Thumbnail

შუმახერისთვის კარი დაიხურა! ალფა რომეომ რაიკონენის და ჯოვინაცის წყვილი დატოვა

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • ალფა რომეოს მომდევნო სეზონშიც კიმი რაიკონენისა და ანტონიო ჯოვინაცის დუეტი ეყოლება
  • დარჩა კიდევ ერთი გუნდი, რომლის იმედიც მიკ შუმახერს უნდა ჰქონდეს

ის, რაც მოსალოდნელი იყო, ახლა უკვე ოფიციალურად დადასტურებული ამბავია: ფორმულა 1-ის მომდევნო სეზონში მიხაელ შუმახერის შვილი მიკი ალფა რომეოში არ იასპარეზებს. შესაბამისად, მას რეალურად მხოლოდ ერთი ვარიანტი რჩება.

საქმე ისაა, რომ იტალიურმა საჯინიბომ დღეს დაადასტურა, რომ გუნდში რჩება როგორც ყოფილი მსოფლიოს ჩემპიონი, ფინელი კიმი რაიკონენი, ისე იტალიელი ანტონიო ჯოვინაციც. მათ კონტრაქტები 2021 წლის ბოლომდე გააგრძელეს.

'რაიკონენი ჩვენი ბოლიდისგან მაქსიმუმს გამოწურავს. კიმი ნამდვილი ლიდერია'

“ძალიან მიხარია, რომ კიმისთან და ანტონიოსთან ერთად კიდევ ერთ სეზონს ჩავატარებთ. რაიკონენს წარდგენა არ სჭირდება, მისი შესაძლებლობების შესახებ ყველამ ყველაფერი იცის. მასში ჯერ კიდევ ვხედავ ძალიან დიდ მოტივაციას და თანაც ყოველთვის, როცა ვუყურებ, როგორ უდგება საქმეს. შეგვიძლია დარწმუნებულები ვიყოთ, რომ რაიკონენი ჩვენი ბოლიდისგან მაქსიმუმს გამოწურავს. კიმი ნამდვილი ლიდერია. გუნდისთის ანტონიომაც ძალიან ბევრი გააკეთა, მან აბსოლუტურად დაიმსახურა ახალი კონტრაქტი. მისი სამუშაო ეთიკა, გუნდისადმი ერთგულება და ენთუზიაზმი ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი აქტივია,” - განაცხადა ალფა რომეოს გუნდის შეფმა ფრედერიკ ვასიორმა.

კიმი რაიკონენმა და ანტონიო ჯოვინაციმ კონტრაქტები 2021 წლის ბოლომდე გააგრძელეს

ამით ალფაში მიკ შუმახერის გამოჩენის შანსი საგაისოდ ნულს გაუტოლდა. შეგახსენებთ, რომ კიმი რაიკონენთან ერთად გუნდში სწორედ უმცროს შუმის მოიაზრებდნენ. ფორმულა 1-ის ინსაიდერთა ინფორმაციით, 21 წლის შუმახერის ერთადერთი რეალური ვარიანტი ახლა ჰაასია. 

ალფას პირველ ნომრად კი კიმი რაიკონენი რჩება, რომელმაც პორტუგალიის გრანპრიზე პირველ წრეზე გრანდიოზული რამ შეძლო: მე-16 ადგილიდან მე-6 პოზიციამდე აინაცვლა!

კომენტარები

ბოლო ამბები