Thumbnail
  • ბარსელონას პრეზიდენტმა ხოსეპ მარია ბარტომეუმ გადადგომაზე უარი თქვა
  • კლუბის დირექტორთა საბჭო რამდენიმე საათის განმავლობაში თათბირობდა

ბარსელონას გულშემატკივრებთან ერთად, ალბათ ლიონელ მესისაც ჰქონდა იმედი, რომ ხოსეპ მარია ბარტომეუ გადადგებოდა, მაგრამ როგორც მოსალოდნელი იყო, კატალონიური გრანდის პრეზიდენტმა ეს არ გააკეთა და თანამდებობაზე დარჩა. მეტიც: მან პოსტის დატოვება კატეგორიულად გამორიცხა.

57 წლის ბარტომეუმ პრესკონფერენციაზე თქვა, რომ ვერ ხედავს მიზეზს, რის გამოც თანამდებობას უნდა შეელიოს. “სწორედ ახლაა პასუხისმგებლობის აღების დრო,” - აღნიშნა მან საკმაოდ თამამად.

როგორც იცით, ბარტომეუ კრიტიკის ქარცეცხლში ზაფხულში გაეხვა, მიზეზი კი ის იყო, რომ ბარსას ქომაგების უმრავლესობის აზრით, სწორედ ბარტომეუს პოლიტიკამ აიძულა ლიონელ მესი, კლუბიდან წასვლაზე ეფიქრა. არგენტინელმა სუპერვარსკვლავმა მკაფიოდ დააფიქსირა ბარსელონას დატოვების სურვილი, მაგრამ რაკი კონტრაქტში გათვალისწინებული პუნქტის ვადა გასული იყო, საქმე სასამართლო დავამდე უნდა მისულიყო, მესიმ კი ბარსელონასთან სასამართლოში დავა არ ისურვა და კლუბში დარჩა. ფაქტობრივად ძალით, რადგან ცხადია, რომ მას არ სურს იმ კლუბში თამაში, რომლის პრეზიდენტიც ბარტომეუა.

“ლიონელ მესის გადაწყვეტილების ბოლო ვადა 10 ივნისი იყო. ჩვენ ბარსელონას ვიცავდით!” - აღნიშნა კიდევ ერთხელ ბარტომეუმ და იქვე დაამატა, მას ესმის უკმაყოფილო მესის: “მე მესმის მისი. კარგი იყო, რომ გაბრაზდა, რადგან ეს მისი მონდომებისა და ამბიციის ნიშანია.”

გარდა ამისა, ბარტომეუმ თქვა: “მესი ჩვენი პროექტის გასაღებია. ჩვენ ის გვჭირდება. იმედი მაქვს, რომ ის თავის კონტრაქტს გააგრძელებს და კარიერას ჩვენს კლუბში დაასრულებს.”

ბარსელონას პრეზიდენტმა ჟერარ პიკესაც უპასუხა. როგორც იცით, მაინცდამაინც რეალ მადრიდთან 'ელ კლასიკოს' წინ, ბარსელონას დაცვის შეფმა დუმილი დაარღვია. მან ბევრ რამეზე ისაუბრა და კატალონიური გრანდის ხელმძღვანელებს მესის ირგვლივ განვითარებული მოვლენების გამო შეუტია. პიკემ ბარტომეუ ერნესტო ვალვერდეს გათავისუფლების გამოც გააკრიტიკა და გაიხსენა ის ცნობები, რომ ბარსელონამ ფეხბურთელებისა და ყოფილი ვარსკვლავების შავი პიარისთვის კომპანია დაიქირავა.

'ფეხბურთელებთან საჯარო კამათს არ ვაპირებ. ამ თემებზე ჩვენ მხოლოდ ერთმანეთში უნდა ვილაპარაკოთ'

“ჩვენ გვიყვარს პიკე, მაგრამ არასწორია ის, რომ თითქოს კლუბი სოციალურ ქსელებში თავისი ფეხბურთელების კრიტიკისთვის ფულს ხარჯავდა. ჩემს სიტყვებს აუდიტი ადასტურებს. მიხარია, რომ პიკე დაგვთანხმდა ხელფასის შემცირებაზე ასეთ რთულ პერიოდში. ფეხბურთელებთან საჯარო კამათს არ ვაპირებ. ამ თემებზე ჩვენ მხოლოდ ერთმანეთში უნდა ვილაპარაკოთ. მათ იციან, რომ ჩემი კარი ყოველთვის ღიაა, ხანდახან კი მეთვითონ მივდივარ მათთან სახლში.” - თქვა ბარტომეუმ.

რეალთან მარცხის (1:3) შემდეგ, ბარსელონას ხუთშაბათს ჩემპიონთა ლიგის მეორე ტურის ცენტრალური მატჩი უწევს, რომელშიც იუვენტუსს სტუმრობს. ლა ლიგაში ზედიზედ ორი მარცხის შემდეგ კი, ბარსა 31 ოქტომბერს ალავესს ესტუმრება.

 

კომენტარები

ბოლო ამბები