Thumbnail
  • The Athletic-ის ინტერვიუ რატი ალექსიძესთან
  • ჩელსის ყოფილი ფეხბურთელის ისტორია

მსოფლიოში ცნობილმა ვებგვერდმა The Athletic-მა ლონდონის ჩელსისა და საქართველოს ნაკრების ყოფილი ფორვარდის, რატი ალექსიძის ვრცელი ინტერვიუ გამოაქვეყნა, რომელშიც საქართველოს ნაკრების ყოფილი ფორვარდი ხელიდან გაშვებულ შესაძლებლობეზე და ცხოვრების მძიმე წუთებზე საუბრობს.

საიმონ ჯონსონი ცნობილი ბრიტანელი ჟურნალისტია, ის 2 000 წლიდან ჩელსის რეპორტიორია, მუშაობდა "ჰეითერსში", "ლონდონ ივნინგ სტანდარტსა" და რადიო  talkSPORT-ში. 

The Athletic-მა სტატია ასეთი სათაურით გამოაქვეყნა: "რატი ალექსიძე: ცუდ სიტუაციაში ვიყავი, ნარკოტიკებს მივეძალე, საკუთარი თავი დავკარგე..."

შეგახსენებთ, რომ რატი ალექსიძე დინამო თბილისის აღზრდილია, ის 1999 წელს ლონდონის ჩელსიში გადავიდა, მაგრამ სულ ორი მატჩი ითამაშა პრემიერლიგაში და ერთი ევროთასებზე. ჩელსიმ რატი 2001 წელს, 23 წლის ასაკში გაუშვა. დინამოში დაბრუნების შემდეგ რატიმ კარიერის გაგრძელება როსტოვში მოსინჯა. 25 წლის იყო, როცა კარიერა დაასრულა, თუმცა შემდეგ დაბრუნება შეძლო (თბილისის ლოკომოტივი, დიორი ეტო, დილა). ეროვნულ ნაკრებში რატი ალექსიძემ 28 მატჩში 2 გოლი გაიტანა. 

The Athletic ალექსიძეზე

რატი ალექსიძე 25 წლის იყო, როცა მძიმე სიტუაციაში აღმოჩნდა - კარიერა, რომელიც ასე იმედისმომცემი ჩანდა, როდესაც ჩელსიში გადავიდა, განადგურებული იყო. მაშინ დამწუხრებულმა ფორვარდმა რუსული კლუბის, როსტოვის პრეზიდენტ ივან სავიდისს შემდეგი განუცხადა: 

"ვუთხარი, ფეხბურთის დედაც, როსტოვის დედაც და შენიც-მეთქი! და წამოვედი. მაშინ კონტრაქტის დასრულებამდე კიდევ 3.5 წელიწადი რჩებოდა. გუნდს სურდა, რომ მეთამაშა, მაგრამ მე ფეხბურთის თამაში აღარ მინდოდა".

ეს დაეამართა ბიჭს, რომელიც ამბობდა, რომ ძალიან ბევრს სწავლობდა მწვრთნელ ჯანლუკა ვიალისგან; გუნდში ჯანფრანკო ძოლა და მარსელ დესაი ჰყავდა; ჯოდი მორისთან ერთად გასართობად დადიოდა და ჯონ ტერის თავის ოცნებებზე უყვებოდა, რომელიც ჩელსის უკავშირდებოდა. 2004-ში კი მას ყველაფრის დავიწყება სურდა.

ალექსიძის კარიერა ჩელსიში არც ერთი პარამეტრით არ გამოდგა სამაგალითო. მეტიც, ჩვენთან საათზე მეტ საუბარში, რატი ამბობს, რომ მისი დეპრესია სწორედ ინგლისის დედაქალაქში დაიწყო. მაგრამ ყველაზე დიდი დარტყმა მის ცხოვრებაში სწორედ 2004 წელს იყო - როსტოვში თამაშისას მან შეიტყო, რომ მამა გარდაეცვალა.

