Thumbnail

NCAA-ს სეტონ ჰოლი ახალ სეზონს 11 დეკემბერს იწყებს. წინასასეზონოდ კლუბმა მედიის დღე მოაწყო, რომელზეც ჟურნალისტების კითხვებს სეტონ ჰოლის თავკაცმა კევინ უილარდმა, ახალწვეულმა ბრაის აიკენმა, მაილს კოულმა და სანდრო მამუკელაშვილმა უპასუხეს. აღსანიშნავია, რომ ახლახან 21 წლის ქართველი ფორვარდი "ბიგ ისთის" კონფერენციის პირველ ხუთეულში დაასახელეს. 

მედიის დღე კორონავირუსის პანდემიის გამო უჩვეულო ვითარებაში ჩატარდა, კალათბურთელები ცალ-ცალკე ოთახში Zoom-ის მეშვეობით პასუხობდნენ მედიის კითხვებს.

სეტონ ჰოლის მედიის დღიდან The Setonian-მა ხუთი დასკვნა გამოიტანა, რომელთაგანც პირველი ის არის, რომ კლუბში უდიდეს იმედს ამყარებენ სანდროზე:

"მამუკელაშვილი ერთადერთია გუნდში, რომელიც წინასასეზონოდ კონფერენციაში გამოარჩიეს და პირველ ხუთეულში შეიყვანეს. აქედან უკვე ცხადია, რამხელა იმედს ამყარებენ მასზე სეტონ ჰოლში. უილარდმა პირდაპირ თქვა, რომ შეტევების ძირითადი ღერძი მამუკელაშვილზე აეწყობა. გასულ სეზონში ასე ნამდვილად არ იყო", - წერს გამოცემა.

შეგახსენებთ, რომ სანდრო მამუკელაშვილს გასულ სეზონში, რომლის საპლეიოფო ნაწილი პანდემიის გამო ვეღარ გაიმართა, საშუალოდ 11.9 ქულა, 6.0 მოხსნასა და 1.4 პასს აკეთებდა. ამ სეზონში კი, წესით, მისი როლი კიდევ უფრო გაიზრდება. 

კევინ უილარდმა განაცხადა, რომ როცა გუნდის ლიდერმა მაილს პაუელმა ტრავმა მიიღო, ქართველი ფორვარდის როლი გუნდში გაიზარდა და მან დაინახა, თუ რა დომინანტი შეიძლება გახდეს სანდრო "ბიგ ისთის" კონფერენციაში. 

კევინ უილარდი (სეტონ ჰოლის მწვრთნელი): "გასული სეზონის ბოლოს ყველამ დაინახა, თუ როგორი კალათბურთელი შეიძლება დადგეს სანდრო. აქამდე ამას მხოლოდ მწვრთნელები და სპეციალისტები ამჩნევდნენ". 

წინასასეზონოდ მწვრთნელებმა სეტონ ჰოლი კონფერენციაში მე-5 ნომრად შერაცხეს, მაშინ, როცა გუნდმა რეგულარული სეზონი პირველ ადგილზე დაასრულა. მას მერე გუნდი მაილს პაუელმა დატოვა. სანდროს მიაჩნია, რომ მწვრთნელები ცდებიან.

სანდრო მამუკელაშვილი (სეტონ ჰოლი): "ვფიქრობ, რომ ისინი ვერ აცნობიერებენ, რამხელა პოტენციალია გუნდში თავმოყრილი. მწვრთნელები მალე მიხვდებიან და ინანებენ, რომ არ გვაფასებდნენ". 

შეგახსენებთ, რომ გასული სეზონის შემდეგ სანდრო მამუკელაშვილი NBA-ს დრაფტზე დადგა, მას რამდენიმე კლუბთან ჰქონდა გასაუბრება, თუმცა გადაწყვიტა, რომ დრაფტზე ბედი 2021 წელს სცადოს. 

კომენტარები

ბოლო ამბები