Thumbnail

კვიპროსის ჩემპიონატის მე-8 ტურში ფამასგუტას ანორთოსისმა ნიქოზიის აპოელი 2:0 დაამარცხა და ერთი გოლი გიორგი ქვილითაიამ გაიტანა. მნიშვნელოვანი გამარჯვების მიუხედავად, არც ამ თამაშს ჩაუვლია ინციდენტის გარეშე.

მატჩის დასრულების შემდეგ თემურ ქეცბაიასა და თორნიკე ოქრიაშვილს შორის სიტყვიერი შელაპარაკება მოხდა. Larnakasports-ის ინფორმაციით, ქართველი მწვრთნელი თანამემამულეს იმის გამო გაუბრაზდა, რომ თამაშის მიმდინარეობისას მისი რამდენიმე დავალება და მითითება არ შეასრულა.

როგორც კადრებიდან ჩანს, თემური ძალიან გაბრაზებული იყო და მას ფეხბურთელები აკავებდნენ, მათ შორის, ბუბა დაუშვილი, რომელიც აქტიურად ცდილობდა ქეცბაიას დამშვიდებას. თამაშის შემდეგ ანორთოსისის თავკაცმა ამ საკითხზე კომენტარი არ გააკეთა და მხოლოდ თამაში შეაფასა.

თემურ ქეცბაია: "ძალიან კარგად ვითამაშეთ და ძლიერი მეტოქე დავამარცხეთ. ძალიან კარგი გუნდი ვართ, სასურველ შედეგს მივაღწიეთ და არაფერი მაწუხებს, ვაგრძელებთ მუშაობას".

შეგახსენებთ, რომ ანორთოსისს 7 მატჩი აქვს ჩატარებული, 16 ქულა დააგროვა და სატურნირო ცხრილში მხოლოდ ლიდერ ლიმასოლის აპოლონს ჩამორჩება (3 ქულით). თემურ ქეცბაიას გუნდი მომდევნო მატჩს 28 ოქტომბერს, სტუმრად ეთნიკოსის წინააღმდეგ გამართავს.

📺 გიორგი ქვილითაიას გოლი აპოელთან

კომენტარები

ბოლო ამბები