Thumbnail

PREVIEW | დიდი თამაში ტურინში - იუვეს და ბარსას ბევრი პრობლემა აქვთ

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე
  • 28 ოქტომბერი | ⌚ 23:59 | ⚽ იუვენტუსი V ბარსელონა | 📺 SILK UNIVERSAL
  • ტურინში დიდი მატჩია, მაგრამ ორივე გუნდს ბევრი პრობლემა აქვს
  • იუვენტუსი და ბარსელონა ძიების პროცესში არიან
  • ყველაფერი, რაც ამ მატჩის წინ უნდა ვიცოდეთ
  • საინტერესო სტატისტიკური ფაქტები ბევრ მინიშნებას მოგცემთ

ჩემპიონთა ლიგის მე-2 ტურში ყველაზე საინტერესო მატჩია G ჯგუფში გაიმართება. იუვენტუსი ტურინში ბარსელონას დაუპირისპირდება. გუნდების სახელებიდან და ისტორიიდან გამომდინარე, ალბათ ზედმეტია იმაზე საუბარი, თუ რამდენად დიდია ეს თამაშია.

ცალკე ისტორიაა კრიშტიანო რონალდოსა და ლიონელ მესის დუელი, რომელიც არ შედგება. პორტუგალიელმა კორონავირუსი ვერ დაამარცხა და ჯერ კიდევ იზოლაციაშია. ამგვარად, იუვეს მთავარი ვარსკვლავის გარეშე მოუწევს თამაში, ხოლო ორი ტიტანის მონატრებული დაპირისპირება მინიმუმ დეკემბრამდე გადაიდო, როდესაც გუნდები ერთმანეთს ესპანეთში შეხვდებიან.

იუვენტუსსაც და ბარსელონასაც წინა სეზონი ჩაუვარდათ, რის გამოც ორივე გუნდმა მთავარი მწვრთნელი შეიცვალა. მაურიციო სარი გამოუცდელმა ანდრეა პირლომ შეცვალა, ხოლო კიკე სეტიენის ადგილი რონალდ კუმანმა დაიკავა. ცხადია, მწვრთნელების შეცვლას სათამაშო ფილოსოფიის შეცვლაც მოჰყვა. ჯერჯერობით იუვეც და ბარსაც საკუთარი თავის ძიებაში არიან, სეზონი მძიმედ და არასტაბილურად დაიწყეს. შედეგად, კრიტიკოსები პირლოსაც ჰყავს და, განსაკუთრებით, კუმანსაც. ბარსელონაში ფეხბურთელთა ნაწილიც უკმაყოფილოა, მაგალითად ანტუან გრიზმანი, რომელიც არ მალავს, რომ კატალონიაში ბედნიერი არაა.

ბარსელონას რეაბილიტაციისთვის კარგი შანსი აქვს

ჩემპიონთა ლიგის პირველ ტურში ორივე გუნდმა კარგად ითამაშა, მაგრამ ეს არაფერს ნიშნავს, რადგან ორივეს მეტისმეტად სუსტი მეტოქეები ჰყავდა (კიევის დინამო და ფერენცვაროში). ამგვარად, ტურინული მატჩი ორივესთვის დიდი და ნამდვილი ტესტი იქნება. სერია A-სა და ლა ლიგაში კი ვერც იუვე და ვერც ბარსა უკვე ზედიზედ 3 ტურია გამარჯვებას ვერ ახერხებენ. იუვე რომასთან, კროტონესთან და ვერონასთან აგებდა და საბოლოოდ სამჯერვე ქულა მოიპოვა, ხოლო ბარსელონამ სევილიასთან უგოლო ფრის შემდეგ, ხეტაფესთან და რაც მთავარია, რეალთან წააგო. იუვენტუსის შესახებ კი ისიც უნდა ვთქვათ, რომ იტალიის ჩემპიონატში სატურნირო ცხრილში 2 გამარჯვება კი უწერია, მაგრამ მოედანზე ერთადერთი თამაში მოიგო (სამპდორიასთან პირველ ტურში), ხოლო ნაპოლისთან უბრალოდ მეტოქეს ჩაეთვალა ტექნიკური წაგება.

