Thumbnail

თუ რეალიდან გაუშვებენ - ზინედინ ზიდანს ვარიანტი სხვა ტოპკლუბიდან აქვს

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური

როგორც ჩანს, რეალის მთავარი მწვრთნელი ზინედინ ზიდანი უმუშევრად მაინც არ დარჩება, თუკი მადრიდული კლუბის ხელმძღვანელობა მის ნაადრევად გაშვებას გადაწყვეტს. 48 წლის ფრანგი სპეციალისტის მიწვევით მის სამშობლოში ინტერესდებიან.

სეზონის სტარტზე ნაჩვენებმა არასტაბილურმა შედეგებმა ფრანგი სპეციალისტის რეალიდან შესაძლო გაშვებაზე ხმები წარმოშვა. ესპანურ მედიაში დასახელდნენ ზიზუს სავარაუდო შემცვლელებიც - მაურისიო პოჩეტინო და რაული. 

ამ ხმების ფონზე, El Chiringuito TV პარი სენ-ჟერმენის სურვილს ააშკარავებს, რომელიც ზინედინ ზიდანის მიწვევის შესაძლებლობას განიხილავს. წყარო ირწმუნება, რომ ფრანგული კლუბი ცოტა ხნის წინ უკვე დაუკავშირდა კიდეც ზიდანს. 

რაც შეეხება პარი სენ-ჟერმენის ამჟამინდელ მთავარ მწვრთნელს, პარიზულ კლუბში თომას ტუხელის მომავალთან დაკავშირებით, ახალს და განსაკუთრებულს ჯერჯერობით არაფერს წერენ. 

ზინედინ ზიდანის სამწვრთნელო კარიერა მხოლოდ მადრიდის რეალთან არის დაკავშირებული. 2013 წელს ის გუნდის მთავარი მწვრთნელის კარლო ანჩელოტის ასისტენტად დაინიშნა, რის შემდეგაც კლუბის მეორე გუნდს წვრთნიდა. ფრანგმა სპეციალისტმა რეალის მთავარი გუნდი 2016 წელს ჩაიბარა, რის შემდეგაც ჩემპიონთა ლიგა ზედიზედ სამჯერ მოიგო. ზიზუმ რეალი 2018 დატოვა, მაგრამ 2019-ში ისევ დაბრუნდა.

კომენტარები

ბოლო ამბები