Thumbnail
  • შახტარი 0:0 ინტერი
  • დავით ხოჭოლავამ 62-ე წუთამდე ითამაშა

ჩემპიონთა ლიგის მე-2 ტურში მილანის ინტერი კიევში, დონეცკის შახტარს დაუპირისპირდა. პირველ ტურში გუნდებმა რადიკალურად განსხვავებულ შედეგებს მიაღწიეს - უკრაინელებმა მადრიდის რეალს მოუგეს, ხოლო ინტერმა შინ გლადბახთან გაუთვალიწინებელი ქულები დაკარგა.

ამიტომაც, კიევის ოლიმპიურ სტადიონზე გამართული მატჩის მნიშვნელობა ძალიან დიდი იყო. ანტონიო კონტეს გუნდს მხოლოდ გამარჯვება დააკმაყოფილებდა, რადგან კალენდარიც რთული აქვს და წინ რეალთან ორი მძიმე თამაში ელოდება. იტალიური გრანდი უპირატესობას თითქმის მთელი თამაში ფლობდა, მაგრამ დონბასელთა 19 წლის მეკარე ანატოლი ტრუბინი შესანიშნავად მოქმედებდა. მან პირველ ტაიმში რომელუ ლუკაკუსა და ნიკოლო ბარელას  აჯობა, ხოლო ორჯერ ხარიხა დაეხმარა, როდესაც გოლთან ახლოს იგივე ბარელა და ლუკაკუ იყვნენ.

მე-2 ტაიმში იტალიელების რიგებიდან ყველაზე რეალური მომენტი ლაუტარო მარტინესს ჰქონდა, მაგრამ არგენტინელმა შემტევმა საშინლად ითამაშა და ახლო მანძილიდან პრაქტიკულად ცარიელ კარს ძალიან დიდი მანძილით ააცილა. საბოლოოდ, ინტერმა გოლი ვერ გაიტანა, შახტარს კი რეალური საგოლე შანსი თითქმის არც ჰქონია და გუნდებმა ქულები გაიყვეს (0:0).

ამ შეხვედრაში დავით ხოჭოლავა ძირითად შემადგენლობაში იყო, მაგრამ 62-ე წუთზე შესაცვლელი გახდა. ქართველმა მცველმა, რომელიც მორიგ კარგ თამაშს ატარებდა, კუნთი დაიზიანა და თამაში ვეღარ გააგრძელა. რამდენად სერიოზულია ხოჭოლავას ტრავმა, ჯერჯერობით უცნობია.

B ჯგუფში 2 ტურის შემდეგ დონეცკის შახტარს 4 ქულა აქვს, ხოლო ინტერმა საწყის ორ შეხვედრაში მხოლოდ 2 ქულის მოპოვება შეძლო.

შახტარი 0:0 ინტერი

შახტარი (4-2-3-1): ტრუბინი - დოდო, ბონდარი, ხოჭოლავა (62. მატვიენკო), კორნილენკო - მარლოსი (88. ალან პატრიკი), მაიკონი - ტეტე, ანტონიო, სოლომონი - დენტინიო (15. ტაისონი)

ინტერი (3-5-2): ჰანდანოვიჩი - დ’ამბრიოზიო (79. დარმიანი), დე ვრეი, ბასტონი - ჰაკიმი, ბარელა, ბროჟოვიჩი, ვიდალი (79. ერიკსენი), იანგი (85. პინამონტი) - ლუკაკუ, ლაუტარო მარტინესი (72. პერიშიჩი)

📺 დავით ხოჭოლავას ტრავმის მომენტი

კომენტარები

ბოლო ამბები