Thumbnail

ჩემპიონთა ლიგის მე-2 ტურში ერთმანეთს G ჯგუფის ფავორიტები - იუვენტუსი და ბარსელონა დაუპირისპირდნენ, თუმცა ტურინში მესი-რონალდოს მონატრებული დაპირისპირება არ შედგა, რისი მიზეზიც COVID-19-ზე პორტუგალიელის დადებითი ტესტი გახდა. 

რონალდოს გარეშე მოთამაშე ანდრეა პირლოს იუვენტუსმა კი კატალონიური გრანდის წინააღმდეგ, რომელმაც ცოტა ხნის წინ რეალთან "ელ კლასიკო" წააგო, ვერაფერი გააწყო - 0:2.

კატალონიელებმა თამაში უფრო აქტიურად დაიწყეს და ანტუან გრიზმანს პირველ წუთებში  სულ ცოტა დააკლდა ანგარიშის გასახსნელად, როდესაც ბურთი ძელს მოარტყა. მაგრამ მე-14 წუთზე  ვოიცეხ შჩესნის კარში გოლი მაინც გავიდა. ლიონელ მესის პასის შემდეგ, უსმან დემბელემ დაარტყა. ფედერიკო კიეზას ფეხიდან რიკოშეტით წასული ბურთი ისეთი ტრაექტორიით ჩაეშვა ტურინელთა კარში, პოლონელი მეკარე არცკი განძრეულა.  

მასპინძლებმა ნეტოს კარში სამჯერ გაიტანეს და სამივეჯერ ალვარო მორატა გამოირჩა. მაგრამ მსაჯმა ესპანელის გოლი თამაშგარე მდგომარეობის გამო, არც მე-15 წუთზე ჩათვალა, არც 30-ზე და არც 55-ზე. ყველა შემთხვევაში არბიტრის გადაწყვეტილება სამართლიანი იყო.

ეს მორატას დღე აშკარად არ იყო

თამაშიდან გოლის გატანის შანსი რამდენჯერმე ჰქონდათ კატალონიელებს, თუმცა მომენტების გამოყენებას ვერც ანტუან გრიზმანი ახერხებდა და ვერც ლიონელ მესი. ამ უკანასკნელმა ეს მხოლოდ პენალტით შეძლო, რომელიც ანსუ ფატის წაქცევისთვის არბიტრმა მატჩის მიწურულს დანიშნა.

შედეგად, G ჯგუფში ორი ტურის შემდეგ ერთპიროვნულად რონალდ კუმანის გუნდი გალიდერდა (6 ქულა). იუვენტუსი 3 ქულით მეორე ადგილზე რჩება, ხოლო ფერენცვაროშსა და კიევის დინამოს თითო ქულა აქვთ. 

იუვენტუსი 0:2 ბარსელონა

გოლები: 0:1 დემბელე (14’), 0:2 მესი (90' პენ.).

იუვენტუსი (3-4-3): შჩესნი - დემირალი, ბონუჩი, დანილო - კუადრადო, ბენტანკური (83; ბერნარდესკი), რაბიო (83' არტური), კულუსევსკი (75' მაკკენი) - კიეზა, დიბალა, მორატა.

ბარსელონა (4-2-3-1): ნეტო - რობერტო, არაუხო (46' ბუსკეტსი), ლანგლე, ალბა - პიანიჩი, დე იონგი - გრიზმანი (89' ფირპო), ლოპესი (90' ბრაიტვაიტი), დემბელე (66' ფატი) - მესი.

ლაშა დვალის ფერენცვაროშმა შინ კიევის დინამოსთან ორბურთანი ჩამორჩენა გააბათილა და საბოლოოდ ქულა მოიპოვა - 2:2. ქართველმა მცველმა ამ მატჩში ცვლილებაზე, ბოლო რამდენიმე წუთით ითამაშა. 

ფერენცვაროში 2:2 დინამო კიევი

გოლები: 0:1 ციგანკოვი (28' პენ), 0:2 დე პენა (41'), 1:2 ნგუენი (59'), 2:2 ბოლი (90').

კომენტარები

ბოლო ამბები