Thumbnail

საქართველოს ყინულის ჰოკეის ნაკრების შანსები | ინტერვიუ მიხეილ დავითაშვილთან

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • საქართველოს ყინულის ჰოკეის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის მე-3 დივიზიონში მონაწილეობს.
  • ქართველმა ჰოკეისტებმა პირველ შეხვედრაში თურქეთი 6:2 დაამარცხეს.
  • საქართველოს ნაკრების მიზანი მე-2 დივიზიონში დაწინაურებაა. 

საქართველოს ყინულის ჰოკეის ნაკრები კეიპტაუნშია, სადაც მსოფლიოს ჩემპიონატის მე-3 დივიზიონში მონაწილებს. ტურნირში 6 ნაკრები ასპარეზობს და პირველ ადგილზე გასული გუნდი მე-2 დივიზიონში დაწინაურდება. საქართველოს ნაკრები პირველ შეხვედრაში თურქეთს დაუპირისპირდა და 6:2 სძლია. 

საქართველოს ჰოკეისტთა ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატი მოგებით დაიწყო

საქართველოს ნაკრებს თურქეთის გარდა ბულგარეთთან, სამხრეთ აფრიკასთან, ჰონგ კონგთან და ტაივანთან მოუწევს კონკურენცია. მომდევნო შეხვედრას ქართველი ჰოკეისტები 17 აპრილს ბულგარეთთან გამართავენ.

თურქეთთან მოპოვებული შესანიშნავი გამარჯვების შემდეგ, სამხრეთ აფრიკაში საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრს და საქართველოს ყინულის ჰოკეის ფედერაციის გენერალურ მდივან მიხეილ დავითაშვილს დავუკავშირდით, რომელმაც შთაბეჭდილებები გაგვიზიარა...

POPSPORT: პირველ რიგში გილოცავ გამარჯვებას. როგორ შეაფასებ თურქეთთან თამაშს?

დავითაშვილი: თურქეთთან წინა მატჩები წაგებული გვქონდა და ისიც ვიცოდით, რომ ძლიერ გუნდთან მოგვიწევდა თამაში, რომელსაც მეორე დივიზიონში ასპარეზობის გამოცდილება აქვს. თამაში ჩვენი უპირატესობით დაიწყო, ამ ზეწოლის შედეგად კი თურქებს მოთამაშე გაუძევეს და რიცხობრივი უპირატესობა მოვიპოვეთ. მიუხედავად ამისა, გოლი აქეთ გავუშვით, რაც თამაშის სცენარიდან გმომდინარე, ალოგიკური იყო. ასეთ დროს, შეიძლებოდა რომ თამაშის სადავეები ხელიდან გაგვეშვა, მაგრამ საბედნიეროდ პირიქით მოხდა, სრული კონცენტრირება მოვახდინეთ, ისევ შევუტიეთ და ვაჯობეთ მეტოქეს. გამომდინარე წინა შეხვედრებოდან, ალბათ არც თურქები ელოდნენ ასეთ წინააღმდეგობას და როგორც ჩანს, მოულოდნელობის ეფექტსაც ჰქონდა ადგილი. საბედნიეროდ, მნიშვნელოვანი გამარჯვება მოვიპოვეთ.

POPSPORT: თურქეთთან წინა თამაშები წაგებული გქონდათ და აღნიშნე კიდეც, რომ მათთვის მოულოდნელი იყო მეტოქის ასეთი კარგი თამაში. რამ გამოიწვია საქართველოს ეროვნული გუნდის ასეთი გარდასახვა?

დავითაშვილი: წელს 4 ახალი მოთამაშე დაგვემატა, რომლებმაც საგრძნობლად გააძლიერეს გუნდი. ეს ჰოკეისტები უცხოეთიდან ჩამოვიდნენ, თუმცა ქართული ფესვები აქვთ. ოლივერ ობოლგოგიანი ფინეთში დაბადებული და გაზრდილია, თუმცა მისი წინაპრები საქართველოდან არიან. იგივე შემიძლია ვთქვა რუსეთში გაზრდილ ალექსანდრე ჟუჟუნაშვილზე. საქართველოს ნაკრების ახალი წევრები არიან სემიონ ხარიზოვი და ალექსანდრე ვასილჩენკო; ამ უკანასკნელს დედის მხრიდან არაერთი ნათესავი ჰყავს საქართველოში და ჩვენი ქვეყანა არც მისთვის იყო უცხო. ამ მოთამაშეებმა საგრძნობლად გააძლიერეს გუნდი და დიდი იმედი მაქვს, რომ შედეგად, საქართველოში ოქროს მედლებით დავბრუნდებით.

საქართველოს ყინულის ჰოკეის ნაკრები

POPSPORT: მე-3 დივიზიონში 6 ნაკრები ასპარეზობს და რანგით მაღალ ლიგაში მხოლოდ ერთი, საუკეთესო ნაკრები გადავა. ვინ მიგაჩნიათ საქართველოს ნაკრების მთავარ კონკურენტად?

დავითაშვილი: მთავარი კონკურენტი მაინც ბულგარეთის ნაკრებია, რომელიც გამოცდილი მოთამაშეებით არის დაკომპლექტებული და მეორე დივიზიონშიც არაერთი სეზონი აქვს გატარებული. მეორე შეხვედრა სწორედ ბულგარეთთან გვექნება და ვფიქრობთ, რომ ეს მატჩი ფინალის ტოლფასია. თურქეთს მივიჩნევდით კონკურენტად და საბედნიეროდ, მათთან დამაჯერებელი გამარჯვება მოვიპოვეთ. 

POPSPORT: რა ვითარებაა ქართულ ჰოკეიში: რა პრობლემები გაქვთ, არის თუ არა წინსვლა და რა მიზანი გაქვთ დასახული უახლოეს მომავალში?

დავითაშვილი: მთავარი პრობლემა უსახსრობაა. ის დაფინანსება, რაც დღეს ყინულის ჰოკეის აქვს, ძალიან მცირეა და ასე წარმოუდგენელია რეალურ წინსვლაზე ლაპარაკი. სპორტის სამინისტრო გვეხმარება გარკვეული თანხით, რაც საკმარისოა მხოლოდ მსოფლიოს ჩემპიონატზე გასამგზავრებლად და ერთი შეკრების ჩასატარებლად ბათუმში, სადაც ერთადერთი სტანდარტული ყინულის მოედანია მთელი ქვეყნის მასშტაბით. არის ერთი მოედანი ბაკურიანში, თუმცა იქ ბუნებრივ პირობებზე ვართ დამოკიდებული და მხოლოდ ზამთარში შეგვიძლია ყინულით სარგებლობა. ბუნებრივია, რომ რეალური პროგრესისთვის გაცილებით მეტია საჭირო. არის სიახლეებიც: ბათუმში ყინულის ახალი მოედანი კეთდება, რომელიც საერთაშორისო სტანდარტებს დააკმაყოფილებს და იმედი მაქვს, რომ 2020 წელს, მსოფლიოს ჩემპიონატის დივიზიონს სწორედ საქართველოში ჩავატარებთ. მიმდინარეობს მოლაპარაკება თბილისში ანალოგიური მოედნის გაკეთებაზე და თუ ასე მოხდა, ეს მნიშვნელოვნად გამოაცოცხლებს საქართველოში სპორტის ამ სახეობას.

საქართველო 6:2 თურქეთი (ვიდეო)

კომენტარები

ბოლო ამბები