Thumbnail

ხვიჩა კვარაცხელია დღეს რუსეთის პრემიერლიგის მთავარი ტალანტია. საქართველოს ნაკრების 19 წლის ნახევარმცველით, რომელიც ყაზანის რუბინის ღირსებას იცავს, არაერთი ევროპული კლუბია დაინტერესებული, რომელთა შორის არის დორტმუნდის ბორუსიაც. 

კვარაცხელიას შესახებ რუსულ მედიაში ხშირად იწერება. ახალგაზრდა ქართველი ფეხბურთელის ტალანტსა და მის შესაძლო ტრანსფერთან დაკავშირებით თავისი მოსაზრება რუსეთში ცნობილმა სპეციალისტებმა გამოთქვეს, რომელიც ქართველ გულშემატკივარსაც დააინტერესებს.

ხვიჩამ საქართველოს ეროვნულ ნაკრებში სადებიუტო გოლი უკვე გაიტანა

ბორის იგნატიევი (რუსეთის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი): "მესმის, რომ ფეხბურთი ბიზნესია, მაგრამ სხვა რამ მინდა ვთქვა. არ მესმის, როდესაც სვამენ შეკითხვას: "რამდენად უნდა გაიყიდოს ხვიჩა?". ის ჩვენ გვჭირდება, ის სჭირდება რუსეთის პრემიერლიგას. გამოდის, რომ ფეხბურთელს იმისთვის ვამზადებთ, რომ მისით ევროპაში ყველამ გაიხაროს. მერე ჰკითხავენ სლუცკის (რუბინის მწვრთნელს): "რატომ აგებს გუნდი?", ის კი იტყვის: "ხვიჩა გავყიდეთ". და რატომ? 

თქმა არ უნდა, კარგი და ნიჭიერი ბიჭია, მაგრამ მას ჯერ ათლეტური თვისებები აკლია. ის ძნელად წარმომიდგენია, მაგალითად, იტალიაში. ვიმეორებ: მინდა, ჯერჯერობით ხვიჩას აქ ვხედავდე. არ მინდა უღიმღამო ფეხბურთის ყურება. მსურს ვხედავდე ნაძვის ხის სათამაშოს. ხვიჩა - სწორედაც რომ სათამაშოა ნაძვზე. ხვალ-ზეგ წავალ რუბინის თამაშზე იმის გამო, რომ იქ კვარაცხელიაა. და ასეთი მე მარტო არ ვარ. ის თუ არ იქნება, არ წავალ სიდოროვის საყურებლად, ჩვენ კაშკაშა ფეხბურთელები გვჭირდება". 

რუბინის მატჩებზე ბევრი პირველ რიგში ხვიჩას სანახავად დადის

გაჯი გაჯიევი (სატურნის, ამკარის და ანჟის ყოფილი მწვრთნელი): "ფეხბურთელს ვაფასებ იმ თვისებებით, რომელიც მას გარკვეულ დონემდე თამაშის შესაძლებლობას აძლევს. ხვიჩას აქვს თვისებები, რომელიც ნებისმიერ ევროპულ კლუბში თამაშის საშუალებას მისცემს, მაგრამ უნდა ვიცოდეთ მოთამაშის ფსიქიკა. რამდენად მყარია. არის თუ არ ის მზად, გაუძლოს კონკურენციას, დარჩეს სათადარიგოთა სკამზე? 20-25 მილიონი, რომელსაც ასახელებენ (ხვიჩას სავარაუდო ფასი), ზღაპრული თანხა სულაც არ არის

ხვიჩას ყველაზე ძლიერი თვისება დრიბლინგია. თქმა იმისა, რომ მან ამ მხრივ სრულყოფილებას მიაღწია, არ შემიძლია. უკეთესად ის ვერ მოატყუებს, მაგრამ გამოცდილებასთან ერთად, გონიერება მოდის. სისწრაფე და კოორდინაცია, განსხვავებით სათამაშო აზროვნებისგან, არ ვითარდება. ის კარგად ცვლის მიმართულებას, მყარად დგას ფეხზე, მაგრამ შეიძლება აზროვნების გაუმჯობესბა - როდის და საით გაკეთდეს პასი. სად არის ხვიჩას ზედა ზღვარი, არავინ იცის - არც მე, არც სლუცკიმ და არც გვარდიოლამ. საკითხავი ისაა, შესაძლებელია თუ არა იმ ყველაფრის ამოწევა, რაც მასში არის ჩადებული".

75 წლის დაღესტნელი სპეციალისტი რუსეთის დამსახურებული მწვრთნელია

დენის ბოიარინცევი (რუბინის, სპარტაკის, შინიკის ყოფილი ფეხბურთელი): "ვფიქრობ, ხვიჩაში 20 მილიონი ჯერ მეტისმეტია. დიახ, ბიჭი კარგი, ტექნიკური და სწრაფია. ჯერ კიდევ გასულ სეზონში ის სოჩისთან მატჩის საუკეთესო ფეხბურთელადაც დავასახელე. რუსეთის პრემიერლიგაში მან თავი უკვე წარმოაჩინა. რუბინში შეძლო რეალიზება, მაგრამ თუკი წავა, ძლიერ გუნდში უნდა წავიდეს. 

ვფიქრობ, ყაზანში მინიმუმ ზაფხულამდე უნდა დარჩეს. დროზე ადრე ბევრი ავანსის გაცემა არ არის გამართლებული, მაგრამ თუკი წასვლაა, მხოლოდ ევროპაში უნდა წავიდეს".

ხვიჩა კვარაცხელია რუსეთში 2019 წლის დასაწყისში გადაბარგდა, სადაც მოსკოვის ლოკომოტივში იჯარით გამოდიოდა, ზაფხულში კი რუბინში გადავიდა. მიმდინარე სეზონში 19 წლის ფეხბურთელმა რუსეთის პრემიერლიგის 12 მატჩში ითამაშა, გაიტანა 2 გოლი, მიითვალა 1 საგოლე პასი და მოიპოვა 3 პენალტი.

ქართველ ფეხბურთელს, რომელსაც რუბინთან კონტრაქტი 2024 წლამდე აქვს გაფორმებული, TRANSFERMARKT 7,5 მილიონ ევროდ აფასებს.

კომენტარები

ბოლო ამბები