Thumbnail

გიორგი ცინცაძე კაცთა კალათბურთში დეკადის საუკეთესო პასის ავტორად დასახელდა

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • ქართველმა კალათბურთელმა გადამწყვეტ დეულში არგენტინელ ფაკუნდო კამპაცოს აჯობა
  • ფიბას გამოკითხვის ფინალში ცინცაძის მეტოქე არგენტინის ქალთა ნაკრების ლიდერი იქნება

საქართველოს ეროვნული ნაკრების ვეტერანი კალათბურთელი გიორგი ცინცაძე ფიბას გამოკითხვაში ბოლო დეკადის (10 წელი) კაცთა ტურნირების საუკეთესო პასის ავტორი გახდა და ახლა, სუპერფინალში ქალებში საუკეთესო ანდრეა ბოკეტეს (არგენტინა) დაუპირისპირდება.

შეგახსენებთ, რომ ფიბამ გამოკითხვა ორიოდ კვირის წინ დაიწყო და ამისთვის საუკეთესო 16 ასისტი (კაცთა და ქალთა შორის) შეარჩია. გამოკითხვას შეჯიბრის სახე აქვს და გამარჯვებული პლეი ოფის სისტემით გამოვლინდება. ცინცაძისთვის ხმის მიცემა (დღეში ერთხელ) ამ ბმულზეა შესაძლებელი.
საწყის რაუნდში ქართველი უკანახაზელის კონკურენტი სერბი დუშან ბულუტი და მისი პასი გახლდათ, რომელიც მან 3X3 კალათბურთში 2016 წლის მსოფლიო თასზე ახალ ზელანდიასთან გააკეთა.

გამოკითხვის შედეგად, გიორგიმ ხმების 58% მიიღო, დუშანმა კი – 42%. ნახევარფინალში ქართველმა კალათბურთელმა უკვე სახელოვან ესპანელ მარკ გასოლს აჯობა. ეს უკანასკნელი ნომინირებული იმ პასით იყო, რომელიც 2013 წლის ევრობასკეტზე სერბეთთან შეხვედრაში მიითვალა. ამ შემთხვევაში, ცინცაძის უპირატესობა კიდევ უფრო თვალსაჩინო იყო – 67%-33%.

კაცთა ბადის ფინალში ქართველი უკანახაზელის მეტოქე არგენტინის ნაკრებისა და მადრიდის რეალის ერთ-ერთი ლიდერი ფაკუნდო კამპაცო იყო. ამ უკანასკნელმა 2019 წლის მსოფლიო თასზე სერბეთთან მატჩში თანაგუნდელს ზურგსუკან ულამაზესი პასი გაუკეთა. გამოკითხვის შედეგად, ქართველმა კალათბურთელმა 58% მიიღო, არგენტინელმა კი – 42%.

როგორც აღვნიშნეთ, გადამწყვეტ ვირტუალურ შერკინებაში ცინცაძის მოწინააღმდეგე კიდევ ერთი არგენტინელი, ამჯერად, ქალთა ნაკრების წევრი ანდრეა ბოკეტე იქნება. მან ზურგს უკან შედეგიანი პასი 2019 წლის ამერიკის თასის მატჩში ეკვადორის წინააღმდეგ გააკეთა.

34 წლის ცინცაძე კარიერას ჯერაც აგრძელებს და მცირე ხნის წინ კონტრაქტი არაბეთის გაერთიანებული საამიროების კლუბ ბანიჯას აბუ დაბისთან გააგრძელა. გიორგისთვის აზიაში თამაში უცხო ხილი არაა, რადგანაც გასული 2 წელი ყატარულ ალ შამალიში გაატარა (ქვეყნის ჩემპიონიც გახდა), გასულ სეზონში, 13 მატჩში მისი საშუალო მონაგარი კი 15.5 ქულა, 5.3 მოხსნა, 7.6 პასი და 1.5 ჩაჭრა იყო.

შეგახსენებთ, რომ ცინცაძეს საკმაოდ მდიდარი სათამაშო ბიოგრაფია აქვს. უცხოეთში იგი ცსკას (რუსეთი), სამარას (რუსეთი), ურალ გრეიტის (რუსეთი), დინამო მოსკოვის (რუსეთი), ტარტუს (ესტონეთი), ტრიკალას (საბერძნეთი), დონეცკის (უკრაინა), სოპოტის (პოლონეთი), ბუდიველნიკის (უკრაინა), ჩემპვილის (ლიბანი), სკოპიეს (მაკედონია), გრაველინის (საფრანგეთი), რუენისა (საფრანგეთი), იაშის (რუმინეთი) ღირსებასაც იცავდა.

📺 ცინცაძის დაუვიწყარი პასი ლიეტუვასთან

კომენტარები

ბოლო ამბები