Thumbnail

'გადამწყვეტი არაა, მაგრამ დიდი გამოწვევაა' - პირლო ბარსელონასთან მატჩზე

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე
  • 28 ოქტომბერი | ⌚ 23:59 | ⚽ იუვენტუსი V ბარსელონა | 📺 SILK UNIVERSAL
  • ანდრეა პირლოს წინასამატჩო პრესკონფერენცია

ჩემპიონთა ლიგის მე-2 ტურის ცენტრალურ შეხვედრაში ტურინის იუვენტუსი ბარსელონას დაუპირისპირდება. მატჩის წინ იტალიური გრანდის მთავარმა მწვრთნელმა ანდრეა პირლომ პრესკონფერენცია გამართა და მნიშვნელოვანი თამაშის შესახებ ისაუბრა.

პირლომ კომენტარი, როგორც მეტოქის, ისე თავისი გუნდის შესახებ გააკეთა, რომელსაც ბევრი საკადრო პრობლემა აქვს, განსაკუთრებით დაცვის ხაზში, სადაც ოთხი ტრავმირებული ფეხბურთელი ჰყავს.

ანდრეა პირლო (იუვენტუსის მწვრთნელი)

...ბარსელონას შესახებ: "ბარსელონა ძლიერი გუნდია, რომელიც დიდი ფეხბურთელებითაა დაკომპლექტებული, მიუხედავად იმისა, რომ პიკე და კოუტინიო აკლია. მათ წინააღმდეგ დიდი სურვილით და მონდომებით უნდა ვითამაშოთ. გადამწყვეტი თამაში არაა, მაგრამ ასეთი მატჩები ყოველთვის დიდი გამოწვევაა, რომლის მიღება ყველა მოთამაშეს სურს. მოუთმენლად ველოდებით მოედანზე გასვლას".

...პრობლემები დაცვაში: "როგორც აქამდე ვაკეთებდით, ახლაც 4 მცველით ვითამაშებთ, თუნდაც იმიტომ, რომ უბრალდო მეტი მცველი გუნდში ამ ეტაპზე არ გვყავს. კიელინი ვერ ითამაშებს, დე ლიხტის შემთხვევაში ექიმებს თამაშის უფლება ჯერ არ მოუციათ, ბონუჩის სიტუაცია კი ხვალ შეფასდება. რაც შეეხება მაკკენის დაცვაში თამაშს, არ ვფიქრობ, რომ ხვალ მან დაცვაში ითამაშოს. ვეცდებით, მოედანზე ხელთარსებული საუკეთესო ფეხბურთელები გავიდეთ, რომლებსაც თავგანწირვა და მაღალი თამაშის ჩატარება მოუწევთ, რადგან მეტოქე ძალიან ძლიერია".

...დიბალა და რონალდო: "დიბალა კარგადაა, ცოტა დაღლილი, მაგრამ ეს ნორმალურია, რადგან სეზონში პირველი თამაში ორი დღის წინ ჩაატარა. მან და მორატამ ვერონასთან კარგად ითამაშეს და კმაყოფილი ვარ. რონალდომ ტესტი გაიკეთა და შედეგს ველოდებით, საბოლოო პასუხი საღამოს გვექნება. ვიმედოვნებ, რომ მალე ყველა ფეხბურთელი დაგვიბრუნდება, რადგან სეზონის დაწყებიდან დე ლიხტი და ალექს სანდრო არ გვყავს, რონალდო მხოლოდ ორ თამაშში დაგვეხმარა, კიელინიც ჩვენთან ერთად ცოტა ხანი იყო. გვესმის, რომ ჩვენი გუნდი მშენებლობის პროცესშია, მაგრამ ისიც ვიცით, რომ სეზონის სტარტზე არ შეიძლება ქულები ხშირად დავკარგოთ".

...ლიონელ მესის შესახებ: "მესი თანამედროვე ფეხბურთის ისტორიის ნაწილია. ფეხბურთელობის პერიოდში მის წინააღმდეგ ბევრჯერ ვითამაშე, მწვრთნელის როლში კი ეს პირველი დაპირისპირება იქნება. ის და რონალდო 15 წლის განმავლობაში საოცრად თამაშობენ და მწვერვალზე არიან. ასეთ მოთამაშეებს დიდი პატივისცემით უნდა მოვეკიდოთ".

შეგახსენებთ, რომ იუვენტუსმა ჩემპიონთა ლიგის პირველ ტურში კიევის დინამოს ალვარო მორატას დუბლით სტუმრად 2:0 მოუგო, ხოლო ბარსელონამ შინ უნგრული ფერენცვაროში 5:1 გაანადგურა. აღსანიშნავია, რომ "ბებერ ქალბატონს" სერია A-ში სამმატჩიანი მოუგებელი სერია აქვს, ისევე როგორც ბარსელონას ლა ლიგაში.

კომენტარები

ბოლო ამბები