Thumbnail

'ვშიშობ, მატჩების გამოტოვება მოუწევს' - ტუხელი ნეიმარის ტრავმაზე

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-2 ტურის მატჩში პარი სენ-ჟერმენმა სტუმრად 2:0 დაამარცხა თურქული ბაშაქშეჰირი, მაგრამ პირველ ტაიმში ტრავმის გამო, ნეიმარი დაკარგა. პსჟ-ს გერმანელი თავკაცი თომას ტუხელი შიშობს, რომ ნეიმარი რამდენიმე თამაშით დააკლდება გუნდს.

თომას ტუხელი (პსჟ-ს მწვრთნელი): "აუცილებელი იყო, რომ მოედნიდან გამოგვეყვანა. ახლა კი დიაგნოზს უნდა დაველოდოთ, სკანირების პასუხი ხვალ იქნება, კუნთის პრობლემა უნდა იყოს. ნეიმარს ძალიან არ სტკიოდა, მაგრამ სერიოზულ დისკომფორტს განიცდიდა. 

რადაგანაც ძალიან მჭიდრო კალენდარი გვაქვს, ვშიშობ, რამდენიმე მატჩის გამოტოვება მაინც მოუწევს, თუმცა ზუსტ პროგნოზს ახლა ვერ გავაკეთებ. იმედი მაქვს, რომ ტრავმა სერიოზული არ არის.

მატჩს რაც შეეხება, მოვიგეთ და ჩვენი მიზანიც ეს იყო. ვიცით, რომ მოსამატებელი გვაქვს, პირველ ტაიმში გუნდელებს ერთმანეთის გაგება უჭირდათ. მოიზე კინს დღევანდელი დღე დიდ სტიმულს მისცემს სამომავლოდ".

შეგახსენებთ, რომ ორივე გოლი პარიზელთა რიგებში მოიზე კინმა გაიტანა და გახდა ყველაზე ახალგაზრდა იტალიელი, ვინც ლიგის დებიუტი სასტარტო შემადგენლობაში გოლით აღნიშნა - მოიზე 20 წლის და 243 დღის არის. 

კომენტარები

ბოლო ამბები