ყველაფერთან ერთად, "ბიანკონერიში" სერიოზული საკადრო პრობლემებია. მასპინძლებს დაცვაში საგანგაშო მდგომარეობა აქვთ, რადგან ცენტრალური მცველები, ჯორჯო კიელინი, ლეონარდო ბონუჩი და მატეის დე ლიხტი ტრავმირებულები არიან. ამას ემატება კიდევ ერთი წამყვანი მცველის, ალექს სანდროს ტრავმაც. დე ლიხტს ვარჯიში დაწყებული აქვს, მაგრამ ჯერ სათამაშოდ მზად არ არის, ბონუჩიმ მცირე დაზიანება ვერონასთან მიიღო და მისი საკითხი ღიაა, მაგრამ ძალიან მიზერული შანსია, რომ მოედანზე გავიდეს, ხოლო კიელინის თამაში თითქმის გამორიცხულია. ამას კრიშტიანო რონალდოს არყოფნასაც თუ დავუმატებთ, იუვენტუსს პრაქტიკულად ნახევარი გუნდის გარეშე მოუწევს თამაში. დაცვის ცენტრში შექმნილი პრობლემების გამო ანდრეა პირლოს ორი ვარიანტი დარჩა - მერიჰ დემირალს ან დანილო უნდა შეუწყვილოს, რომელიც განაპირა მცველია, ან ცენტრალური ნახევარმცველი ვესტონ მაკკენი. ამერიკელს ამ პოზიციაზე უთამაშია, მაგრამ მას დიდი ხანია სათამაშო პრაქტიკა არ აქვს, კორონავირუსი ჰქონდა და გუნდს 2 დღის წინ შეუერთდა.

ალვარო მორატა კარგ ფორმაშია, მაგრამ პაულო დიბალა - არა

საკადრო პრობლემებია ბარსელონაშიც, რომელსაც მარკ-ანდრე ტერ შტეგენი და სამეულ უმტიტი აკლია. ‘ელ კლასიკოში’ დაშავდა ფილიპე კოუტინიო და ისიც ვერ ითამაშებს. ფერენცვაროშთან მიღებული წითელი ბარათის გამო იტალიაში თამაშს ჟერარდ პიკე ვერ მოახერხებს, რომელსაც ახალგაზრდა ურუგვაელი მცველი არაუხო შეცვლის. ყოფილი გუნდების წინააღმდეგ მოუწევთ თამაში მეკარე ნეტოსა და მირალემ პიანიჩს. იგივე ეხება არტურსაც, რომელიც ბარსადაც ტურინულ გრანდში ცოტა ხნის წინ გადავიდა.

საინტერესო ფაქტები

⚽ ეს იქნება იუვენტუსისა და ბარსელონას მე-12 დაპირისპირება. ბოლო სამ შეხვედრაში იუვეს ბარსასთვის გოლიც არ გაუტანია. სამართლიანობისთვის ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ამ სამი მატჩიდან ორი 0:0 დასრულდა (2 ფრე, 1 წაგება).

⚽ იუვენტუსს ბარსელონასთან საკუთარ მოედანზე არასდროს წაუგია (3 მოგება, 3 ფრე). აღსანიშნავია, რომ ამ 6 შეხვედრაში მოგება ფრეს ანაცვლებდა. ბოლო დაპირისპირება 2017 წლის ნოემბერში ფრედ დასრულდა.

⚽ იუვენტუსს ევროტურნირებზე ვის წინააღმდეგაც მინიმუმ 6-ჯერ უთამაშია შინ, ბარსელონასთან საუკეთესო დაუმარცხებელი სერია აქვს. ტურინელებს ასევე 6 თამაში არ წაუგიათ საკუთარ მოედანზე მადრიდის ატლეტიკოსთან (5 მოგება, 1 ფრე).

⚽ ბარსელონა ჩემპიონთა ლიგაზე იტალიური გუნდების წინააღმდეგ ბოლო 6 თამაშია არ დამარცხებულა (4-ჯერ ინტერთან, 2-ჯერ ნაპოლისთან), მას შემდეგ, რაც 2018 წლის აპრილში რომასთან წააგო. უკანასკნელ 18 მატჩში კი იტალიურ მეტოქეებთან მხოლოდ 2-ჯერ დამარცხდა (2017 წელს იუვენტუსთან და 2018 წელს რომასთან ერთნაირი ანგარიშით 0:3).

⚽ ბარსელონამ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ბოლო 17 მატჩში ერთი მარცხი განიცადა და უკანასკნელი 10 თამაშში არ დამარცხებულა.

