Thumbnail
  • 12 ნოემბერს, თბილისში, საქართველოს ნაკრები ჩრდილოეთ მაკედონიას ეთამაშება
  • ლევანტეს ჩრდილოეთმაკედონიელმა ნახევარმცველმა მომავალ შეხვედრაზე ისაუბრა

საქართველოს და ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრებები 12 ნოემბრის მოლოდინში არიან - თბილისში, "დინამო არენაზე" გასამართ მატჩში ის გუნდი გაირკვევა, რომელიც ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის საგზურს მიიღებს. 

ვლადიმირ ვაისის გუნდმა ჩრდილოეთმაკედონიელებთან ამ შემოდგომით ორჯერ უკვე ითამაშა - უეფას ერთა ლიგის C დივიზიონის ჯგუფში. თბილისსა და სკოპიეში ჩატარებული შეხვედრები, რომლებიც გარკვეულწილად, რეპეტიციები იყო პლეი ოფის ფინალისთვის, ერთნაირი ანგარიშით - 1:1 დასრულდა. 

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ½-ფინალში შინ ბელარუსს მოუგო (1:0), იგორ ანგელოვსკის გუნდმა კი კოსოვოს სძლია (2:1). 

ენის ბარდი ლა ლიგაში უკვე მეოთხე სეზონს ატარებს

მაკედონიელთა ეროვნული გუნდის  ნახევარმცველი ენის ბარდი, რომელიც ლა ლიგის ლევანტეს ღირსებას იცავს, მიიჩნევს, რომ კოსოვოს ნაკრები საქართველოზე რთული მეტოქე იყო... 

"კოსოვოსთან თამაში ჩემთვის განსაკუთრებული იყო. თამაშის შემდეგ მივიღე როგორც დადებითი, ისე უარყოფითი კომენტარები, თუმცა ნებისმიერი ფეხბურთელი უნდა აძლევდეს მაქსიმუმს იმ ნაკრებს, რომელსაც წარმოადგენს. ალბანელი ვარ, მაგრამ  მაკედონიისთვის ყველაფერს გავაკეთებ. ახლა ჩვენს გუნდს აქვს შანსი, დაწეროს ისტორია და მოხვდეს ევროპის ჩემპიონატზე. 

კოსოვოსთან თამაშის შემდეგ ეიფორიაში ჩავარდნის დრო არ იყო. ყველა ფეხბურთელმა იცის, რამდენად მნიშვნელოვანი თამაში გველის საქართველოსთან. იგივე უნდა გავაკეთოთ, რაც კოსოვოსთან გავაკეთეთ. საქართველოს არ ჰყავს იმ დონის ფეხბურთელები, როგორიც კოსოვოს, მაგრამ თამაშში, რომელიც 90 წუთს გაგრძელდება, მაქსიმუმი უნდა გავიღოთ, რათა ავიხდინოთ ოცნება", - აქვეყნებს 25 წლის შემტევი ნახევარმცველის ნათქვამს მაკედონიური მედია.

კომენტარები

ბოლო ამბები