Thumbnail

19 წლის ქართველი მოტომრბოლი მონაწილეობას ურთულეს შეჯიბრში მიიღებს

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • გიორგი გახელაძე ძალებს Red Bull Romaniacs-ში მოსინჯავს
  • შარშან ის ვერცხლის კლასში მონაწილეობდა და 24-ე ადგილზე გავიდა

27-31 ოქტომბერს რუმინეთში, ქალაქ სიბიუში Red Bull Romaniacs გაიმართება. “ჰარდ ენდურო“ ტიპის შეჯიბრზე მონაწილეობას მიიღებს ქართველი მოტომრბოლი – 19 წლის გიორგი გახელაძე.

Red Bull Romaniacs WESS-ის (World Enduro Super Series/მსოფლიო ენდურო სუპერ სერიები) ყველაზე რთული შეჯიბრებაა და თავის მხრივ, სირთულის მიხედვით ხუთ კლასად იყოფა. გახელაძე წელს ყველაზე რთულ – “ოქროს კლასში” მიიღებს მონაწილეობას. შარშან ის ვერცხლის კლასში მონაწილეობდა და შეჯიბრება 24-ე ადგილზე დაასრულა, Red Bull Romaniacs-ის საერთო ჩათვლაში კი, 250 მონაწილიდან 52-ე პოზიციაზეა. Red Bull Romaniacs-ში მონაწილეობის შედეგად დაგროვილი ქულები WESS-ის რეიტინგში აისახება.

'ჩემი მიზანია გავხდე პროფესიონალი მოტოსპორტსმენი'

“ვემზადები მომავალი ურთულესი ტურნირისთვის, რომელიც გულისხმობს დაბრკოლებებისა და სირთულეების გადალახვას ტყეში. რუსთავის მოტოკროსის ტრეკზე კვირაში 3-ჯერ ვვარჯიშობ, რათა გავაუმჯობესო სიჩქარე, ვისწავლო სწორი კუთხით შესვლა მოსახვევში და ჰაერში მარტივად დავიმორჩილო მოტოციკლეტი. ჩემი მიზანია გავხდე პროფესიონალი მოტოსპორტსმენი”, - ამბობს მომავალი შეჯიბრის წინ გიორგი გახელაძე.

ცნობისთვის, Red Bull Romaniacs-ი 2004 წლიდან ტარდება და როგორც წესი, მასში 50-ზე მეტი ქვეყნის წარმომადგენლები მონაწილეობენ. ტრადიციულად, ის ივლისში იმართება, თუმცა, წლეულს ვადები კორონავირუსის პანდემის გამო შეიცვალა. რუმინული ეტაპის გარდა, World Enduro Super Series შეჯიბრებები ბრაზილიაში, ავსტრიაში, პოლონეთში, თურქეთსა და სამხრეთ აფრიკაში იმართება.

კომენტარები

ბოლო ამბები