"პრეზიდენტს ვუთხარი, რომ ერთი კვირით სახლში უნდა წავსულიყავი. კლუბის ხელმძღვანელობა ძალიან უხეში იყო, მათ ვერ გამიგეს. რა თქმა უნდა, მაინც წავედი - რაც მამას დაემართა, ამან დიდი დარტყმა მომაყენა. რომც მეცადა თამაში, არ გამომივიდოდა. როსტოვი არ მიშვებდა, მაგრამ, სიმართლე გითხრათ, ფეხბურთის თამაში საერთოდ აღარ მინდოდა.

სულ სხვა სამყაროში მოვხვდი, ცუდ სიტუაციაში ვიყავი. ნარკოტიკებ? დიახ! ყველაფერს ცუდს დავუკავშირდი, საკუთარი თავი დავკარგე. როცა ყველაფერი გაქვს, ცხოვრებაც მშვენიერია - გაქვს ძალა, ფული, თამაშობ ფეხბურთს. როცა მამა გარდაიცვალა, ჩავთვალე, რომ ყველაფერი დავკარგე. ვერც ფულზე ვფიქრობდი, ვერც ბიზნესზე და ფეხბურთზე. შინაგანად მოვკვდი - სუსტი ვიყავი.

ასე არ შეიძლებოდა. მაგალითისთვის, ფრენკ ლამპარდმა დედა დაკარგა, მაგრამ ისევ კარგად თამაშობდა, გოლები გაჰქონდა. მიხაროდა, რომ მან ეს შეძლო. ერთსა და იმავე სიტუაციაში, მე სუსტი აღმოვჩნდი, ფრენკი კი - ძლიერი".

უელსი v საქართველო. ეშლი უილიამსის წინააღმდეგ

ერთხელ, ლონდონში, ალექსიძემ გაიღვიძა და დაინახა, რომ დასისხლიანებული იყო. მისი პირველი რეაქცია დაბნეულობისა და შიში ნაზავი იყო. ნელნელა ყველაფერი გაიხსენა - ჭრილობის მიზეზი კი ახალი ტატუ იყო (ჩინური წარწერა - "ლომი"). მიუხედავად იმისა, რომ ახალგაზრდული გუნდის წევრი იყო, რატი მალევე დაუმეგობრდა ყველას, მათ შორის ვარსკვლავებს, მაგალითად, ჯიმი ფლოიდ ჰასელბაინკსა და ამომავალ ვარსკვლავ ჯონ ტერის. როცა "სტემფორდ ბრიჯზე" თამაშობდა, ხშირად დადიოდა ბარში თანაგუნდელებთან ერთად. 

ყველაზე ახლოს რატი, ალბათ, ჯოდი მორისთან იყო, რომელიც ახლა ლამპარდის ასისტენტია ჩელსიში. აკადემიის აღზრდილი მორისი პირველ გუნდში მოხვდა, მაგრამ მანაც სრულად ვერ გამოავლინა თავისი პოტენციალი, მიზეზი საფეხბურთო მოედანს არ უკავშირდებოდა. 

რატი ალექსიძემ ჩელსი დინამოში თამაშით დააინტერესა, ისევე, როგორც საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებში. 1997 წელს ის 2-კვირიან სინჯებზე მიიწვიეს, როცა გუნდს რუუდ გულიტი წვრთნიდა. მაშინ რეგულაციების გამო ალექსიძის აყვანა ვერ მოხერხდა და ის დინამოში დაბრუნდა. თუმცა ის ჩელსის პრეზიდენტმა კენ ბეიტსმა შენიშნა:

"მგონი, სამი გოლი გავიტანე. კენ ბეიტსი გასახდელში შემოვიდა, შემაქო და მითხრა, რომ მუდმივი ყურადღების ქვეშ ვიქნებოდი. შემდეგ ნაკრებში თამაშებიც დამიგროვდა და 1999 წელს ჩემი ტრანსფერი უკვე შესაძლებელი იყო".

