Thumbnail
  • იუვენტუსი ჩემპიონთა ლიგაში ბარსელონასთან სათამაშოდ ემზადება
  • ანდრეა პირლოს გუნდს მნიშვნელოვანი საკადრო პრობლემები აქვს
  • იუვენტუსმა რონალდოს, კიელინისა და ბონუჩის გარეშე ივარჯიშა

ამ დრომდე უცნობია, შეძლებს თუ არა კრიშტიანო რონალდო ლიონელ მესის წინააღმდეგ, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-2 ტურის მატჩში თამაშს, რომელიც ტურინში 28 ოქტომბერს გაიმართება. 

იტალიური მედიის ინფორმაციით, პორტუგალიელ ფორვარდს, რომელიც ცოტა ხნის წინ კორონავირუსული ინფექციით დაავადდა, ბარსელონასთან თამაშის წინ ტურინელთა ვარჯიშში მონაწილეობა არ მიუღია. 

35 წლის ვარსკვლავს ინფექციაზე ჩატარებულ ტესტზე დადებითი პასუხი წინა კვირაში ჰქონდა, ბარსელონასთან მისი თამაში კი ბოლო ტესტირების შედეგზე იქნება დამოკიდებული, რომელიც მატჩამდე მინიმუმ 24 საათით ადრე უნდა გაკეთდეს. ცნობილია, რომ კრიშტიანოს დაავადება უსიმპტომოდ გადააქვს და არც ტემპერატურის მატება დაუფიქსირდა.

გულშემატკივარს რონალდო-მესის დუელი მოენატრა

აღსანიშნავია, რომ ანდრეა პირლოს გუნდის წვრთნაში მონაწილეობა ასევე არ მიუღია მცველ ჯორჯო კიელინის, რომელმაც დაზიანება კიევის დინამოსთან შეხვედრაში მიიღო. საერთო ჯგუფისგან განცალკევებით ემზადებოდა ტურინელთა დაცვის კიდევ ერთი წევრი ლეონარდო ბონუჩი, ხოლო მატეის დე ლიხტი ვარჯიშზე მხოლოდ ნაწილობრივ დაიტვირთა.

ტურინის იუვენტუსმა ჩემპიონთა ლიგის G ჯგუფის პირველ შეხვედრაში სტუმრად კიევის დინამო დაამარცხა (2:0), ბარსელონამ კი თავის მხრივ “კამპ ნოუზე” უნგრულ ფერენცვაროშს ანგარიშით 5:1 მოუგო.

კომენტარები

ბოლო ამბები