Thumbnail
  • ლეონიდ სლუცკიმ 19 წლის ქართველი ნახევარმცველი დეტალურად დაახასიათა
  • ცნობილი რუსი სპეციალისტი ხვიჩას ნიჭიერებასა და შესაძლებლობზე საუბრობს

საქართველოს ნაკრებისა და რუბინის 19 წლის ნახევარმცველზე ხვიჩა კვარაცხელიაზე მომზადებულ საათნახევრიან ფილმში, რომელიც ნობელ არუსტამიანის YOUTUBE-არხზე გამოქვეყნდა, ყაზანის გუნდის მთავარი მწვრთნელი ლეონიდ სლუცკის ინტერვიუც არის წარმოდგენილი.

49 წლის ცნობილი სპეციალისტი, რომელსაც სხვადასხვა დროს რუსეთის ეროვნული ნაკრები, მოსკოვის ცსკა, ინგლისური ჰალ სიტი და არნემის ვიტესიც გაუწვრთნია, ქართველ ფეხბურთელს ახასიათებს. სლუცკიმ, რომელიც ხვიჩას თითქმის წელიწადია წვრთნის (რუბინი 2019 წლის დეკემბერში ჩაიბარა), ახალგაზრდა ქართველი ტალანტის ნიჭიერებასა და შესაძლებლობებზე დეტალურად საუბრობს.

ლეონიდ სლუცკი: "ის დიდი ტალანტია. აბსოლუტურად სერიოზულად ვამბობ - როდესაც რუსეთში დავბრუნდი - რუბინში, რომელსაც გავარდნის ზონას ქულა აშორებდა, იყო დიდი რეპუტაციური რისკი და ამის გამო ძალიან ვნერვიულობდი. მაგრამ პირველივე ვარჯიშზე, როდესაც კვარაცხელია დავინახე, მივხვდი, რომ საერთოდ არ ჰქონდა მნიშვნელობა ჩემი გუნდის სატურნირო მდგომარეობას, ეს იყო ჩემთვის უდიდეს ტალანტთან მუშაობის შესაძლებლობა. 

დიდი ტალანტი აშკარად ჩანს და მას არ სჭირდება ხანგრძლივი დაკვირვება. მაქსიმალურ სისწრაფეზე ახერხებდა მოტყუებას, აშკარა იყო მისი ხარისხი. მას არ ჰქონდა "შიშველი" დრიბლინგი, მაგალითად, როგორც ჯანო ანანიძეს. ის სწრაფი და საკმარისად ძლიერია. ბევრს შეცდომით ჰგონია, რომ ის დრიბლიორი-ბალერინაა, მაგრამ სინამდვილეში რუსეთის პრემიერლიგაში ყველაზე მეტი ორთაბრძოლა შეტევაში სწორედ მას აქვს. ის არამხოლოდ სწრაფი დრიბლინგით ხასიათდება, არის ძლიერი, კარგია ბოლო ფაზაში, კარგად ესმის თამაში და არის საკმაოდ პასუხისმგებლიანი ართმევისას. 

ხვიჩას ანგარიშზე ჩემპიონატში 2 გოლი, 1 საგოლე პასი და მოპოვებული 3 პენალტია

გასაგებია, რომ მისთვის უფრო საინტერესო ბურთით თამაშია. მისთვის უფრო საინტერესო შეტევაა, ვიდრე დაცვაზე ზრუნვა, თუმცა დაცვითი ფუნქციების შესრულებასაც საკმაოდ კარგად ახერხებს. 
 
ხვიჩას ოდეგაარდს შევადარებდი. მას აქვს თვისებების იშვიათი ერთობლიობა, როგორც ფუნქციონალური, ისე - ტექნიკური: საერთო ამტანობა, ამტანობა სისწრაფეზე. ის დარბის 12 კმ-ზე მეტს, მას აქვს მაღალი მაქსიმალური სისწრაფე - 9.3 მ/წმ-ზე მეტი. რაც მთავარია, მასში არ უნდა მოვკლათ ეს ინტერესი ფეხბურთისადმი. ვარჯიშებზე ხშირად საყვედურობენ: მოგვეცი ბურთი, მერამდენედ უნდა მოატყუო… ყოველთვის ვეუბნები: თუკი არის დრიბლინგისთვის ბაზა, თუკი არ ხარ საკუთარ ნახევარზე, არ ხარ ზურგით მეტოქის კარისგან და არის თავისუფალი ზონა, კი, ბატონო...

დიახ, ხვიჩა არის ფეხბურთელი ზედა ზღვარის გარეშე. როდესაც მუშაობ ფეხბურთელთან, ხვდები, რამ შეიძლება მისი ზრდა შეაჩეროს - ფიზიკურმა, მენტალურმა, ტექნიკის დონემ… იცი, რა სტადიას მიაღწევს ფეხბურთელი. ხვიჩას შემთხვევაში კი, ვერ ვხედავ იმ ბარიერს, რომელიც შეიძლება მან ვერ გადალახოს.

იწერება, რომ ქართველი ტალანტით სევილია და დორტყმუნდი დაინტერესდნენ

ის მუშაობს თავის ხასიათზე, მენტალიტეტზე. თავიდან ვარჯიშებზე ყოველ შეჯახებაზე ტკივილისგან, შეიძლება ითქვას, ტიროდა. თავიდან მეშინოდა, მაგრამ მერე მივხვდი, რომ ეს მისი ბავშვური რეაქცია იყო ტკივილზე. ის მკაცრად გავაფრთხილე,  ექიმებს კი მასთან მიკარებაც ავუკრძალე. საბოლოოდ ხვიჩა მიხვდა, რომ ეს არც სპორტულია და არც ვაჟკაცური და სწრაფად შეიცვალა".

კომენტარები

ბოლო ამბები