Thumbnail

'დაწყევლილი დაღესტნელი გამექცა!' - ტონი ფერგიუსონი ჯონ ჯონსის მხარესაა

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • ხაბიბ ნურმაგომედოვის პირველობას შეჯამებულ რეიტინგში ბევრი არ ეთანხმება
  • ტონი ფერგიუსონს მიაჩნია, რომ ყველა დროის საუკეთესო ჯონ ჯონსია
  • დისკუსიაში ხაბიბის მენეჯერი აბდელ-აზიზიც ჩაერთო

ხაბიბ ნურმაგომედოვის გალიდერებას Pound-for-pound-რეიტინგში (საუკეთესო მებრძოლების შეჯამებული რეიტინგი წონითი კატეგორიებისგან დამოუკიდებლად) არა მარტო ყოფილი ლიდერი ჯონ ჯონსი, არამედ კიდევ ბევრი არ ეთანხმება. ერთ-ერთი მათგანი ამერიკელი მებრძოლი ტონი ფერგიუსონია, რომელმაც ამ დაპირისპირებაში ჯონსის მხარე დაიჭირა.

“ჯონ ჯონსი - ეს წოდება მას ეკუთვნის” - უპასუხა ტონიმ ტვიტერზე ჯონსს.

გარდა ამისა, ტონი ფერგიუსონმა Youtube-ის არხ Submission Radio-სთან ინტერვიუშიც ისაუბრა და იმ ფაქტზე გაამახვილა ყურადღება, რომ ხაბიბმა გეიჯისთან გამარჯვების შემდეგ მაშინვე კარიერა დაასრულა: "არ გამიკვირდა, რომ წავიდა. მისმა მენეჯერმა ალი აბდელ აზიზმა თავისი საქმე გააკეთა, მან თავისი კლიენტი ძალიან სახიფათო ოპონენტისგან იხსნა. ხაბიბი გამირბოდა. ეს ბიჭები რუსეთიდან ყველა ხერხით გამირბიან. გასაოცარია! მე ჩემი საქმე გავაკეთე, ის კი გაიქცა. დაწყევლილი დაღესტნელი ისე გაიქცა - უკან არ მოუხედავს! შენს ოჯახურ საქმეებს მიხედე და ჩვენ შევხვდებით, როცა აქ იქნები, ადგილზე!" - თქვა ტონიმ.

დისკუსიას ყველა დროის პირველობაზე ნურმაგომედოვის მენეჯერი ალი აბდელ-აზიზიც გამოეხმაურა. “ნამდვილი მეფე მოვიდა. 10 წლის მანძილზე მისი დამარცხება ვერავინ შეძლო. ის არასდროს ყოფილა ნოკაუტში. თვალზე არ ჰქონია დალურჯებული ადგილები. მას არასდროს ჰქონია პრობლემა არც გალიაში და არც მის გარეთ. ერთ-ერთი საუკეთესო ადამიანია მათ შორის, ვისაც შეიძლება შეხვდე. ის არის ყველაზე დომინანტი ჩემპიონი UFC-ის ისტორიაში. ამაშია საქმე! მიყვარხარ ჩემო ძმაო. ახლა რაც უნდა გააკეთო, მეფე ხარ და დიდხანს იქნები,” - დაწერა აბდელ-აზიზმა ინსტაგრამზე.

უშუალოდ ჯონ ჯონსი კი ხაბიბის გაპირველებას უფრო ადრე გამოეხმაურა და, რა თქმა უნდა, არ დაეთანხმა. მან აღნიშნა რომ მისგან განსხვავებით, ხაბიბს თავის კარიერაში არ გაუკეთებია იმდენი რამ, რომ ყველა დროის საუკეთესო მოჩხუბრის წოდება დაემსახურებინა. მისივე სიტყვებით, ხალხის გონება დაბინდულია იმის გამო, რომ ხაბიბმა ემოციური გამარჯვება მოიპოვა და სპორტიდან წასვლის შესახებაც გამოაცხადა. ჯონსი აცხადებს, რომ მას ხაბიბ ნურმაგომედოვზე ბევრად მეტი აქვს გაკეთებული.

შეგახსენებთ, რომ 32 წლის ხაბიბ ნურმაგომედობმა UFC 254-ზე ჯასტინ გეიჯი მეორე რაუნდში დაამარცხა, ბრძოლის შემდეგ კი განაცხადა, რომ კარიერას ამთავრებს. მას MMA-ში 29 ბრძოლიდან ყველა მოგებული აქვს, აქედან 13 UFC-ში. ხაბიბმა ტიტული მესამედ დაიცვა. მანამდე მან კონორ მაკგრეგორი და დასტინ პორიე დაამარცხა.

📺 ხაბიბ ნურმაგომედოვი V ჯასტინ გეიჯი [ბრძოლა]

კომენტარები

ბოლო ამბები