Thumbnail
  • ხოსეპ გვარდიოლას სეზონი ასე ცუდად არასდროს დაუწყია
  • ნეგატიური გამოხმაურება მას მხოლოდ სპორტის გამო არ აქვს

წლების მანძილზე, ხოსეპ გვარდიოლა დიდი მწვრთნელის განსახიერება იყო.

პეპის თავბრუდამხვევი ტიკი-ტაკა ბევრ მეტოქეს უჩენდა არასრულფასოვნების კომპლექსს. ბარსელონა, მიუნხენი, მანჩესტერი - გვარდიოლას ამ ტატიკით ყველგან წარმატებები ჰქონდა და ტიტულებს აგროვებდა. ის ფაქტი, რომ ჩემპიონთა ლიგა დღემდე მხოლოდ ბარსელონასთან ერთად აქვს მოგებული, რა თქმა უნდა, ლაქაა, მაგრამ არც იმდენად შავი, რომ პეპის ძეგლი მძლავრად შეერყია. მაგრამ ახლა გვარდიოლას თავზე უკვე მართლა შავი ღრუბლებია.

წინა სეზონში მანჩესტერ სიტი ჩემპიონ ლივერპულს 17 ქულით ჩამორჩა და ეს იყო პირველი ნიშანი იმისა, რომ 49 წლის კატალონიელი მწვრთნელის ბურთის ფლობა აღარ არის ისეთი წარმატებული, როგორც წლების წინ იყო. ტენდენცია ახალ სეზონშიც გაგრძელდა: 5 თამაშის შემდეგ მოპოვებული 8 ქულით სიტი პრემიერლიგაში მე-13 ადგილზეა. მართალია, პეპის გუნდს ერთი თამაშით ნაკლები აქვს, მაგრამ მაინც: ხუთიდან მხოლოდ 2 შეხვედრა მოიგო, ლესტერთან შერცხვა (2:5), ლიდსთან და ვესტ ჰემთან კი ფრეები ითამაშა. 

“უკვე 7 ქულა დავკარგეთ, რაც ძალიან ბევრია, - თქვა გვარდიოლამ და ისევ მეტოქის დაცვით ფეხბურთზე გაამახვილა ყურადღება, - მათ ბევრი ფეხბურთელი ჰყავდათ საკუთარ საჯარიმოში. მათი მცველები იმდენად ღრმად იდგნენ, რომ ძალიან რთული იყო სივრცეების პოვნა. თუმცა შანსები მაინც გვქონდა.”

'ბევრი ტრავმირებული გვყავს, ეს პრობლემაა. ფეხბურთელებს დასვენების დრო არ რჩებათ'

თუმცა ის ფაქტი, რომ გვარდიოლას გუნდების წინააღმდეგ თავს კომპაქტურად იცავენ, ახალი ამბავი არ არის. ადრეც ასე იყო და მაშინ პეპის გუნდები სივრცეების პოვნას ახერხებდნენ. პეპი ამბობს, რომ ახლა მისი ფეხბურთელები გადაღლილები არიან და ამიტომაც უჭირთ: “უკეთესი შედეგები მინდა, მაგრამ შექმნილი ვითარებაც უნდა გავაანალიზო. ბევრი ტრავმირებული გვყავს, ეს პრობლემაა. ფეხბურთელებს დასვენების დრო არ რჩებათ და მოსამზადებელი პერიოდიც არ იყო ისეთი, როგორიც საჭიროა. 

ვესტ ჰემთან ფრე იმასაც ნიშნავდა, რომ გვარდიოლამ თავის სამწვრთნელო კარიერაში სეზონი ყველაზე ცუდად დაიწყო. პეპს სხვა რაღაცების გამოც აკრიტიკებენ. ჩემპიონთა ლიგაში, პორტუსთან მოგებული (3:1) მატჩის შემდეგ მას პორტუგალიური კლუბის დამრიგებელმა სერჟიო კონსეისაომ შეუტია.

“თამაშის დროს პეპ გვარდიოლას ქცევა მეგობრული ნამდვილად არ იყომ,” - თქვა კონსეისაომ, - ჩვენს შორის კამათი მას შემდეგ დაიწყო, რაც ის ჩემს ფეხბურთელებს და მსაჯებს ცუდ რაღაცებს ეუბნებოდა. გვარდიოლა ჩვენს ქვეყანაზე, პორტუგალიაზე ლაპარაკობდა და ეს არ იყო მეგობრული სიტყვები. შესაბამისად, მეც იძულებული ვიყავი, რომ მეპასუხა!”

45 წლის პორტუგალიელი მიიჩნევს, რომ გვარდიოლამ მატჩის შედეგზე გავლენა იქონია და ტაქტიკურ გადაწყვეტილებებს ნამდვილად არ გულისხმობს: “პეპისგან უნდა ვისწავლო, როგორ მოვახდინო გავლენა მსაჯებზე. უნდა ვისწავლო, როგორ ელაპარაკება მეტოქე ფეხბურთელებს და მეტოქე გუნდის სათადარიგოთა სკამს.” - აღნიშნა კონსეისაომ ირონიულად.

მანჩესტერ სიტის პრემიერლიგაში მომდევნო მატჩი შეფილდ იუნაიტედთან სტუმრად უწევს. თუმცა მანამდე ჩემპიონთა ლიგის მეორე ტურია და გასვლითი მატჩი მარსელის ოლიმპიკთან. 'დეილი მეილი' წერს, რომ მანჩესტერ სიტის ხელმძღვანელებმა უკვე სერიოზულად დაიწყეს ფიქრი ლაიპციგის მწვრთნელ იულიან ნაგელსმანზე...

კომენტარები

ბოლო ამბები