Thumbnail
  • 'კარგად გვახსოვს, გასულ დერბიში მან რამდენი პრობლემა შეგვიქმნა'
  • პარასკევს ქართველი კალათბურთელების გუნდები ერთმანეთს დაუპირისპირდებიან

ესპანეთის ლიგა ენდესაში ხვალ კანარული დერბია დანიშნული, რაც იმას ნიშნავს, რომ ერთმანეთის პირისპირ ქართველი კალათბურთელები დადგებიან: გიორგი შერმადინის იბეროსტარ ტენერიფე ბექა ბურჯანაძის გრან კანარიას უმასპინძლებს.

მომავალი ტურის წინ გუნდები კარდინალურად განსხვავებულ სიტუაციაში იმყოფებიან. იბეროსტარ ტენერიფეს 6-ვე მატჩი მოგებული აქვს და ესპანეთის ჩემპიონატის ლიდერთა შორის იმყოფება, გრან კანარიას კი, 7 ტურში მხოლოდ 1 მოგება გააჩნია და აუტსაიდერთა რიგებშია.

ხვალინდელი მატჩის წინ კომენტარი ბურჯანაძემ გააკეთა და აღნიშნა, რომ მისი გუნდის ერთ-ერთი მთავარი მიზანი შერმადინის შეჩერება იქნება, რომელმაც მიმდინარე სეზონიც ძალიან ძლიერად დაიწყო.

გრან კანარიასთან შარშანდელ მატჩში გიორგი შერმადინმა 32 ქულა ჩააგდო

“ვეცდებით, შერმადინმა თავი რაც შეიძლება არაკომფორტულად იგრძნოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, მისი შეჩერება ძალიან გაგვიჭირდება. კარგად გვახსოვს, გასულ დერბიში მან რამდენი პრობლემა შეგვიქმნა და კარგი იქნება, თუკი იგივე არ განმეორდება. ისიც სათქმელია, რომ იბეროსტარს შერმადინის გარდა არაერთი ძლიერი კალათბურთელი ჰყავს, რომელთაც ასევე დიდი ყურადღება უნდა მივაქციოთ. ცხადია, სეზონის სტარტზე 6 წაგება ჩვენს გეგმებში არ შედიოდა, თუმცა, ყველაფრის გამოსწორება შეიძლება. პარასკევს დაგეგმილი თამაში ამისთვის კარგი საშუალებაა”.

შეგახსენებთ, რომ გასული წლის დეკემბერში გამართულ მატჩში იბეროსტარ ტენერიფემ გრან კანარიას 100:79 სძლია და მაშინ შერმადინმა 32 ქულა და 9 მოხსნა მიითვალა, ბურჯანაძის მონაგარი კი 12 ქულა იყო.

მიმდინარე სეზონში გიორგის საშუალო შედეგი 18.2 ქულა, 4,8 მოხსნა, 2.2 პასი და სარგებლიანობის კოეფიციენტი 25.2 გახლავთ, ბექას საშუალო მაჩვენებლები კი ასე გამოიყურება: 7.6 ქულა, 3.1 მოხსნა, სარგებლიანობის კოეფიციენტი 7.4.

კომენტარები

ბოლო ამბები