Thumbnail

პორტუგალიური რაგბის შეფი: საქართველოს ათამაშებთ, ჩვენ - არა, ეს სამართლიანობაა?

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • 'რომელ თანასწორობაზეა საუბარი, როდესაც ტესტები მხოლოდ ჩვენ წაგვართვეს'
  • პორტუგალიის რაგბის კავშირმა მსოფლიო რაგბის საპროტესტო წერილი გაუგზავნა

პორტუგალიური რაგბის ხელმძღვანელობა მიიჩნევს, რომ ისინი არათანაბარ მდგომარეობაში ჩააყენეს საქართველოს ნაკრებთან შედარებით, რომელსაც უახლოეს პერიოდში მნიშვნელოვანი მატჩები ელის, “ლობუშს” კი იძულებითი უქმობა მოუწევს.

ცნობისთვის, პორტუგალიის ნაკრებს შემოდგომაზე 3 ტესტი ჰქონდა დაგეგმილი: 6 ნოემბერს – ფიჯისთან, საფრანგეთის ქალაქ ლიმოჟში და დედაქალაქ ლისაბონში – ბრაზილიის ნაკრებთან, 21 და 28 ნოემბერს. თუმცა, პორტუგალიის რაგბის კავშირში მსოფლიო რაგბის ოფიციალური წერილი მივიდა, სადაც ნათქვამია, რომ ევროპაში კორონავირუსის პანდემიის გამო, ტესტ-მატჩები აღარ ჩატარდება. პორტუგალიური რაგბის თავკაცი ამადუ და სილვა სწორედ ამან აღაშფოთა:

“რომელ თანასწორობაზეა საუბარი, როდესაც საქართველოს “შემოდგომის ერთა თასზე” თამაშის უფლება მისცეს, ესპანეთს ურუგვაიში 2 ტესტი უბოძეს, ჩვენ კი – არაფერი. მე უკვე გავუგზავნე პასუხი მსოფლიო რაგბის. ვფიქრობ, რომ მსგავსი გადაწყვეტილებები ხელს უშლის ჩვენ კანონიერ უფლებას, მოვიპოვოთ 2023 წლის მსოფლიო თასის საგზური”.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა 23 ოქტომბერს მარიფილდზე შოტლანდიასთან 7:48 წააგო, ნოემბერში კი, “შემოდგომის ერთა თასის” შეხვედრები ელის. “ბორჯღალოსნები” 14 ნოემბერს ინგლისს ეთამაშებიან, 21-ში – უელსს, 29-ში – ირლანდიას, 5 დეკემბერს კი, მე-2 ჯგუფის წარმომადგენელთან დასკვნით მატჩს ჩაატარებენ.

კომენტარები

ბოლო ამბები