Thumbnail
  • ბაშაქშეჰირი 0:2 პსჟ
  • კრასნოდარი 0:4 ჩელსი

ჩემპიონთა ლიგის მეორე ტურის შეხვედრები კიდევ ორ ჯგუფში გაიმართა. E ჯგუფში კრასნოდარმა ლონდონის ჩელსის უმასპინძლა, ხოლო H ჯგუფში ბაშაქშეჰირმა სტამბოლში, წინა გათამაშების ფინალისტი პარი სენ-ჟერმენი მიიღო.  

თომას ტუხელის გუნდისთვის ფათიჰ თერიმის სახელობის სტადიონზე მატჩი უიღბლოდ დაიწყო, მაგრამ კარგად დასრულდა. უკვე 26-ე წუთზე ტრავმა მიიღო პარიზელთა ვარსკვლავმა ნეიმარმა. აცრემლებულმა ბრაზილიელმა, რომელმაც მარცხენა ფეხის კუნთი იტკინა, მოედანი დატოვა, მისი ადგილი კი პაბლო სარაბიამ დაიკავა.

ნეიმარმა ტრავმა პირველ ტაიმში მიიღო და მოედანი დატოვა

პსჟ-მა გატანა მეორე ტაიმში, კუთხურის მოწოდების შემდეგ. კილიან მბაპეს ჩაწოდებულს თავი მოიზე კინმა შეაგება და გაიტანა. იტალიელი თავდამსხმელი ამ მატჩის გმირი გახდა. კინმა, რომელსაც ასისტენტობა ისევ მბაპემ გაუწია, ბურთი ერთი ფეხით მიიღო, მეორეთი კი თურქების კარში ზუსტად გადაგზავნა.

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-3 ტურში, 4 ნოემბერს, თომას ტუხელის გუნდი ისევ სტუმრად ითამაშებს - ლაიპციგთან, ბაშაქშეჰირი კი მანჩესტერ იუნაიტედს უმასპინძლებს.  

ბაშაქშეჰირი 0:2 პსჟ

გოლები: 0:1, 0:2 კინი (64', 79').

პსჟ (4-4-2): ნავასი - ფლორენცი (73' კერერი), დანილუ, კიმპებმე, კურზავა (87' ბაკერი) - დი მარია (73' რაფინია), ერერა (87' გეიე), მარკინიოსი, ნეიმარი (26' სარაბია) - კინი, მბაპე.

კრასნოდარის სტადიონზე ლონდონელები თავიდანვე დაუფლნენ უპირატესობას და უკვე მე-15 წუთისთვის პენალტის დარტყმის უფლებაც მოიპოვეს. მასპინძლებს წესები ტიმო ვერნერმა დაარღვევინა, პენალტის ნიშნულიდან კი ჟორჟინიომ დაარტყა. ბურთი ჯერ ძელს მოხვდა, შემდეგ მეკარეს, მაგრამ კარში არაფრით შევარდა.

ჩელსიმ პირველ ტაიმში ანგარიში მაინც გახსნა. კალუმ ჰადსონ-ოდოის დარტყმული არ იყო უნაკლო, თუმცა კრასნოდარის მეკარე მატვეი საფონოვმა ბურთი უხეიროდ, საკუთარი კარისკენ "მოიგერია".

ჩელსიმ კრასნოდარში იოლად მოიგო

შესვენების შემდეგ ლონდონელებმა კიდევ ერთი 11-მეტრიანის დარტყმის უფლება მოიპოვეს. შეცვლაზე წუთების შესულმა პულიშიჩმა ბურთი კრასნოდარელ ფეხბურთელს ხელზე მოარტყა, პენალტი კი ტიმო ვერნერმა გოლად აქცია. კრასნოდარელებს ყველა იმედი ჯერ კიდევ ჰაკიმ ზიეხმა გადაუწურა, რომელმაც ბურთი მეტოქის ორ მცველსა და მეკარეს შორის გააძვრინა, საბოლოო წერტილი კი კრისტიან პულიშიჩმა დასვა. 

მომდევნო ტურში, 4 ნოემბერს, ჩელსი შინ რენს მიიღებს, კრასნოდარი კი სტუმრად სევილიას დაუპირისპირდება.

კრასნოდარი 0:4 ჩელსი

გოლები: 0:1 ჰადსონ-ოდოი (37'), 0:2 ვერნერი (76'), 0:3 ზიეში (79'), 0:4 პულიშიჩი (90').

ჩელსი (4-2-3-1): მენდი - ასპილიკუეტა, რუდიგერი, ზუმა, ჩილველი (81' ემერსონი)- ჟორჟინიო (71' მაუნტი), კოვაჩიჩი (71; კანტე) - ზიეში (81' აბრაჰამი), ჰავერცი, ჰოდსონ-ოდოი (71' პულიშიჩი) - ვერნერი.

კომენტარები

ბოლო ამბები