⚽ იუვენტუსს შანსი აქვს ჩემპიონთა ლიგაზე ზედიზედ მეხუთე საშინაო მატჩი მოიგოს. 2016 წლის დეკემბრიდან 2017 წლის ოქტომბრამდე ტურინელებს მიჯრით 6 თამაში ჰქონდათ შინ მოგებული და ეს მათი საუკეთესო სერიაა.

⚽ იუვენტუსმა კიევის დინამო 2:0 დაამარცხა და ეს იყო ტურინელთა 99-ე გამარჯვება ჩემპიონთა ლიგაზე. იუვეს შანსი აქვს მოიგოს მე-100 მატჩი და პირველი იტალიური გუნდი გახდება, რომელიც ამ ნიშნულს მიაღწევს. ბარსასთან თამაში იუვესთვის ჩემპიონთა ლიგაზე მეორასეა (99 მოგება, 52 ფრე, 48 წაგება).

⚽ იუვენტუსს ჩემპიონთა ლიგაზე ბოლო 8 მატჩიდან 7 მოგებული აქვს. ერთხელ წააგო ლიონთან 0:1 და ტურნირისაც დაემშვიდობა.

⚽ ლიონელ მესის ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ყველაზე მეტი გოლი აქვს გატანილი (73 თამაშში 69 გოლი). 2003/04 წლების სეზონის აგრეთვე ჯგუფურ ეტაპზე, მესიმ 22 საგოლე პასი გააკეთა და მხოლოდ კრიშტიანო რონალდოს ჩამორჩება (24).

⚽ კრიშტიანო რონალდოს ბარსელონას წინააღმდეგ ჩატარებულ ბოლო 20 მატჩში 15 გოლი აქვს გატანილი.

⚽ მესი და რონალდო ჩემპიონთა ლიგაზე აქამდე ხუთ შეხვედრაში დაუპირისპირდნენ და არგენტინელმა ამ მატჩებში 3 გოლი გაიტანა, პორტუგალიელმა - ვერცერთი.

⚽ იუვენტუსმა მიმდინარე სეზონში 6 მატჩი ჩაატარა, 3 მოიგო და 3-ჯერ ფრე ითამაშა. ამ შეხვედრებში 2-ჯერ 2.5-ზე მეტი გოლი გავიდა, ხოლო 3-ჯერ ორივე გუნდმა გაიტანა.

⚽ კონკრეტულად ჩემპიონთა ლიგაზე იუვეს ბოლო 5 თამაშში ერთხელ გავიდა 2.5-ზე მეტი გოლი და ერთხელ გაიტანა ორივე გუნდმა (ლიონთან 2:1).

⚽ ბარსელონამ მიმდინარე სეზონში 6 თამაში ჩაატარა (3 მოგება, 1 ფრე, 2 წაგება). ამ შეხვედრებიდან 4-ჯერ 2.5-ზე მეტი გოლი გავიდა და 3-ჯერ ორივე გუნდმა გაიტანა.

⚽ უშუალოდ ჩემპიონთა ლიგაზე ბარსელონას ბოლო ხუთი მატჩიდან 3 მოგებული აქვს (1 ფრე, 1 წაგება). ამ 5 მატჩიდან 4-ჯერ 2.5-ზე მეტი გოლი გავიდა და ხუთჯერვე ორივე გუნდმა გაიტანა.

⚽ იუვე და ბარსა ოფიციალურ მატჩებში ერთმანეთს 11-ჯერ დაუპირისპირდნენ. მცირე უპირატესობა კატალონიელებს აქვთ: 4 მოგება, 4 ფრე, 3 წაგება (13:10-ზე ბურთების შეფარდება).

სავარაუდო შემადგენლობები

იუვენტუსი (4-4-1-1): შჩესნი - კუადრადო, დანილო, დემირალი ფრაბოტა - კულუშევსკი, არტური, რაბიო, კიეზა - რემზი - მორატა
ტრავმა ან კოვიდინფიცირებულები: კიელინი, დე ლიხტი, ალექს სანდრო, ბონუჩი, რონალდო

ბარსელონა (4-2-3-1): ნეტო - დესტი, არაუხო, ლენგლე, ალბა - ბუსკეტსი, დე იონგი - გრიზმანი, პედრი, ფატი - მესი
ტრავმა ან დისკვალიფიკაცია: კოუტინიო, ტერ შტეგენი, უმტიტი, პიკე

კომენტარები

ბოლო ამბები