Thumbnail

შოთამ ტრაბზონს უპასუხა - თურქი ფანების რეაქცია არველაძის ინსტაგრამზე

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • შოთა არველაძემ ტრაბზონსპორის ოფიციალურ წინადადებას უპასუხა
  • ტრაბზონელ ფანებს გუნდში ქართველი სპეციალისტის დაბრუნება სურთ

ტრაბზონსპორმა, რომელსაც ინგლისელი ენდი ნიუტონი წვრთნის, თურქეთის სუპერლიგის ბოლო ტურში ფენერბაჰჩესთან ანგარიშით 1:3 წააგო და შედეგად, ადგილობრივ მედიაში კიდევ უფრო გახშირდა საუბარი ტრაბზონის კლუბში შოთა არველაძის დაბრუნების შესაძლებლობის შესახებ.

თავის მხრივ, 47 წლის ქართველი სპეციალისტის გაწვრთნილმა ფახთაქორმა უზბეკეთის ჩემპიონატში სტუმრად სურხონს ექვსი უპასუხო გოლი გაუტანა. შოთამ ამ გამარჯვების შესახებ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, რასაც უამრავი თურქი ფანი გამოეხმაურა. ისინი არველაძეს ტრაბზონში დაბრუნებას ერთხმად სთხოვენ. 

ამავდროულად, hurriyet წერს, რომ ტრაბზონსპორში ენდი ნიუტონის შემცვლელებად ორი კანდიდატს განიხილავენ - აბდულა ავჯისა და შოთა არველაძეს. ცნობილია, რომ ქართველ სპეციალისტს თურქულმა კლუბმა ოფიციალური წინადადებით უკვე მიმართა.

შოთა არველაძეს უზბეკეთის ჩემპიონებთან კონტრაქტი წლის ბოლოს - 1,5 თვეში უმთავრდება და საბოლოო პასუხის სათქმელად, როგორც ჩანს, ამ ვადის გასვლას ელოდება.  

"მოდით მაშინ დავილაპარაკოთ, როდესაც ჩემი კონტრაქტი ამოიწურება", - აქვეყნებს შოთას სიტყვებს თურქული წყარო. 

შოთა და არჩილ არველაძეები 90-იანებში ტრაბზონის ვარსკვლავები იყვნენ

საქართველოს ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი ტრაბზონსპორის ღირსებას, როგორც ფეხბურთელი, 1993-97 წლებში იცავდა, მოგვიანებით, 2015 წელს, კი ამ გუნდში მთავარ მწვრთნელად დაბრუნდა. შოთას ასევე გაუწვრთნია თურქული გუნდები - კაისერისპორი და კასიმპაშა, ასევე - თელ ავივის მაკაბი.

შოთა არველაძე ტაშკენტის ფახთაქორს 2017 წლის ზაფხულიდან წვრთნის. უზბეკურმა გუნდმა, რომელშიც შოთასთან ერთად არჩილ არველაძე და გოჩა ტყებუჩავაც მუშაობენ, შარშან ჩემიონობასთან ერთად, ქვეყნის თასი და ლიგის თასი მოიგო. 

კომენტარები

ბოლო ამბები