Thumbnail
  • 'შეკრებაზე გორში ვიმყოფებოდით, როდესაც კორონავირუსი დაგვიდასტურდა'
  • ხორვატიაში დაგეგმილ ტურნირზე განაცხადი არც ვაჟთა ნაკრებს გაუკეთებია

საქართველოს ქალ ძიუდოისტთა ნაკრები მონაწილეობას ვერ მიიღებს 2020 წლის ევროპის ჩემპიონატში, რისი მიზეზიც კორონავირუსის პანდემიაა. ის, რომ ქართველ ძიუდოისტთა შორის ინფიცირების შემთხვევები იყო, რამდენიმე დღის წინ გახმაურდა, ახლა კი, ოფიციალურად გაირკვა, რომ წლის ერთ-ერთი უმთავრესი ტურნირი მათ გარეშე ჩაივლის.

როგორც ირკვევა, COVID-19 დაუდასტურდათ ეთერ ლიპარტელიანს, მარიამ ჭანტურიას, მარიამ ჯანაშვილს, სალომე მაყიშვილს, სოფიო სომხიშვილსა და ქალ ძიუდოისტთა ნაკრების მწვრთნელ კახა მოცრაძეს. ვირუსი მსუბუქ ფორმებში მიმდინარობს და სპორტსმენები სახლებში მკურნალობენ, თუმცა, ცხადია, რომ საწვრთნელი პროცესი შეჩერებულია. აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარი იუნიორთა შორის 2019 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის გამარჯვებულმა ეთერ ლიპარტელიანმა გააკეთა:

“ჩვენ შეკრებაზე გორში ვიმყოფებოდით, როდესაც კორონავირუსი დაგვიდასტურდა. 28-ში უკვე შინ წამოვედით და ახლა სახლებში ვმკურნალობთ. რაც შეეხება ევროპის ჩემპიონატს, გოგონების ნაკრები განაცხადიდან უკვე ამოგვიღეს და ტურნირში მონაწილეობას ვერცერთი ვერ მოვიღებთ. მდგომარეობა კრიტიკული ნამდვილად არ გახლავთ. სიმპტომებიც მძიმე არაა, ყველაფერი მსუბუქად მიდის. მაქსიმალურად ფრთხილად ვიყავი, ყველა რეგულაციას ვიცავდი, მაგრამ სამწუხაროდ, ასე მოხდა”.

ცნობისთვის, დიდებს შორის ევროპის ჩემპიონატი 19-21 ნოემბერს ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაშია დაგეგმილი, მანამდე, 4-6 ნოემბერს, ხორვატიის ქალაქ პორეჩში 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატი უნდა გაიმართოს, ხოლო იქვე, 9-10 ნოემბერს, უკვე 23-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატია.

ცხადია, ქალთა გუნდი ყველა აღნიშნულ შეჯიბრს დააკლდება და ჯერაც უცნობია, პრაღაში რა შემადგენლობით გაემგზავრება საქართველოს ვაჟთა ნაკრები. ევროპის ჩემპიონატზე უკვე 38 ქვეყნის 333 სპორტსმენია (193 კაცი+140 ქალი) დარეგისტრირებული, თუმცა, მათ შორის ქართველ ძიუდოისტებს ვერ ვხედავთ.

კომენტარები

ბოლო ამბები