ალექსიძემ თავიდან ლონდონის დასავლეთში გარეუბანი აქტონი აირჩია საცხოვრებლად, მაგრამ მალევე გადავიდა კენსინგტონის ლამაზ ბინაში, რომ ქალაქის მთელი სურნელი კარგად შეეგრძნო. თავიდან ყველაფერი შესანიშნავად იყო. ის მეზობლად მცხოვრებ პოპვარსკვლავ მარკ მორისონს დაუმეგობრდა. 

"მარკი და მე დავმეგობრდით, მე მისი მუსიკა მომწონდა, მას - ჩელსი. თავისი ალბომები მაჩუქა, მე კიდევ - ჩელსის ბილეთები. ერთხელ ძალიან სასაცილო ამბავი შეგვემთხვა - ჩვენი სახლები ძალიან ჰგავდა ერთმანეთს და მარკის მეგობარს შეეშალა და ჩემთან შემოვიდა. შინ მხოლოდ ჩემი მეგობარი იყო, რომელმაც უცხო რომ დაინახა, მას ხანჯლით გაეკიდა. მარკმა და მე ძალიან ვიხალისეთ ამ ამბავზე".

აშკარაა, რომ პირველ წლებში ალექსიძეს ყველაფერი მოსწონდა ინგლისში. ერთხელ მარსელ დესაი მას და მის თანამემამულეებს, გიორგი ქინქლაძესა და თემურ ქეცბაიას დაეხმარა, ერთ ექსკლუზიურ კლუბში მოხვედრილიყვნენ, სადაც ჯენიფერ ლოპესიც დადიოდა. სანამ დესაი არ ჩაერია, ქართველებს კლუბში არ უშვებდნენ, რადგან ისინი "შავებში იყვნენ ჩაცმულები, გაუპარსავები და უცნაურად გამოიყურებოდნენ". 

იმ პერიოდიდან ალექსიძე ვინსტონ ბოგარდთან ჩხუბსაც კი კარგად იხსენებს - ვარჯიშის დროს ისინი გუნდელებმა გააშველეს, მაგრამ ჩხუბი გასახდელში გაგრძელდა. ბოგარდი ვარჯიშზე ორმხრივ მატჩში მოგებისთვის ალექსიძის ზეიმმა გააღიზიანა. 

"არ ვიცი ბოგარდს დარტყმა უნდოდა ჩემთვის თუ შეშინება, მაგრამ მახსოვს ძალიან გავმწარდი. იმ დროს გრონკიაერი იყო დაშავებული და შტანგით ვარჯიშობდა, სწორედ ის ჩავარტყი კისერში მას. ყველა გაოცებული მიყურებდა, ამის მერე არავინ მომკარებია. სხვათა შორის, მე და ვინსტონსაც ძალიან კარგი ურთიერთობა გვქონდა, შესანიშნავი ბიჭია".

კარიერის ბოლოს უნგრულ დიორი ეტოში ითამაშა

მაგრამ ამის მერე რატის მხიარული ტონი იცვლება, უფრო სევდიანით და სერიოზულით:

"ჩელსიში რომ თავი დაიმკვიდრო, ფიზიკურად, მენტალურად და ფსიქოლოგიურად ძლიერი უნდა იყო. ეს ძალიან რთული იყო ჩემთვის, ბავშვი ვიყავი. კონკურენტები მართლაც მაგრები იყვნენ: ძოლა, გუდიონსენი, პოიეტი, ფლო...

100%-ით ჩემი ბრალია, რომ ჩელსიში ვერ "გავქაჩე", მეტი პროფესიონალიზმი უნდა გამომევლინა. მეტი თამაში შემეძლო, მაგრამ ეს არ მოხდა. შესაძლოა, მიზეზი ლუდია, ან ინგლისელი გოგონები. როცა იგებდნენ, სად ვთამაშობდი... ყველაფერი შესანიშნავად იყო.

