Thumbnail

რუსული Championat.com ახალ დეტალებს ამხელს 19 წლის ქართველი ფეხბურთელის ხვიჩა კვარაცხელიას დორტმუნდის ბორუსიაში შესაძლო ტრანსფერის შესახებ და ამ ამბის თაობაზე საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის ვლადიმის ვაისის კომენტარსაც ავრცელებს.

“რუბინში დაგვიდასტურეს, რომ გერმანული კლუბი ხვიჩათი სერიოზულადაა დაინტერესებული, მაგრამ, “კლუბში ოფიციალური დოკუმენტები ჯერ არ მოსულა”. “ზაფხულში კვარაცხელიას გადაბირება რუსული პრემიერლიგის ყველა გრანდს სურდა: დაწყებული ზენიტით და სპარტაკით დამთავრებული, თუმცა, რუბინში მისი რომელიმე რუსულ კლუბში გაშვება არ სურთ. ხვიჩას ყაზანში ყველაფერი კარგად აქვს და არც ლეონიდ სლუცკისთან გააჩნია პრობლემები. დიახ, იქ დორტმუნდის სურვილის შესახებ იციან და რუბინთან შესაბამისი კონტაქტებიც იყო”, - ამბობს რუბინში ჩვენი წყარო.

მისივე თქმით, ზაფხულში ყაზანელებს კონკრეტული წინადადებით თურქული გალათასარაი შეეხმიანა, თუმცა, საქმე წი არ წასულა: “ისინი მზად იყვნენ კვარაცხელიას სანაცვლოდ 15 მილიონი ევრო გადაეხადათ, მაგრამ კლუბის გენერალურმა დირექტორმა რუსტემ საიმანოვმა ფეხბურთელის გაყიდვაზე უარი განაცხადა”.

ეს ინფორმაცია თავად კვარაცხელიასთან დაახლოებული პირისგანაც გვაქვს, რომელიც იმასაც ამბობს, რომ რუბინი ხვიჩას შენარჩუნებას მომდევნო წლის ზაფხულამდე შეეცდება. მიზეზი კი ისაა, რომ საქართველოს ეროვნულ ნაკრებს ევრო 2020-ის ფინალურ ეტაპზე გასვლის საკმაოდ მაღალი შანსი აქვს: “ამ შემთხვევაში, ხვიჩას გაცილებით სარფიანად გაყიდვა იქნება შესაძლებელი და თვითონ მასაც თავის გამოჩენის საუკეთესო საშუალება ექნება”.

ქართველი ტალანტისადმი ინტერესი ევროპაშიც მატულობს

იმაზე, რომ კვარაცხელიას უმაღლესი დონის კლუბში თამაში უკვე ახლავე შეუძლია, საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი ვლადიმირ ვაისიც საუბრობს.

“კარგი ფეხბურთელები ყველაფრისთვის მზად არიან, ხვიჩა კი ძალიან კარგი ფეხბურთელია. თუკი ბორუსიაში ტრანსფერი შედგა, ეს შესანიშნავი იქნება. მისთვისაც მაგარი ამბავი იქნება. ჩემი აზრით, ხვიჩა იქ სათამაშოდ 100%-ით მზადაა. საქართველოში ასეთი ფეხბურთელები უკვე ბევრნი იყვნენ. ძალიან მნიშვნელოვანია, ის თავის კარიერას როგორ განაგრძობს. როგორ ზეგავლენას მოახდენენ მასზე აგენტები და მწვრთნელები. ხვიჩა ძალიან კარგი ბიჭია, რომელიც ვარჯიშებზე ძალიან ყურადღებით არის. ახლა, ის საუკეთესო რუსი მწვრთნელისა და ჩემი კარგი მეგობრის – ლეონიდ სლუცკის მეთვალყურეობის ქვეშ გახლავთ. კვარაცხელია კარგ ხელსა და კლუბშია. მას საოცარი ტალანტი აქვს. დიახ, მას ბურთის დაჭერა უყვარს, ტაქტიკურად ბევრი უნდა ისწავლოს და სხვა მნიშვნელოვანი ფაქტორებიც გაითავისოს, თუმცა, განსაკუთრებული ნიჭი გააჩნია. მას ღმერთის წყალობით იმის უნარი აქვს, რომ თამაშების ბედი მარტომ გადაწყვიტოს”.

ხვიჩა კვარაცხელია რუსეთში 2019 წელს გადაბარგდა და მოსკოვის ლოკომოტივში იჯარით გამოდიოდა, რის შემდეგაც რუბინში გადავიდა. 19 წლის ფეხბურთელმა მიმდინარე სეზონში რუსეთის პრემიერლიგის 12 მატჩში ითამაშა, გაიტანა 2 გოლი, მიითვალა 1 საგოლე პასი და მოიპოვა 3 პენალტი. ქართველ შემტევს, რომელსაც რუბინთან კონტრაქტი 2024 წლამდე აქვს გაფორმებული, TRANSFERMARKT 7,5 მილიონ ევროდ აფასებს.

კომენტარები

ბოლო ამბები