Thumbnail

'ფანტასტიკური'- შახტარის თავკაცმა ინტერთან ხოჭოლავას თამაში შეაფასა

დონეცკის შახტარის მთავარმა მწვრთნელმა ლუიშ კაშტრუმ ჩემპიონთა ლიგაში მილანის ინტერთან საშინაო მატჩი შეაფასა და გუნდის ქართველი მცველის, დავით ხოჭოლავას თამაშს ფანტასტიკური უწოდა.

უკრაინულმა გუნდმა B ჯგუფის მეორე ტურის შეხვედრა ინტერთან ფრედ (0:0) დაასრულა და ახლა ცხრილს 4 ქულით ლიდერობს. ხოჭოლავამ შეხვედრა მასპინძელთა სასტარტო შემადგენლობაში დაიწყო, მაგრამ 62-ე წუთზე ბარძაყის კუნთის ტრავმის გამო შესაცვლელი გახდა. 27 წლის ცენტრალური მცველის დაზიანების სიმძიმის შესახებ ცნობილი უახლოეს დღეებში გახდება.

📺 დავით ხოჭოლავას ტრავმის მომენტი

"როგორც მადრიდში, დღესაც ბონდარმა და ხოჭოლავამ ფანტასტიკურად ითამაშეს - მათზე ცუდს ვერაფერს ვიტყვი. მათ შეასრულეს მატჩის წინ მიცემული მითითები - ჩვენი დაცვის ხაზი მაღლა ეჭირათ, დროზე ადრე არ იხევდნენ უკან, რაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო მატჩის სტრატეგიის მხრივ. 

კაშტრუს გუნდისგან 'სიკვდილის ჯგუფში' ლიდერობას ბევრი არ ელოდა

მართალია, დღეს უფრო მეტად ცდებოდნენ, ვიდრე წინა მატჩში რეალთან (3:2), მაგრამ ეს იმის გამო, რომ ამას ინტერი გვაიძულებდა. ისეთი თავდამსხმელები, როგორებიც ლუკაკუ და მარტინესი არიან, მხოლოდ კმაყოფილი შეიძლება ვიყო იმით, რომ ხოჭოლავამ და ბონდარმა მათ წინააღმდეგობა გაუწიეს და ჩვენს კარში არცერთი გოლი გაატანინეს. ამიტომ, ვულოცავ მათ და მთელ გუნდს ამ ბრწყინვალე თამაშს”, - განაცხადა მატჩის შემდეგ პორტუგალიელმა სპეციალისტმა.

დონეცკის შახტარი ჩემპიონთა ლიგაში მომდევნო მატჩს 3 ნოემბერს, შინ გლადბახთან ჩაატარებს, მილანის ინტერი კი მადრიდში რეალს ესტუმრება.

კომენტარები

ბოლო ამბები