საერთო ჯამში, საკმარისად არ მეძინა, ვიცი, რომ ყველაფერს სწორად არ ვაკეთებდი. მაგრამ ძნელია, უცხოელისთვის, რომელიც ჯერ ჩამოყალიბებული ადამიანი არ არის, ყველაფერი სწორად გააკეთოს. მენტალურად მოვკვდი, პირადი პრობლემები მქონდა, მარტო ფეხბურთში არა. შესაძლოა, შეყვარებულიც ვიყავი. ცუდად ვთამაშობდი, ბურთს წესიერად ვერ ვიღებდი, კონცენტრაცია დავკარგე, თავში ყველაფერი არეული იყო".

რატი ალექსიძემ ჩელსის მაისურით ჯამში მხოლოდ 63 წუთი ითამაშა, ის სამჯერ ათამაშა ვიალის შემცვლელმა კლაუდიო რანიერიმ. დებიუტი წარუმატებელი გამოდგა. სენტ გალენთან მატჩში რობერტო დი მატეომ ორ ადგილზე მოიტეხა ფეხი და ფაქტობრივად კარიერა დაასრულა, ჩელსიმ 0:2 წააგო და გავარდა, არადა, რატის ბურთი ძელისთვის რომ არ გაერტყა, შემდეგ ეტაპზე ჩელსი გავიდოდა. ამას მოყვა მატჩები დერბისთან და მიდლსბროსთან. სულ ეს იყო: მომდევნო სექტემბერს რატი გუნდიდან გაუშვეს. მისი იჯარით გაშვება შეფილდ უენსდეიში სურდათ, მაგრამ რეგულაციების გამო არ გამოვიდა. ყველაზე ცუდი ის იყო, რომ მას ინგლისიდან წასვლა მოუწია:

"ჩელსიში ზურგის ტრავმა მივიღე, რომელიც ნაკრებში თამაშში გავირთულე. ოპერაცია სარისკო იყო, შეიძლებოდა ფეხბურთი ვეღარ მეთამაშა. სამი თვე ვარჯიშიც არ შემეძლო, მეშინოდა. მივედი და გათავისუფლება ვითხოვე, ძალიან კარგად მომექცნენ, დარჩენილი ხელფასიც გადამიხადეს". 

ალექსიძეს დინამოში დაბრუნებამ უშველა, მაგრამ შემდეგ იყო ტრანსფერი როსტოვში და მორიგი უფსკრული. ახლა რატი 42 წლის არის და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში მუშაობს, აქვს თავისი ბიზნესიც. მიუხედავად იმისა, რომ შემდეგ სუსტ გუნდებში თამაშობდა, ის, რომ კარიერა დაიბრუნა და კიდევ 6 წელი ითამაშა, მიღწევაა იმის გათვალისწინებით, რომ 25 წლის ასაკში ყველაფერი დაკარგული ეგონა. მიზეზი მისი მეორე მეუღლეა, ლიკა მხეიძე.

"მე მას ბავშვობიდან ვიცნობ, მიყვარდა. შემდეგ ჩვენი გზები გაიყო, მე ლონდონში წავედი, ის თბილისში დარჩა. როცა ისევ შევხდი, გული ალბათ, წუთში 250-ჯერ მიცემდა. ახლა ძალიან ბედნიერები ვართ. ის დამეხმარა და ბნელი დროებიდან გამომიყვანა, რომ არა ის, არ ვიცი ახლა სად ვიქნებოდი. ლიკა მხოლოდ მეუღლე არ არის, ის ჩემი საუკეთესო მეგობარია. ურთიერთგაგება უმნიშვნელოვანესია მეუღლეებს შორის.

ერთ დღესაც, როცა ეპიდემია დასუსტდება, ოჯახით ლონდონში ჩამოვალ და ჩელსის თამაშს დავესწრები. გავიხსენებ იმ დროს, რომელიც მიუხედავად ყველაფრისა, ჩემთვის ერთ-ერთი საუკეთესო პერიოდი იყო ცხოვრებაში". 

კომენტარები

ბოლო ამბები