Thumbnail

გრანტ ლიფმანთან სტუმრად ვიდეოპოდკასტში NBA-ს ორგზის ჩემპიონმა ზაზა ფაჩულიამ, რომელიც ამჟამად გოლდენ სტეიტში საკალათბურთო და ბიზნეს კონსულტანტად მუშაობს, კავაი ლეონარდთან ცნობილი ინციდენტის გარდა სხვა თემებზეც ისაუბრა. 

ზაზამ გაიხსენა ის პერიოდი, როცა საჩემპიონოდ გამზადებულ გოლდენ სტეიტ უორიორსში მოხვდა, თუმცა თავიდან თავს ახალ გუნდში დამაჯერებლად ვერ გრძნობდა. მას ეჩვენებოდა, რომ "მეომრების" დინამიკურ სტილს ვერ შეეწყობოდა. სწორედ მაშინ დაეხმარა მას სტივ კერი. ზაზა მიიჩნევს, რომ კერი უორიორსისთვის იდეალური მწვრთნელია.

ზაზა ფაჩულია: "ერთ დღესაც, ჩვეულებრივი ვარჯიშის შემდეგ სტივმა დამიძახა და მკითხა - ზაზა, ყველაფერი კარგადაა? ვუპასუხე, დიახ, რატომ მეკითხები მწვრთნელო? კარგად ვარ, ჯანმრთელად. სტივის პასუხი ახლაც ხშირად მახსენდება - არა, მაგას არ გეკითხები, თავს როგორ გრძნობ პარკეტზე, გუნდში...
მან არ დაინანა დრო, რომ აეხნა, თუ რამდენად მნიშვნელოვან ფიგურად მიმიჩნევდა გუნდში, თანაგუნდელებისთვის. რომ ეიმედებოდა ჩემი. ამან ყველაფერი შეცვალა. 

მაშინ მივხვდი, რომ ყველაზე მნიშვნელოვანია, რას ფიქრობენ შენზე გუნდელები, მწვრთნელი... თუ ისინი კმაყოფილები არიან იმით, რომ გუნდს ეხმარები, აღარ უნდა მიაქციო ყურადღება, რა ხდება გუნდს მიღმა. 
მართლაც, ამის შემდეგ ყურადღებას აღარ ვაქცევდი სხვა ფაქტორებს და მხოლოდ მნიშვნელოვანზე ვკონცენტრირდებოდი. ეს ჩემთვის მორიგი გაკვეთილი იყო, არადა, თითქოს, უკვე გამოცდილი მოთამაშე ვიყავი. აღარ მაღელვებდა, რა ხდებოდა სხვაგან". 

შეგახსენებთ, რომ ზაზა ფაჩულიამ ორი სეზონი გაატარა გოლდენ სტეიტის შემადგენლობაში და ორჯერმ 2017 და 2018 წლებში NBA-ს ჩემპიონი გახდა. როგორც წესი, ზაზა გუნდის ძირითადი ხუთეულის წევრი იყო. 

კომენტარები

ბოლო ამბები