Thumbnail

რეალი გერმანიაში გადარჩა - მადრიდელების ბოლო ადგილი ჯგუფში

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე

ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონში ყველაზე საინტერესო ვითარება B ჯგუფშია შექმნილი. ორი ტურის თავზე ლიდერი დონეცკის შახტარია, აუტსაიდერი - მადრიდის რეალი. "სამეფო გუნდი" გერმანიაში გლადბახს ესტუმრა და ძალიან ახლოს იყო, რომ ზედიზედ მეორედ დამარცხებულიყო, მაგრამ ბოლო წუთებზე სიტუაცია გამოასწორა და პირველი ქულა მოიპოვა. ზინედინ ზიდანის გუნდი ადრინდელივით საშიში და უძლეველი რომ არ არის, ეს უკვე კარგა ხანია გამოჩნდა და "ბორუსია პარკზე" გამართულმა თამაშმაც გვაჩვენა.

გლადბახმა ძალიან კარგად დაიწყო და 87-ე წუთამდე ორბურთიან უპირატესობას ფლობდა. მატჩის გმირი კი ერთმნიშვნელოვნად მარკუს ტიურამი იყო. ლეგენდარული ლილიან ტიურამის ვაჟმა ანგარიში 33-ე წუთზე გახსნა, როდესაც თანაგუნდელთა სწრაფი კონტრშეტევა დააგვირგვინა. მარკო როზეს გუნდმა ტაიმი 1:0 მოიგო, ხოლო მე-2 ნახევარსი დასაწყისში უპირატესობა გაიმყარა კიდეც.

58-ე წუთზე ტიურამმა დუბლი გაიფორმა მას შემდეგ, რაც ტიბო კურტუას მოგერიებულს ახლო მანძილიდან დაამატა. სტუმრებს თამაშგარე მდგომარეობაც ეგონათ, მაგრამ მენდი ჩარჩენილი იყო და გოლი სამართლიანად ჩაითვალა. გლადბახმა თამაში დამაჯერებელი ანგარიშით წაიყვანა და რაც მთავარია, რეალი შეტევაში საინტერესოს ვერაფერს აჩვენებდა.

შეიძლება ამანაც იქონია იმაზე გავლენა, რომ ბოლო წუთებში გლადბახის ფეხბურთელებმა კონცენტრაცია დაკარგეს და აბსოლუტურად იდენტური კომბინაციებიდან ორი გოლი გაუშვეს. 87-ე წუთზე კაზემირომ პირით ხაზთან მიუსწრო ბურთს და თავით ქარიმ ბენზემას საგოლე პასი გაუკეთა. ფრანგი ფორვარდიც იდეალურად გაისარჯა, რადგან ვარდნაში ეფექტური ბურთი გაიტანა. შეხვედრას მსაჯიმა 4 წუთი დაამატა და მე-3 კომპენსირებულ წუთზე მადრიდელებმა გაათანაბრეს.

ამჯერად საჯარიმოში საჰაერო ორთაბრძოლა სერხიო რამოსმა მოიგო. რეალის კაპიტანს თავად არ გაუტანია, მაგრამ ასისტენტობა შეითავსა და კაზემიროს ხელი ვერავინ შეუშალა - 2:2. რეალი ზედიზედ მე-2 წაგებას ბეწვზე გადაურჩა, თორემ ახლა უქულოდ იქნებოდა. მიუხედავად ამისა, ვერავინ იტყვის, რომ ზიდანის გუნდი კარგ ვითარებაშია.

B ჯგუფს 4 ქულით შახტარი ლიდერობს, ინტერსა და გლადბახს 2-2, ხოლო რეალს 1 ქულა აქვს. ამ ჯგუფის მთავარი შეხვედრა მომდევნო ტურში 3 ნოემბერს, "სანტიაგო ბერნაბეუზე" გაიმართება, სადაც რეალი ინტერს უმასპინძლებს.

გლადბახი 2:2 რეალი

გოლები: 1:0 ტიურამი (33), 2:0 ტიურამი (58), 2:1 ბენზემა (87), 2:2 კაზემირო (90)

გლადბახი (4-3-1-2): სომერი - ლაინერი, გინტერი, ელვედი, ბენსაბაინი - ჰოფმანი, კრამერი, ნოიჰაუსი - შტინდლი (79. ვოლფი) - პლეა (79. ემბოლო), ტიურამი (71. ჰერმანი)

რეალი (4-3-3): კურტუა - ვასკესი, ვარანი, სერხიო რამოსი, მენდი - ვალვერდე, კაზემირო, კროოსი (71. მოდრიჩი) - ასენსიო (84. როდრიგო), ბენზემა, ვინისიუსი (70. აზარი)

კომენტარები

ბოლო ამბები