Thumbnail

ვენეცკის 7 გოლი - ქართველი ხელბურთელი მატჩის საუკეთესო მოთამაშე გახდა

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • საქართველოს ნაკრების ხელბურთელმა კოსოვოში შედეგიანი მატჩი ჩაატარა
  • ქეთა ვენეცკის ისტოგუს ბელარუსებთან ევროპის თასის 1/16-ფინალი ელის

საქართველოს ნაკრების ხელბურთელი ქეთევან ვენეცკი 7 გოლით საუკეთესო იყო კოსოვოს ჩემპიონატის მატჩში, რომელშიც ისტოგუმ ვუშტრია 28:20 დაამარცხა.

ეს ამ გუნდების მესამე მატჩი იყო ახალ სეზონში. ევროპის თასის საკვალიფიკაციო ეტაპზე ისტოგუმ ორჯერ მოუგო მეტოქეს (26:21, 31:24) და მეთექვსმეტედფინალში გავიდა, სადაც ნოემბერში ორჯერ შეხვდება ბელარუსის ვიქტორია ბერესტიეს. ამავე ეტაპზე მედეა ჩოხელის კუმანოვო უკრაინის გალიჩანკა ლვივს ეთამაშება.

ვენეცკიმ მის კოსოვოურ კარიერაზე საქართველოს ხელბურთის ფედერაციის ვებ-გვერდთან ისაუბრა.

“კოსოვოში პირველად 2017 წელს მოვხვდი, როდესაც ჩვენმა ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის შესრჩევი ტურნირი ითამაშა. კოსოვოსა და ისრაელის ნაკრებებს სერიოზული ბრძოლა გავუმართეთ და ჩემი მომავალი კლუბის, ისტოგუს ხალხი მაშინვე დამიკავშირდა, რადგანაც გუნდში ცაცია სჭირდებოდათ. მაშინ პეგასის მოთამაშე ვიყავი, 2017-18 წლების სეზონი კი აზერბაიჯანში, იდმანის აკადემიის გუნდში გავატარე. 2018 წლის შემოდგომაზე ისტოგუში გადავედი. ევროტურნირებზე ორივე მატჩი მოვუგეთ იტალიის კასანო მანიანოს, მაგრამ მე ჯვარედინი მყესი გავიწყვიტე და წელიწადზე მეტი ვმკურნალობდი, ისტოგუ კი იმ სეზონში ჩემპიონი გახდა. კოსოვოში 2020 წლის დასაწყისში დავბრუნდი. სეზონი ზუსტად მაშინ შეჩერდა პანდემიის გამო, თუმცა, ივნისში განახლდა. ჩემპიონი ფერიზაი გახდა, რომელიც ევროპის თასის მეთექვსმეტედფინალში პირდაპირ დაუშვეს. პრიზიორები, ისტოგუ და ვუშტრია კვალიფიკაციაში მოვხვდით. გარდა ამისა, ივნისში ვუშტრიასთან კოსოვოს თასის ფინალიც წავაგეთ.

ქალთა ჩემპიონატში 12 გუნდი გამოდის. კოსოვო ყოფილი იუგოსლავიის ნაწილია და ხელბურთის თამაში კარგად იციან. წლევანდელ ჩემპიონატში სულ ორი მატჩი გვაქვს ნათამაშები: 36:17 მოვუგეთ სამადრეჯას, 28:20 – ვუშტრიას. პირველ თამაშში 4 გოლი გავიტანე, მეორეში – 7 და ყველაზე შედეგიანი ვიყავი. კლუბის საკმაოდ ძლიერია. ჩემს გარდა კიდევ სამი უცხოელია – მონტენეგროელები: ესმა მურატოვიჩი, სუზანა უიკიჩი და ნატალია მილატოვიჩი. გამთამაშებელმა, მურატოვიჩმა ევროპის თასის ორ მატჩი 22 გოლი გაიტანა. ჩემს ანგარიშზე 7 იყო. ევროპის თასის მეთექვსმეტედფინალი ვიქტორია ბერესტიესთან გვაქვს. სათამაშო დღეებია 14-15 და 21-22 ნოემბერი, თუმცა, ევროტურნირებზე ხშირად ხდება, რომ ორივე მატჩს ერთი გუნდი მასპინძლობს. ჩვენი კლუბები ჯერ ვერ შეთანხმდნენ – ბელარუსებსაც და ჩვენებსაც სურთ, ორივე მატჩი შინ ჩაატარონ. თუ ვერ შეთანხმდნენ, მაშინ ჩვეულებრივი, შინ და სტუმრად ვითამაშებთ”.

კომენტარები

ბოლო ამბები