Thumbnail
  • ქართველების ანორთოსისმა აპოელი 2:0 დაამარცხა
  • ქვილითაიამ თავი გამოიჩინა, ოქრიაშვილი დაბრუნდა

კვიპროსის ჩემპიონატის მე-8 ტურში ფამაგუსტას ანორთოსისმა ნიქოზიის აპოელს უმასპინძლა და 2:0 მოიგო. თემურ ქეცბაიას გუნდიდან ერთი გოლი საქართველოს ნაკრების ფორვარდის გიორგი ქვილითაიას ანგარიშზეა.

მასპინძლები მე-9 წუთზე ხორვატმა მცველმა ბრანკო ვრგოჩმა დააწინაურა, ხოლო ქვილითაიამ საბოლოო ანგარიში 67-ე წუთზე დააფიქსირა. გიორგიმ ბურთი მეტოქის საჯარიმოსთან მიიღო, რამდენიმე მცველს გაექცა და საჯარიმოს მისადგომებიდან მეკარისგან მარჯვენა დაბალ კუთხეში ეფექტური გოლი გაიტანა. ქართველმა ფორვარდმა კვიპროსის ჩემპიონატში მეოთხედ ითამაშა და მე-2 გოლი მიითვალა, ერთხელ კი ევროპალიგაზე შვეიცარიულ ბაზელსაც გაუტანა.

ქვილითაიამ ანორთოსისის მაისურით მე-3 გოლი გაიტანა

ქეცბაიამ ქართველი ფეხბურთელები, გიორგი ლორია, ბუბა დაუშვილი, თორნიკე ოქრიაშვილი და ქვილითაია ძირითად შემადგენლობაში დააყენა და ყველა მათგანი მოედანზე 90 წუთი იყო. აღნიშვნის ღირსია ოქრიაშვილის დაბრუნება, რომელიც ჯერ კიდევ საქართველოს ნაკრების ყოფნის დროს დაშავდა და ჯერ - ჩრდილოეთ მაკედონიასთან სანაკრებო თამაში, შემდეგ კი, კლუბში ნეა სალამინასთან წინა ტურის მატჩი გამოტოვა.

ანორთოსისს 7 მატჩი აქვს ჩატარებული, 16 ქულა დააგროვა და სატურნირო ცხრილში მხოლოდ ლიდერ ლიმასოლის აპოლონს ჩამორჩება (3 ქულით). თემურ ქეცბაიას გუნდი მომდევნო მატჩს 28 ოქტომბერს, სტუმრად ეთნიკოსის წინააღმდეგ გამართავს.

📺 ვიდეო: გიორგი ქვილითაიას გოლი აპოელთან

კომენტარები

ბოლო ამბები