიტომაც შეცვალეს.

მაისის დასაწყისში გაჩნდა ინფორმაცია, რომ 54 წლის ტაისონი რინგზე დაბრუნებას აპირებდა. მაიკმა ვარჯიშის ვიდეო გაავრცელა, სადაც ამის შესახებ ისაუბრა. ტაისონმა, რომელიც ყველაზე ახალგაზრდა ჩემპიონი იყო მძიმე წონაში, პროფესიონალურ კარიერაში 56 ბრძოლა ჩაატარა. მან 44 მეტოქე ნოკაუტში გაუშვა, ხოლო საერთო ჯამში 50 მოგება დააგროვა. “რკინის მაიკი” რინგს 2005 წელს დაემშვიდობა, როდესაც ზედიზედ შედარებით სუსტ მოკრივეებთან დამარცხდა – ბოლოს კევინ მაკბრაიდთან წააგო. არსებული ინფორმაციით, ტაისონი როი ჯონს ჯუნიორთან ჩხუბს აპირებს და ეს ბრძოლა 28 ნოემბერსაა დაგეგმილი.

კომენტარები

ბოლო ამბები