Thumbnail
  • გლადბახი 2:2 რეალი
  • რეალის ფეხბურთელების სკანდალური დიალოგი გლადბახთან შეხვედრის დროს
  • ქარიმ ბენზემა და ფერლან მენდი ვინისიუს ჟუნიორის წინააღმდეგ მოქმედებდნენ      

კამერამ მადრიდის რეალის ფეხბურთელების სკანდალური დიალოგი დააფიქსირა, რომელიც ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-2 ტურის მატჩის დროს, მეორე ტაიმის დაწყებამდე გაიმართა. როგორც ჩანს, "სამეფო კლუბის" ფეხბურთელებს შორის ერთმანეთის მიმართ ნდობის ხარისხი არცთუ მაღალია. 

მადრიდის რეალმა გლადბახთან სტუმრად ფრედ 2:2 ითამაშა. ზინედინ ზიდანის გუნდმა ორბურთიანი ჩამორჩენა ბოლო წუთებში გააბათილა - 87-ე წუთზე ქარიმ ბენზემამ გაიტანა, მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში კი - კაზემირომ.

შესვენების შემდეგ, როდესაც მადრიდელები ანგარიშით 0:1-ს აგებდნენ, სტუმარი ფეხბურთელები მოედანზე გასავლელად ემზადებოდნენ და ვიდეოში ეს ეპიზოდია აღბეჭდილი. მიონხენგლადბახის არენის ტრიბუნის ქვეშ არსებულ გვირაბში მყოფმა ქარიმ ბენზემამ ფრანგულად თავის თანამემამულე ფერლან მენდის მიმართა: 

"ძმაო, ამას პასი აღარ მისცე. დედას გეფიცები, ეს ჩვენს წინააღმდეგ თამაშობს", - უთხრა ბენზემამ მენდის.

ბენზემას და მენდის დიალოგი

როგორც RMC Sport ვარაუდობს, ქარიმი რეალის გარემარბს - ვინისიუს ჟუნიორს გულისხმობდა, რომელიც მისგან რამდენიმე მეტრში იმოფებოდა. ბრაზილიელი სწორედაც რომ მარცხენა ფლანგზე თამაშობდა, სადაც მისი პარტნიორი ფერლან მენდი იყო. 

სხვათა შორის, მეორე ტაიმის სტატისტიკის თანახმად, მენდიმ ვინისიუსს სულ სამჯერ გადააწოდა ბურთი. არადა, შესვენებამდე ფრანგმა ეს ცხრაჯერ გააკეთა. 70-ე წუთზე ბრაზილიელი ედენ აზარმა შეცვალა.

ქარიმ ბენზემამ გლადბახთან გოლის გატანა შეძლო

ჩემპიონთა ლიგის B ჯგუფში ჩატარებული ორი მატჩის შემდეგ, ზინედინ ზიდანის გუნდს მხოლოდ ქულა აქვს და ბოლო ადგილზეა. ჯგუფს შახტარი (4 ქულა) ლიდერობს, ხოლო გლადბახსა და ინტერს 2-2 ქულა აქვთ. ლიგაში მომდევნო მატჩს რეალი 3 ნოემბერს, შინ მილანის ინტერთან ჩაატარებს.

კომენტარები

ბოლო ამბები