Thumbnail

ძიუდოისტთა ევროპის ჩემპიონატი, წესით, 19-21 ნოემბერს უნდა გაიმართოს ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაში, სადაც 12 ქართველი ძიუდოისტი მიიღებს მონაწილეობას. დარწმუნებით არც იმის თქმა შეიძლება, რომ ეს ტურნირი გაიმართება, რადგან კორონავირუსის პანდემიის გამო, თითქმის მთელი სეზონი ჩავარდა. ახლა კი ჩეხეთში ცუდი ეპიდემიური ვითარებაა, ქვეყანა 5 ნოემბრამდე საყოველთაო კარანტინშია.

ზაალიშვილმა და მატიაშვილმა უნგრეთში ერთნაირი შედეგები აჩვენეს

მიუხედავად იმისა, რომ ცვლილებების შეტანა ჯერ კიდევ შეიძლება, საქართველოს დელეგაცია თითქმის ცნობილია - ვაჟებში 9-დან 8 მონაწილე გარკვეულია, ქალებში კი - სამივე.

ევროპის ჩემპიონატზე იჭიდავებენ: ლუხუმ ჩხვიმიანი (-60 კგ), ვაჟა მარგველაშვილი (66), ლუკა მაისურაძე (81), ტატო გრიგალაშვილი (81), ბექა ღვინიაშვილი (90), ვარლამ ლიპარტელიანი (100), გურამ თუშიშვილი (+100) და ლევან მატიაშვილი (+100).

73 კილოში განაცხადში ჯერჯერობით, ალეკო მამიაშვილია, თუმცა ამ ადგილის ბედი მოგვიანებით გაირკვევა.

ქალთა შორის იჭიდავებენ: ტატიანა ლევიცკა-შუკვანი (52), მარიან ჯანაშვილი (52) და ეთერ ლიპარტელიანი (57). 

როგორც ხედავთ, ნაკრების ხელმძღვანელობამ ბუდაპეშტის გრანდ სლემის შემდეგ გადაწყვიტა, რომ ორი წონა "გააოროს" - 81-ში და მძიმეში. მართალია, მატიაშვილმა და გელა ზაალიშვილმა უნგრეთში ერთნაირი შედეგები აჩვენეს (ბრინჯაოს მედლები), მაგრამ მატიაშვილი საქართველოს ჩემპიონია და უშუალო კონკურენციაში აჯობა ზაალიშვილს. 

რაც შეეხება გადასაწყვეტი საგზურის ბედს - ახლა მამიაშვილია დარეგისტრირებული, შესაძლოა, ეს შეიცვალოს. ლაშა შავდათუაშვილმა უნგრეთში შანსი ვერ გამოიყენა, თუმცა შესაძლოა, მაინც ის წავიდეს ევროპის ჩემპიონატზე. ან სულაც სხვა წონა გააორონ ნაკრების თავკაცებმა, 73 კი უბრალოდ გამოტოვონ. 

შეგახსენებთ, რომ შარშან ევროპის ჩემპიონატის სტატუსი ევროპის მე-2 თამაშებს ჰქონდა მინსკში, სადაც ჩემპიონები ლუხუმ ჩხვიმიანი და გურამ თუშიშვილი გახდნენ. ვარლამ ლიპარტელიანი მე-2 ადგილზე გავიდა, საქართველოს ნაკრებმა კიდევ 3 ბრინჯაო მოიპოვა. 

კომენტარები

ბოლო ამბები